გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, ავტომწარმოებლებიც განსაკუთრებით გააქტიურდნენ. წლის წარმატებით დასრულება მათთვისაც უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. სწორედ ამიტომ ეს პერიოდი, როგორც წესი, ახალი ავტომობილების წარდგენასა და მომავალი წლის გეგმების გაცნობას ეთმობა ხოლმე. გამონაკლისი არც წლევანდელი ნოემბერია. თუმცა წლის მიწურულს ყველა მწარმოებელი თანაბრად წარმატებული არ არის. Ford-ის, ჩინური BYD-ის, ვიეტნამური Vinfast-ის, Mazda-სა და Tesla-ს წარმატებული თუ წარუმატებელი წლის დასასრულის შესახებ სიახლეებს Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო მიმოხილვაში გაეცნობით.

ხანძრის გაჩენის რისკის გამო Ford-ი 634,000 ავტომობილს უკან იწვევს

გასულ კვირას ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, Ford Motor-ი ხანძრის გაჩენის მაღალი რისკის გამო მსოფლიო მასშტაბით 634,000 ერთეულ ავტომობილს უკან გაიხმობს. გაყიდვებით მეორე ყველაზე დიდი ამერიკული ავტომწარმოებლის განმარტებით, კომპანია 2020-2023 წლების Ford Bronco Sport და Escape მოდელებს უკან გაიწვევს. საუბარია 3-ცილინდრიანი 1.5 ლიტრის მოცულობის ძრავების მქონე მოდელებზე. მიზეზი კი საწვავის ინჟექტორის დაზიანება და ხანძრის გაჩენის მაღალი ალბათობაა. Ford Motor-ი ავტომობილების მფლობელებს მანქანების შემოწმებისაკენ დაჟინებით მოუწოდებს.

REUTERS/Wolfgang Rattay/File Photo

ცნობისათვის, Ford-ი უკან იმ მოდელებსაც გამოიხმობს, რომლებიც აპრილში უკვე გაიწვია და შეაკეთა. აპრილში აღმოჩენილი პრობლემა ძრავის ზეთის განმაცალკევებელს ეხებოდა, რომლის დაზიანებისა და ძრავაში ხანძრის გაჩენის მაღალი ალბათობა არსებობდა. აშშ-ის საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, Ford-ი აღნიშნულ ავტომობილებს ამჯერადაც შეაკეთებს.

კომპანიის განცხადებით, შესაბამისი მზაობისთანავე, ავტოდილერები სისტემაში პროგრამულ განახლებას ჩაუშვებენ, რომელიც საწვავის ინჟექტორის დაზიანების ხარისხს დაადგენს და მძღოლს ეკრანზე გამაფრთხილებელ შეტყობინებას მიაწოდებს.

საინტერესოა, რომ უკან გაწვეული ავტომობილების უმეტესობა, 520,000 ერთეული, აშშ-შია რეგისტრირებული, 114,000 ერთეული კი ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ, სხვა კონტინენტებზე.

ჩინური ავტომწარმოებელი BYD-ი რამდენიმე EV-მოდელის ფასს ზრდის

ამ დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური ავტომწარმოებელი BYD-ი საკუთარი საწარმოო ხაზის სამი ელექტრომობილის ფასს გაზრდის. კომპანიის განცხადებით, ავტომობილების ფასები 279-დან 840 დოლარამდე შუალედით გაიზრდება. ამის მიზეზი კი საწარმოო მასალებისა და ელექტრომობილების ელემენტების გაძვირება და სამთავრობო სუბსიდიების ვადის გასვლაა.

REUTERS/Stephane Mahe

BYD-ის განმარტებით, ელექტრომობილებსა და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებზე სახელმწიფო სუბსიდიას ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს გასდის. შესაბამისად, კომპანია ავტომობილებზე ფასების გაზრდით დანაკარგის კომპენსირებას გეგმავს.

ცნობისათვის, BYD-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური ავტომწარმოებელია, რომელიც ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე კონცენტრირდება. ჩინეთი ყველაზე დიდი საავტომობილო ბაზარია, შესაბამისად, ადგილობრივ მწარმოებლებს აქ სხვებთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვთ.

ვიეტნამური VinFast-ი ამერიკელ მომხმარებლებს პირველ ელექტრომობილებს მიაწვდის

ვიეტნამური ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანიამ ჩრდილოეთ ამერიკისათვის განკუთვნილი ელექტრომობილების პირველი პარტია უკვე გაგზავნა. 999 ერთეული ავტომობილი აღნიშნულ კონტინენტზე მცხოვრები მომხმარებლებისაკენ 5-წლიანი მუშაობის შემდეგ მიემართება. კომპანიის ოფიციალური პირების განმარტებით, რიცხვი 999 მიზანმიმართულად შეირჩა – ვიეტნამში 999 იღბლიან რიცხვად მიიჩნევა.

REUTERS/Nguyen Ha Minh

კომპანიის განცხადებით, მომხმარებლებს პირველი ავტომობილები უკვე დეკემბრიდან მიეწოდებათ. VinFast-ის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ბრენდის VF 8 ელექტრო-SUV-ების გარკვეული ნაწილი ამერიკულ კომპანია Autonomy-სთან იგზავნება. თუმცა მათი უმეტესობა კერძო პირებთან მიემართება.

მისივე განცხადებით, VinFast-ი ავტომობილების მეორე პარტიას პირველ საექსპორტო ბაზარზე, აშშ-ში, იანვარში გაგზავნის. ცნობისათვის, კომპანია აშშ-ში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ავტოსაწარმოს აშენებასაც გეგმავს. ამჟამად კი კომპანია ამ საწარმოსთან დაკავშირებით მარეგულირებლების ნებართვების მიღების პროცესშია.

VinFast-ის მონაცემებით, კომპანიას ამჟამად გლობალურად 65,000 წინასწარი ჯავშანი აქვს მიღებული. 2026 წლისთვის კი ვიეტნამური ავტომწარმოებელი ყოველწლიურად 750,000 ერთეული მანქანის გაყიდვას გეგმავს. თუმცა ამ ნიშნულის მისაღწევად ვიეტნამელებს არაერთ მსხვილ ავტომწარმოებელთან მოუწევთ კონკურენციაში შესვლა. მიუხედავად ამისა, შესაბამისი ნიშის დაჭერის შემთხვევაში, კომპანიას დასახული მიზნის მიღწევა შეეძლება.

VinFast-ის მფლობელი კომპანიის, VinGroup-ის აქციათა ფასები პარასკევს, აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ, 5.41%-ით გაიზარდა.

Mazda, 2030 წლისთვის, ელექტრომობილებში $10.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

იაპონური ავტომწარმოებელი Mazda 2030 წლისთვის ელექტრომობილებზე გადასვლის დასაჩქარებლად $10.6 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. მიღებული გადაწყვეტილებით, კომპანია მის კონკურენტ ავტომწარმოებლებს შეუერთდება, რომლებიც უკანასკნელ პერიოდში განსაკუთრებით აქტიურად ცდილობენ ელექტრომობილების ხაზის განვითარებას.

REUTERS/Andrew Cullen

როგორც ცნობილია, იაპონური Mazda ჩინური კომპანიის საკუთრებაში არსებულ ავტობატარეების ერთ-ერთ უმსხვილეს მწარმოებელთან, Envision AESC-თან გაერთიანდა. ავტომწარმოებლის გეგმებში იაპონიაში მდებარე Mazda-ს ქარხნების ბატარეებით უზრუნველყოფა და ელექტრომობილების წარმოების ზრდა შედის.

ცნობისთვის, ბატარეები ელექტრომობილების წარმოების ხარჯების დაახლოებით 30%-ს შეადგენს, რის გამოც ბევრი ავტომწარმოებელი, მათ შორის Toyota Motor-იც, EV-ბატარეების განვითარებაში ინვესტიციებს მუდმივად ზრდის.

სავარაუდოდ, Mazda, რომელიც გარე შესყიდვების საშუალებით ფიქსირებული ხარჯის შემცირებას ცდილობს, 2030 წლისთვის ბატარეების შესყიდვაზე დამატებით რამდენიმე ასეულ მილიარდ იენს დახარჯავს. ბატარეების გარდა, ავტომწარმოებელი ნახევარგამტარებზე თანამშრომლობას იაპონური ელექტრონიკის ჯგუფ ROHM-თან გეგმავს. Mazda ელექტრომობილებს ჰიროშიმას პრეფექტურაში, კომპანიის მთავარ ქარხანაში აწარმოებს, საიდანაც შემდგომ ექსპორტზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში გააქვს. ავტომწარმოებლის პროგნოზით, 2030 წლისთვის ელექტრომობილები Mazda-ს მთლიან წარმოებაში 30%-დან 40%-მდე წილს მოიპოვებენ.

Mazda-ს გარდა ელექტრომობილების წარმოების გაფართოებაზე მსოფლიოს უკვე თითქმის ყველა ავტომწარმოებელი მუშაობს. მაგალითად, Toyota, ელექტრომობილებსა და ბატარეებში, 2022 წლიდან 2030 წლამდე 4 ტრილიონი იენის ($28 მილიარდი) ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო Honda 2030 წლისთვის ელექტრიფიკაციასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე 5 ტრილიონ იენს ($35 მილიარდი) დახარჯავს.

Aehra 2025 წლიდან 800 ცხენის ძალის მქონე სუპერქარის წარმოებას დაიწყებს

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკულ-იტალიური ელექტრომობილების სტარტაპი, Aehra 160,000 ევროს ღირებულების სუპერქარის წარმოების დაწყებას გეგმავს. ულტრაპრემიუმ-სეგმენტის ელექტრომობილის წარმოება 2025 წლიდან დაიწყება.

Autocar.co.uk

აღნიშნული ავტომობილი Aehra-ს რიგით მეორე მოდელი იქნება. მწარმოებლის პირველი მოდელი ასევე მდიდრული SUV-ი გახლავთ, რომლის ღირებულებაც 180,000 ევროს შეადგენს. ახალ სუპერქარს 800 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება და კონკურენციას ისეთ ავტომობილებს გაუწევს, როგორიცაა Mercedes-Benz EQS-ი, Porsche Taycan-ი და სხვა.

კონცეფციისა და ფუტურისტული დიზაინის გარდა, ავტომობილის შესახებ დამატებით ცნობილი არაფერია. ავტომოყვარულებმა ახალი მოდელის სახელიც კი არ იციან. თუმცა, დიზაინერების განცხადებით, ავტომობილი თანამედროვე სტანდარტებს შეცვლის და მრავალ სიახლეს შემოგვთავაზებს.

საინტერესოა, რომ ახალი ავტომობილისათვის ნაწილებისა და კომპონენტების 70%-ს კომპანიის ძველი მოდელიდან გამოიყენებენ. ამით Aehra საწარმოო ხარჯებსა და დროს შეამცირებს. მოსალოდნელია, რომ ავტომობილს ელექტროძრავაც იგივე ექნება. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ Aehra-ს ახალი სუპერქარი ერთი სრული დამუხტვით 800 კილომეტრს გაივლის. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო დროს Aehra-ს მსგავსი ნაკლებად ცნობილი ელექტრომობილების სტარტაპები სულ უფრო დიდ ყურადღებას იქცევენ და მომხმარებლებსაც დიდ სიურპრიზებს ჰპირდებიან.

Tesla-მ 30,000 ერთეული Model X-ი უკან გაიწვია

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Tesla-მ, 30,000-მდე ერთეული Model X-ი ადგილობრივ ბაზარზე უკან გაიწვია. კომპანიის ინფორმაციით, მიზეზი აირბაგებში დაფიქსირებული ხარვეზია, რამაც შესაძლოა, მგზავრის მხარეს განთავსებული აირბაგი შემთხვევით გახსნას. აღნიშნული სიახლის გავრცელების შემდეგ კომპანიის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე 3%-ით შემცირდა.

REUTERS/Evgenia Novozhenina/File Photo

ამერიკული მარეგულირებელი ორგანოსადმი წარდგენილ დოკუმენტაციაში Tesla ხსნის, რომ დაბალ სიჩქარეზე შეჯახების შემთხვევაში მგზავრის მხარეს განთავსებული აირბაგის გახსნის საშიშროება არსებობს, რაც მგზავრის დაშავების რისკებს ზრდის. შესაბამისად, კომპანიას 30,000 ერთეული ელექტრომობილის უკან გამოხმობა მოუწევს.

Tesla-ს ინფორმაციით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებული დაშავების, ავტოსაგზაო შემთხვევის ან ფატალური შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიუღია. კომპანიის განმარტებით, პრობლემა პროგრამული განახლების ჩაშვებით მოგვარდება.

შეგახსენებთ, რომ Tesla-ს პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობის გამო ავტომობილების უკან გაწვევა უკვე არაერთხელ მოუხდა.