გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

წლის დასასრულის მოახლოებასთან ერთად, სვლა საავტომობილო ინდუსტრიამაც შეანელა. ტექნოლოგიური სიახლეებითა და ბიზნესოპერაციებით აღსავსე წლის მიწურულს ავტოინდუსტრიაშიც სადღესასწაულო განწყობაა. მიუხედავად ამისა, წლის ბოლოსათვის სასიამოვნო სიახლეები არაერთმა მსხვილმა თუ ნაკლებად ცნობილმა ავტომწარმოებელმა მოიტოვა. თუმცა წლის დასრულება ყველა ავტომწარმოებელს სასიამოვნო სიახლეებით არ უწევს. Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ საავტომობილო მიმოხილვაში მიმდინარე წლის უკანასკნელ სიახლეებს გაეცნობით. 2022 წლის ბოლო მიმოხილვაში სიახლეებს ისეთი ავტომწარმოებლების შესახებ წაიკითხავთ, როგორიცაა: GM-ი, Porsche, Tesla და Lucid-ი.

ხანძრის გაჩენის რისკების გამო GM-მა 140,000 Chevrolet Bolt-ი უკან გაიწვია

გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, General Motors-ი ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 140,000 ერთეულ Chevrolet Bolt-ს უკან გამოიხმობს. ავტომწარმოებლის განმარტებით, მიზეზი ხანძრის გაჩენის მაღალი რისკებია. კომპანიის ინფორმაციით, გაწვევა 2017-დან 2023 წლამდე წარმოებულ მოდელებს შეეხება.

REUTERS/Rebecca Cook

როგორც ჩანს, გარკვეულ მოდელებში წინა მგზავრის სავარძლის ღვედის შესაკრავი საავარიო სიტუაციის შემდეგ გარკვეულ აირებს გამოყოფს, რომლებმაც შესაძლოა, სალონის ხალიჩებს ცეცხლი გაუჩინოს.

შეგახსენებთ, რომ Chevrolet Bolt-ი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად უკან გაწვევადი ავტომობილია. გასული წლების განმავლობაში GM-ს ამ მოდელის თითქმის ყველა ეგზემპლარი უკან აქვს გამოხმობილი განსხვავებული მიზეზებით.

Porsche ჩილეში სინთეტიკური საწვავის წარმოებას იწყებს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Porsche-მ ჩილეში სინთეტიკური საწვავების წარმოება დაიწყო.  ამ ეტაპზე  ყოველწლიურად 130,000 ლიტრი საწვავის წარმოებაა დაგეგმილი.

autocar.co.uk

ცნობისათვის, საუბარია საწვავზე, რომელსაც CO2-ის გამონაბოლქვი თითქმის არა აქვს და ამჟამად არსებული შიდაწვის ძრავებისთვის გამოსადეგია. თუმცა Porsche აღნიშნულ საწვავს მხოლოდ კონკრეტული საჭიროებებისათვის, მაგალითად, Mobil 1 Supercup-ის სარბოლო ავტომობილებისათვის გამოიყენებს.

მოგვიანებით, 2025 წლისთვის, ყოველწლიური წარმოების მაჩვენებლის 55 მილიონ ლიტრამდე გაზრდა იგეგმება.

საინტერესოა, რომ გერმანული Porsche-ს სტრატეგია მხოლოდ ელექტრიფიკაცია არ გახლავთ. მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად ჰიბრიდული, Panamera-სა და Cayenne-ის, და ელექტრო, Taycan-ისა და Macan-ის მოდელების განვითარებაზეა კონცენტრირებული, სინთეტიკური საწვავის ტექნოლოგიის განვითარებაზეც დიდ ყურადღებას ამახვილებს. Porsche-ს მიზანი არსებული ავტოპარკისათვის გამონაბოლქვის შემცირებაც გახლავთ.

ახლო მომავალში სინთეტიკური საწვავის გამოყენებას Volkswagen-ი და Bentley-ც აპირებენ.

ისრაელში დაფუძნებულმა სტარტაპმა პერსონალური მფრინავი მანქანა გზებზე გამოცადა

ისრაელში დაფუძნებულმა სტარტაპმა, რომელიც პერსონალური მფრინავი მანქანების განვითარებაზე მუშაობს, საკუთარი პირველი პროტოტიპის სატესტო ფრენა ჩაატარა. უპილოტო სატესტო ფრენა წარმატებული აღმოჩნდა.

სტარტაპი მოკლე მანძილზე გამოყენებისათვის, ორადგილიანი საფრენი აპარატის შექმნაზე მუშაობს, რომელსაც საცობებისათვის თავის არიდება მარტივად შეეძლება. მწარმოებლების განცხადებით, პირველი ფრენის წარმატებით დასრულების შემდეგ, სატრანსპორტო საშუალება ბაზრებზე ორი წლის შემდეგ გამოჩნდება.

REUTERS/Amir Cohen

სტარტაპის ხელმძღვანელების ინფორმაციით, ამგვარ წარმატებას ვერ მიაღწევდნენ, რომ არა დრონების ტექნოლოგიაში წლების განმავლობაში მიღწეული პროგრესი. ისრაელში დაფუძნებული სტარტაპის, AIR-ის საფრენ აპარატს ერთი სრული დამუხტვით 160 კილომეტრამდე მანძილზე ორი მგზავრის გადაყვანა შეეძლება.

თუმცა მფრინავი ავტომობილის საწარმოო ეტაპზე გადასვლამდე, სტარტაპს კიდევ მრავალი წინაღობისა და წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევს. კომპანიის მესვეურების განმარტებით, ტესტირების შემდეგი ეტაპი უკვე მგზავრთან ერთად სიტუაციების გამოცდას გულისხმობს.

წინასწარი პროგნოზით, AIR-ის საფრენი აპარატი ბაზარზე 2024 წლისთვის გამოჩნდება და მისი ღირებულება 150,000 აშშ დოლარი იქნება. მფრინავ მანქანას 160 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება და 366 მეტრ სიმაღლეზე იფრენს. საინტერესოა, რომ AIR-ის ტექნოლოგია ინდუსტრიაში ერთ-ერთ პირველ მიღწევას წარმოადგენს და მას განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს.

EV-ების მწარმოებელმა Lucid-მა ინვესტორებისაგან დამატებით 1.5 მლრდ დოლარი მოიზიდა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა, Lucid Group-მა 1.5-მილიარდდოლარიანი დამატებითი ინვესტიცია მოიზიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ავტომწარმოებელმა გასულ კვირას გაავრცელა.

Andrew Kelly | Reuters

აღნიშნული ინვესტიციის უმეტესობა მის ყველაზე მსხვილ ინვესტორთან, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდთან აფილირებულ კერძო პირს ეკუთვნის. $600 მილიონის მოცულობის ინვესტიცია კი 56 მილიონი აქციის გაყიდვით მიიღო.

ცნობისთვის, საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდი Lucid-ის 62%-ს ფლობს. უდიდესი არაბული ქვეყნის საინვესტიციო ფონდს Lucid-ისათვის ასობით ელექტრომობილი აქვს შეკვეთილი. ავტომწარმოებელმა კი აღნიშნული ელექტრომობილების ახლო აღმოსავლეთში მიწოდება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა უზრუნველყოს.

შეგახსენებთ, Lucid Motor-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილების მწარმოებელია. მისი მოდელები კონკურენციას Tesla-ს ელექტრომობილებს უწევს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ Lucid-ის ელექტრომობილები უფრო პრემიულ საფასო კატეგორიაში გადის და მდიდრულ მოდელებად მიიჩნევა.

Tesla-მ ჩინეთში, შანხაის ქარხანაში წარმოება შეაჩერა

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკულმა ავტომწარმოებელმა Tesla-მ ჩინეთში, შანხაის ქარხანაში წარმოება დროებით შეაჩერა. თუმცა საინტერესოა, რომ მიზეზი არა მიწოდების ჯაჭვის პრობლემები, კოვიდი ან ნახევარგამტარების დეფიციტი, არამედ უცნობი გარემოებაა.

REUTERS/Aly Song

როგორც ირკვევა, დილის ცვლაზე მისულ თანამშრომლებს ხელმძღვანელობამ მოულოდნელად შეატყობინა, რომ საშობაო არდადეგების დაწყება უკვე შეეძლოთ. კომპანიას ამასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.

ამერიკული გამოცემა Reuters-ის მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაციით, Tesla 25 დეკემბრიდან 1 იანვრამდე შანხაის ქარხანაში Model Y-ის წარმოების შეჩერებას გეგმავდა. შესაბამისად, შესაძლოა ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს.

შანხაის ქარხანა Tesla-სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საწარმოა. გასულ წელს ქარხანა დეკემბრის ბოლო კვირაშიც ჩვეული ტემპებით მუშაობდა. სწორედ ამ ქარხანაში იწყობა საექსპორტოდ განკუთვნილი ელექტრომობილები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი Model Y-ია, რომელიც ყველაზე გაყიდვადი Tesla გახლავთ. ქარხნის საშობაოდ დახურვის დანერგილი პრაქტიკა Tesla-ს არ გააჩნია. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიზეზი თანამშრომლებისათვის დასვენების დღეების გაზრდა იყოს.

Bugatti-მ ერთ-ერთი უკანასკნელი შიდაწვისძრავიანი, უნიკალური Chiron Profilee Sotheby’s-ის აუქციონზე გასაყიდად გაიტანა

მდიდრული ავტომობილების მწარმოებელმა, Bugatti-მ საკუთარი ერთ-ერთი უკანასკნელი შიდაწვისძრავიანი ავტომობილი Chiron Profilee Sotheby-ის სააუქციონო სახლში გასაყიდად გაიტანა. აუქციონი 2023 წლის 1-ელ თებერვალს გაიმართება და მანქანის ფასი რამდენიმე მილიონი აშშ დოლარი იქნება. Bugatti-ს ინფორმაციით, აღნიშნული ავტომობილის გაყიდვა არასდროს განუზრახავთ.

Bugatti Rimac

ცნობისთვის, საუბარია Bugatti-ს მიერ წარმოებული 500 ერთეული Chiron-დან ერთ-ერთზე. თუმცა, განსხვავებით დანარჩენი 499 მოდელისაგან, ეს ეგზემპლარი უნიკალური გახლავთ. Bugatti Chiron Profilee-ს უფრო დიდი ცხაურა და განსხვავებული დიზაინი აქვს. გარდა ამისა, განსხვავებულია გადაცემათა კოლოფიც. Bugatti Chiron Profilee-ს ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მოდელი Chiron-ი გახლავთ. ავტომობილს 0-დან 100-მდე აჩქარება 2.3 წამში შეუძლია. მანქანას 16-ცილინდრიანი ძრავა აქვს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მოდელად აქცევს.