გასულ კვირას საკუთარი მეორე კვარტალის შედეგები არაერთმა ავტომწარმოებელმა გამოაქვეყნა. კვარტალური შედეგების გამოქვეყნების პერიოდი ყოველთვის დიდი და მნიშვნელოვანი სიახლეებით ხასიათდება. მოგეხსენებათ, აღნიშნული შედეგები სამომავლო გადაწყვეტილებებზე უდიდეს გავლენას ახდენს. ავტომწარმოებლების აქციათა ფასების მატება/კლების ტენდენციაც ხშირად სწორად დადებით ან უარყოფით კვარტალურ შედეგებზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ამ პერიოდს ინდუსტრიით დაინტერესებული ყველა ადამიანი დიდი ყურადღებით ელოდება. გარდა ამისა, გასულ კვირას ახალი ავტომობილიც არაერთმა დიდმა ავტომწარმოებელმა წარადგინა. Hyundai-ს, Tesla-ს, Mercedes-Benz-ის, Aston Martin-ის, Iveco-სა და Canoo-ს შესახებ გასული კვირის სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში გაეცნობით.
Hyundai-მ ახალი ელექტრომობილი Ioniq 6 წარადგინა
გასულ კვირას სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა სრულიად ახალი, დახვეწილი დიზაინის მქონე ელექტრომობილი, Ioniq 6 წარადგინა. აღნიშნული სედანი Ioniq-სერიის ყველაზე თანამედროვე ვერსიაა.
პირველი ფოტოსურათების გავრცელების შემდეგ, ავტომოყვარულთა ყურადღება Ioniq 6-ის ვიზუალმა მიიპყრო. ელექტრომობილის დიზაინი აეროდინამიკურობით გამოირჩევა, რაც მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. Ioniq 5 გაყიდვაში შარშან ჩაეშვა. Hyundai შეერთებულ შტატებში Tesla-ს შემდეგ ყველაზე მეტ ელექტრომობილს ყიდის.
კომპანიის განცხადებით, Ioniq 6-ის წარმოება სამხრეთკორეულ საწარმოებში მესამე კვარტალის ბოლოდან დაიწყება. შეერთებულ შტატებში კი მისი ყიდვა მომხმარებლებს მომდევნო წლის დასაწყისიდან შეეძლებათ. ჯერჯერობით ელექტრომობილის ღირებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
Hyundai-ს განცხადებით, ავტომობილი ერთი სრული დამუხტვით 610 კილომეტრის გავლას შეძლებს. Ioniq 6 აშშ-ში Hyundai-ის რიგით მესამე ელექტრომობილი იქნება. ამჟამად სამხრეთკორეული ავტომწარმოებელი შტატებში Kona და Ioniq 5 ელექტრომობილებს ყიდის. შეგახსენებთ, რომ ასევე სამხრეთკორეული Kia-ც Hyundai-ს მფლობელობაშია. თუმცა Kia აშშ-ში დამოუკიდებლად ოპერირებს.
როგორც ჩანს, ელექტროინდუსტრიაში ჰეგემონიისთვის ბრძოლაში სამხრეთკორეული ავტომწარმოებლებიც აქტიურად ჩაერთვნენ. Ford-თან, GM-თან, Tesla-სა და Volkswagen-თან რბოლას უკვე Hyundai-ც შეუერთდა.
„პანასონიკი“ ელექტრობატარეების $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს
ელექტრომანქანებზე გაზრდილი გლობალური მოთხოვნის ფონზე, Panasonic-ი ელექტრობატარეების წარმოებას აფართოებს, რისთვისაც ამერიკაში, შტატ კანზასში $4-მილიარდიან ქარხანას ააშენებს. მოსალოდნელია, რომ Panasonic-ის ახალი ქარხანა შტატში ოთხი ათას ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
„საავტომობილო ინდუსტრიის მზარდი ელექტრიფიკაციის ფონზე არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ელექტრობატარეების წარმოების გაფართოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა Panasonic Energy Co-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, კაძუო ტადანობუმ.
აღსანიშნავია, რომ ახალი ქარხნის გახსნის ადგილად ტექნოლოგიურ გიგანტს კანზასი შემთხვევით არ შეურჩევია – ცოტა ხნის წინ Panasonic-მა ფედერალური შეღავათების პროგრამაში მონაწილეობისთვის შტატის გუბერნატორს, ლორა კელის მიმართა და გასულ კვირას დასტური მიიღო. თუმცა ფედერალური შეღავათების გარდა, კანზასი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის საკმაოდ ახლოს მდებარეობს შტატ ტეხასის ქალაქ ოსტინში მდებარე Tesla-ს ქარხანასთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაიხსნა. კანზასის გარდა, ახალი ქარხნის ადგილად კომპანია შტატ ოკლაჰომასაც განიხილავდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ შტატ კანზასში ახალი ქარხნის აშენებით, იაპონური გიგანტი იმ ავტომწარმოებლებსა და ელექტრობატარეების მწარმოებლებს შეუერთდა, რომლებიც ამერიკაში ელექტრომობილების ბუმისთვის ემზადებიან. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში, შტატ კენტუკისა და ტენესიში საწარმოო ხაზისა და ელექტრობატარეების სამი ქარხნის აშენების შესახებ ამერიკულმა Ford-მა და სამხრეთკორეულმა SK Innovation-მა განაცხადეს – ამ პროექტის ჯამური ღირებულება $11.4 მილიარდს შეადგენს. ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამერიკაში ელექტრობატარეების ქარხნის აშენების შესახებ იაპონურმა Toyota Motor Corp-მაც განაცხადა.
ევროპაში 1996 წლის შემდეგ ავტომობილების გაყიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა
ევროპის საავტომობილო ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, ევროპაში ივნისში 1996 წლის შემდეგ ახალი ავტომობილების გაყიდვების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ივნისში ევროპაში გაყიდული ახალი ავტომობილების მაჩვენებელმა მხოლოდ 1.06 მილიონი ერთეული შეადგინა. ზოგი ავტომწარმოებლის განცხადებით, ევროპაში გაყიდვების მაჩვენებელი 50%-ითაა შემცირებული.
მსხვილ ავტომწარმოებლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული Volkswagen-ი გამოდგა. გასულ ივნისთან შედარებით, მისი გაყიდვები დაახლოებით 25%-ით შემცირდა. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით კი ყველაზე დიდი ვარდნა Stellantis-ის მიერ გაყიდული ახალი ავტომობილების მაჩვენებელშია. წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში ამ უკანასკნელმა 21%-ით ნაკლები ახალი ავტომობილის გაყიდვა შეძლო.
რაც შეეხება ნაკლებად მსხვილ ავტომწარმოებლებს, შვედური Volvo-ს გაყიდვები ივნისში 48%-ითაა შემცირებული, პირველი ექვსი თვის განმავლობაში კი – 28.5%-ით. 13.2%-იანი ვარდნა განიცადა გასულ თვეს Jaguar-ის გაყიდვებმა. პირველი ექვსი თვის განმავლობაში კი აღნიშნულმა ავტომწარმოებელმა ყველაზე დიდი, 34.7%-იანი ვარდნა აჩვენა.
ახალი ავტომობილების რეგისტრაციის მაჩვენებლის კლება ევროპის ოთხივე მთავარ ბაზარზე, ესპანეთში, იტალიაში, გერმანიასა და საფრანგეთში შეინიშნება. კლების მიზეზებს კი ინფლაცია, მიწოდების ჯაჭვის პრობლემები, კორონავირუსი და ნახევარგამტარების დეფიციტი წარმოადგენს.
Daimler Truck-ი ბრაზილიაში მერსედესის ელექტროავტობუსების აწყობას იწყებს
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, Daimler Truck-ი ნოემბრიდან ბრაზილიაში მერსედესის ელექტროავტობუსების აწყობას დაიწყებს. აღნიშნულის მიზეზი რეგიონში პროდუქტზე მნიშვნელოვნად გაზრდილი მოთხოვნაა.
კომპანიის გათვლებით, მხოლოდ ბრაზილიაში ელექტროავტობუსებზე მოთხოვნა 2024 წლისთვის 3000-მდე გაიზრდება. ბრენდის ავტობუსების გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორის განცხადებით, 2023 წელს მოთხოვნა 1000 ერთეული ელექტროავტობუსი იქნება. მომდევნო წელს კი მოთხოვნა სამჯერ გაიზრდება. შესაბამისად, კომპანია ამ ზრდას მზად უნდა დახვდეს.
ელექტროავტობუსების წარმოების შემდეგ ბრაზილიის რეგიონში უმსხვილეს ბაზარზე, Mercedes-ი კონკურენციას ჩინურ BYD-სა თუ სხვა ადგილობრივ იმპორტიორებს გაუწევს. საინტერესოა, რომ გერმანული ავტომწარმოებლის მიერ შექმნილი ელექტროავტობუსების უმეტესობას სან-პაულუ შეიძენს. ქალაქი 2024 წლისთვის 2 600 ელექტროავტობუსის ფლობას გეგმავს.
Mercedes-მა პროექტის წარმატებისათვის 18.62 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. შედეგად კი გერმანულმა ავტომწარმოებელმა 84-ადგილიანი ელექტროავტობუსი EO500U შექმნა, რომელიც ერთი სრული დამუხტვით 250 კილომეტრის გავლას შეძლებს.
Daimler-ის წარმოებული ელექტროავტობუსი ორი ელექტროძრავით იქნება აღჭურვილი და სრულად დასამუხტად მას 2.5-3 საათი დასჭირდება. Daimler-ს ელექტროავტობუსის ღირებულების შესახებ დეტალები ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. თუმცა, სფეროს ექსპერტების მოსაზრებით, ის დიზელისძრავიან ავტობუსებზე 3-3.5-ჯერ უფრო ძვირი იქნება.
საუდის არაბეთის სიმდიდრის ფონდი Aston Martin-ის მეორე ყველაზე დიდი აქციონერი გახდა
საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი (PIF) ბრიტანული ავტომწარმოებლის, Aston Martin-ის მეორე ყველაზე დიდი აქციონერი გახდა. მან კომპანიის თითქმის 17%-იანი წილი შეიძინა, რის შემდეგაც Aston Martin-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 20%-ით გაიზარდა.
საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდის მიერ კომპანიაში განთავსებული 78 მილიონი გირვანქა სტერლინგის მოცულობის ინვესტიცია ბრენდს ფინანსური ვალდებულებების შემცირებასა და ახალი მოდელების წარდგენაში დაეხმარება.
PIF, ამიერიდან, კომპანიის 16.7%-ის მფლობელია და Aston Martin-ის სამეთვალყურეო საბჭოში ორი ადგილის დაკავება შეუძლია. სუვერენული სიმდიდრის ფონდი გარდა Aston Martin-ისა, ელექტრომობილების მწარმოებელი Lucid Motors-ისა და ასევე ბრიტანული სუპერქარების მწარმოებელი McLaren-ის აქციონერიცაა.
Aston Martin-ისთვის საუდის არაბეთის ფონდის მიერ განხორციელებული ინვესტიცია გრძელვადიანი გეგმების შესრულების გარანტიაა. შეგახსენებთ, მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა გაკოტრება ისტორიაში რამდენჯერმე გამოაცხადა.
ბრიტანული ბრენდის ყველაზე დიდი წილის მფლობელი მისი აღმასრულებელი თავმჯდომარის, ლოურენს სტროლის კომპანია Yew Tree გახლავთ, რომელიც Aston Martin-ის 18.3%-ს ფლობს. კომპანიის მესამე ყველაზე დიდი აქციონერი კი 9.7%-იანი წილით Mercedes-Benz AG იქნება.
სატვირთოებისა და ავტობუსების მწარმოებელი IVECO რუსეთის ბაზარს ტოვებს
კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სატვირთოებისა და ავტობუსების მწარმოებელი IVECO რუსეთის ბაზარს ტოვებს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებაზე კომპანია რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მოყოლებული მსჯელობდა.
ცნობისათვის, Iveco ადგილობრივ პარტნიორთან ერთად AMT Truck-ის 33%-ს ფლობდა. თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ერთობლივ კომპანიაში საკუთარ წილს გაყიდის.
AMT Truck-ი რუსეთის ბაზარზე 1994 წლიდან გამოჩნდა და ყოველწლიურად დაახლოებით 700 სატვირთოს აწარმოებდა. Iveco-ს საკუთარი წილების ადგილობრივი პარტნიორისათვის მიყიდვის შესახებ ფინანსური დეტალები არ გაუმჟღავნებია. აღნიშნული გადაწყვეტილებით Iveco იმ ავტომწარმოებლების ვრცელ სიას შეუერთდა, რომელთაც 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ რუსული ბაზარი დატოვეს.
ცნობისათვის, Iveco იტალიური ჰოლდინგის, Exor-ის მიერ კონტროლირებადი ავტომწარმოებელია. კომპანია რუსეთის ბაზრის დატოვების შემდეგ ყურადღების გამახვილებას ევროპულ ბაზარზე გეგმავს.
Walmart-ი მიწოდების სერვისის ელექტრიფიკაციას Canoo-სთან თანამშრომლობით გეგმავს
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Walmart-მა საკუთარი ავტოპარკის ელექტრიფიკაციისათვის შეთანხმება Canoo-სთან გააფორმა. შეთანხმების თანახმად, Walmart-ი ავტომწარმოებლისაგან 4500 ელექტრომობილს შეიძენს.
შეთანხმება, რომლის ფინანსური დეტალების შესახებაც ჯერჯერობით არაფერი ვიცით, Walmart-ს დამატებით 10 000 ელექტრომობილის შეძენის შესაძლებლობასაც აძლევს. ამერიკული კომპანიის მიზანი საკუთარი მიწოდების სერვისისათვის განკუთვნილი ავტოპარკის სრული ელექტრიფიკაციაა. Walmart-ი 2040 წლისათვის ნულოვანი გამონაბოლქვის მიღწევას ისახავს მიზნად.
შეგახსენებთ, რომ Walmart-ი ერთადერთი ამერიკული ქსელი არ გახლავთ, რომელმაც მიწოდების სერვისისათვის ელექტრომობილები შეიძინა. მსგავსი გადაწყვეტილება FedEx-მა, Amazon-მა და სხვა კომპანიებმაც მიიღეს.
Canoo-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია Walmart-ისათვის განკუთვნილი ელექტრომობილების წარმოებას 2022 წლის მეოთხე კვარტალიდან დაიწყებს.