გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

წლის დაწყებასთან ერთად, ავტოინდუსტრიაც ჩვეული ტემპებით „დაიქოქა“. მწარმოებლები ალბათ კვირების განმავლობაში საგულდაგულოდ ინახავდნენ იმ სიახლეებს, რომელთა შესახებაც მომხმარებლებისათვის წლის დასაწყისში უნდა მოეყოლათ. სწორედ ამიტომ, საკუთარი გეგმების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას თითქმის ყველა მსხვილმა ავტომწარმოებელმა გაავრცელა. Forbes Georgia-ს წლის პირველ საავტომობილო მიმოხილვაში სიახლეებს Zeekr-ის, Tesla-ს, Volvo-ს, Hyundai-ს, Mercedes-ის, GM-ის, Toyota-ს, BMW-სა და Honda-ს შესახებ გაეცნობით.

ჩინური Geely-ს ელექტრომობილების ბრენდი Zeekr-ი 2023 წელს გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს

გასულ კვირას კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრომობილების ჩინური ბრენდი Zeekr-ი 2023 წელს ავტომობილების გაყიდვების გაორმაგებას გეგმავს. ენდი ენის განცხადებით, კომპანია 2023 წელს 140,000 ელექტრომობილის გაყიდვასა და ბიზნესის ევროპის ბაზარზე გაფართოებას განიზრახავს.

REUTERS/Carlos Barria

შეგახსენებთ, რომ Zeekr-ი ჩინური ავტომწარმოებლის, Geely-ს ელექტრომობილების ბრენდია. კომპანიამ 2022 წელს მთლიანობაში 72,000 ელექტრომობილი გაყიდა, მათი უმეტესობა კი – ჩინეთში. მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე, ჩინეთში, Zeekr-ის $43,000-იანი მოდელი, 001, კონკურენციას Tesla-ს Model Y-ს უწევს.

თავის მხრივ, ამერიკულ Tesla-ს ჩინეთის ბაზარზე სულ უფრო მეტი კონკურენტი უჩნდება. დაბალბიუჯეტიან კონკურენტებთან ბრძოლა კი ავტომობილების ფასის შემცირების გარეშე სულ უფრო რთული ხდება. დეკემბერში Tesla-ს გაყიდვები ხუთი თვის უმცირეს ნიშნულამდე დაეცა.

Zeekr-ი კი წელს გაფართოებით იწყებს. ავტომწარმოებლის მეორე მოდელი, 009 წარმოების ეტაპზე იანვრის ბოლოდან გადადის. თუმცა  მწარმოებელი ბიზნესს ევროპაშიც გააფართოებს. მიუხედავად ამბიციური გეგმებისა, კომპანიის მესვეურების განმარტებით, Zeekr-ი ამერიკულ ბაზარზე შესვლას ჯერჯერობით არ გეგმავს.

წინა კვარტალში Tesla-მ მომხმარებლებს რეკორდული რაოდენობის ავტომობილი მიაწოდა

გასული წლის მეოთხე კვარტალში მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ მომხმარებლებს 405 ათასზე მეტი ავტომობილი მიაწოდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ Tesla-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.

Sean Gallup | Getty Images News | Getty Images

საინტერესოა, რომ მიწოდების ეს მაჩვენებელი, რომელიც 2021 წლის ამავე პერიოდში დაფიქსირებულ მაჩვენებელს 47%-ით აღემატება, წინასწარ ნავარაუდებ მონაცემზე ნაკლებია – თავის დროზე, Tesla 418 ათასი ავტომობილის მიწოდებას გეგმავდა. საერთო ჯამში, გასულ წელს, Tesla-მ 1.36 მილიონი ერთეულის წარმოება შეძლო, რომელთაგან 1.31 მილიონი მომხმარებელს მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ გასული წელი Tesla-სთვის ფინანსურად არცთუ ისე კარგი აღმოჩნდა – ერთი წლის ჭრილში, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 69%-ით შემცირდა. დღეს Tesla-ს ერთი აქცია $123 ღირს – შედარებისთვის, ერთი წლის წინ ფასი $342 იყო, ხოლო პიკისას Tesla-ს ერთი აქცია $381 ღირდა.

დეკემბერში Volvo-ს გაყიდვები გაიზარდა, თუმცა 2022 წლის გეგმების შესრულება კომპანიამ ვერ შეძლო

გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, შვედური ავტომწარმოებლის, Volvo-ს ავტომობილების გაყიდვები დეკემბერში გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთში არსებული კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვებისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გამო, წლიური გეგმების შესრულება ვერ მოხერხდა.

REUTERS/Gustavo Graf

შეგახსენებთ, რომ Volvo Cars-ის წილის უმეტეს ნაწილს ზემოთ აღნიშნული ჩინური ჰოლდინგი Geely ფლობს. Volvo-ს განმარტებით, დეკემბერში გაყიდვები 2021 წლის დეკემბერთან შედარებით 13%-ით გაიზარდა და 72,663 ერთეული შეადგინა. თუმცა მთლიანობაში 2022 წელს გაყიდვები 12%-ით დაეცა და 615,121 ერთეული ავტომობილი შეადგინა.

საინტერესოა, რომ დეკემბერში კომპანიის მიერ ჯამურად გაყიდული ავტომობილების 20%-ს ელექტრომობილები შეადგენდნენ. რაც შეეხება ჰიბრიდულ მოდელებს, მათ გაყიდვების 44% შეადგინეს.

Hyundai და Kia წელს რეკორდული რაოდენობის ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ

სამხრეთკორეული ავტომწარმოებლები, Hyundai და Kia მიმდინარე წელს საერთო ჯამში 7.52 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავენ, რაც 10%-ით მეტია 2022 წლის მონაცემებთან შედარებით და რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს.

REUTERS/Kim Hong-Ji

უფრო კონკრეტულად, Hyundai წელს 4 მილიონ 320 ათასი ერთეული ავტომობილის წარმოებას გეგმავს, Kia კი – 3 მილიონ 200 ათასის.

2022 წელს კორეულმა კომპანიებმა 6.85 მილიონი ერთეული ავტომობილის წარმოება შეძლეს, რაც 4%-ით ნაკლები იყო სამიზნე მაჩვენებელზე. გასულ წელს დაფიქსირებული არასახარბიელო შედეგები პირდაპირ კავშირში იყო აზიის მასშტაბით დაწესებულ კოვიდრეგულაციებთან და ნახევარგამტარების დეფიციტთან.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში Hyndai-სა და Kia-ს ზრდის ყველაზე მკვეთრი დინამიკა აქვთ, მათ მიერ წარმოებული ავტომობილები სულ უფრო აქტიურად იკავებენ საშუალო და დაბალფასიანი ბაზრის წილს.

ზემოხსენებული ამბის გავრცელების შემდეგ, Kia-ს აქციების ღირებულება 1.5%-ით გაიზარდა; Hyundai-ს კაპიტალიზაციამ კი 1.3%-ით მოიმატა.

Mercedes-ი ელექტრომობილების დამტენი ქსელის ინფრასტრუქტურაზე მუშაობას იწყებს

გერმანული ავტომწარმოებლის მიერ გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია 2030 წლამდე ჩრდილოეთ ამერიკაში, ჩინეთსა და ევროპაში 10,000 ერთეული ელექტრომობილის დამტენი სადგურის გასახსნელად მილიარდობით ევროს მოცულობის ინვესტიციას გამოყოფს.

REUTERS/Ints Kalnins

ავტომწარმოებელი აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარებას წელსვე დაიწყებს და პირველი ლოკაცია ჩრდილოეთი ამერიკა იქნება. 2027 წლამდე კი Mercedes-ი აშშ-სა და კანადაში 400-მდე ლოკაციაზე 2,500 ასეთი პუნქტის გახსნას გეგმავს.

ინვესტიციის ზუსტი მოცულობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თუმცა, პარტნიორების განმარტებით, მოგებაზე გასვლა 5-დან 7 წლამდე მონაკვეთში იქნება შესაძლებელი. ჩრდილოეთ ამერიკაში Mercedes-ის პარტნიორი MN8 Energy იქნება, თუმცა ევროპასა და ჩინეთში პარტნიორების ვინაობა ცნობილი ჯერაც არ არის.

საინტერესოა, რომ 2022 წლის ივლისის მონაცემებით, აშშ-ში 140,000 საჯარო დამტენი პუნქტი მუშაობს. ევროპაში კი, 2021 წლის დასასრულის მონაცემებით, 375,000 საჯარო დამტენი პუნქტი არსებობდა. შეგახსენებთ, რომ ევროპაში დამტენი სადგურების ერთობლივ პროექტში Mercedes-ი Volkswagen-თან, BMW-სთან, Ford-თან და Hyundai-სთან თანამშრომლობს.

აშშ-ში ავტომობილების გაყიდვებით GM-მა Toyota-ს გადაასწრო

ამერიკულმა ავტომწარმოებელმა, General Motors-მა 2022 წელს აშშ-ში ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებლით იაპონურ Toyota-ს გადაასწრო. როგორც ჩანს, ინდუსტრიაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა, მიწოდების ჯაჭვის ბარიერების გადალახვა და არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილება General Motors-მა კონკურენტებზე უკეთ შეძლო.

REUTERS/Andrew Kelly

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ GM-ის აქციების ფასი 2.7%-ით გაიზარდა და 34.75 აშშ დოლარი შეადგინა. კომპანიამ 2022 წელს 2,274,088 ერთეული ავტომობილი გაყიდა, რაც 2021 წლის მონაცემთან შედარებით 2.5%-ით მაღალი მაჩვენებელია. რაც შეეხება Toyota-ს, მან 2022 წელს 2,108,458 ერთეული ავტომობილი გაყიდა.

საინტერესოა, რომ იაპონურმა ავტომწარმოებელმა საკუთარი წლიური სამიზნე წარმოების პროგნოზი ჯერ კიდევ ნოემბერში შეამცირა. 2022 წელს Toyota-ს უმთავრესი სეგმენტის, SUV-ების გაყიდვები 8.6%-ით შემცირდა. კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, გაყიდვების შემცირება საავტომობილო ინვენტარების დეფიციტითაა გამოწვეული. თუმცა, მათივე განცხადებით, აღნიშნული პრობლემა მალე აღმოიფხვრება.

ოთხშაბათს გავრცელებული მონაცემებით, გაყიდვებში კლება დაუფიქსირდათ Hyundai Motor America-ს, Kia Motor America-ს, Mazda North America-სა და American Honda-საც.

Wards Intelligence-ის მონაცემებით, დეკემბერში აშშ-ში მთლიანობაში 1.26 მილიონი ერთეული ახალი ავტომობილი გაიყიდა. წლიური გაყიდვების მაჩვენებელმა კი აშშ-ში 2022 წელს 13.31 მილიონი ერთეული შეადგინა. საავტომობილო ინდუსტრიის ანალიტიკოსების მოსაზრებით, ავტომწარმოებლების მიერ ინფლაციის შედეგების გასანეიტრალებლად პროდუქციაზე ფასების მატება 2023 წელს ავტომობილების გაყიდვებზე უარყოფითად აისახება.

BMW-მ ახალი ავტომობილის პროტოტიპი წარადგინა | მანქანა ფერის შეცვლას შეძლებს

გერმანულმა ავტომწარმოებელმა, BMW-მ ახალი ავტომობილის პროტოტიპი წარადგინა. ავტომობილს ადამიანის ხმით საუბარი და ფერების შეცვლა შეეძლება. გარდა ამისა, ინტერიერის ფოტოების მიხედვით, წინა პანელზე ეკრანებიც აღარ ექნება.

REUTERS/Steve Marcus

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ოლივერ ციფსეს განცხადებით, გერმანული ავტომწარმოებლის მდიდრული მოდელი, BMW i Vision Dee-ს წარმოება 2025 წლიდან დაიწყება. აღნიშნული ავტომობილის წარმოება კი BMW-ს გეგმების ნაწილს წარმოადგენს. ცნობისათვის, ავტომწარმოებელს ელექტრომობილებისათვის ახალი საწარმოო ხაზის, ახალი კლასის, იმავე Neue Klasse-ს შექმნა სურს.

ბუნებრივია, ავტომობილის საწარმოო ვერსია კონცეპტ-ვერსიისაგან განსხვავებული იქნება. თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელის განმარტებით, ავტომობილის საწარმოო ვერსია გასულ კვირას წარდგენილთან მიახლოებული იქნება.

განსაკუთრებით საინტერესო დეტალი ინტერიერში ეკრანების გაუქმებაა. ციფრული ეკრანების ნაცვლად ავტომობილი ყველა საჭირო ინფორმაციას წინა საქარე მინაზე დააპროექტირებს. გარდა ამისა, ავტომობილს ვირტუალური ასისტენტი, Dee-ც ეყოლება, რომელიც ადამიანის ხმით ისაუბრებს. BMW i Vision Dee ფერის შეცვლის 240 ვარიანტი ექნება.

Sony და Honda ახალ ელექტრომობილს გამოუშვებენ

იაპონური გიგანტები – Sony და Honda მორიგ ერთობლივ პროექტს იწყებენ და ახალი ბრენდის, Afeela-ს ქვეშ მაღალტექნოლოგიური ელექტრომობილების გამოშვებას გეგმავენ.

REUTERS/Steve Marcus

ელექტრომობილის ტექნიკურ აღჭურვილობაზე, სენსორებზე, კამერებზე, აუდიოსისტემაზე,  ნავიგაციასა და ხელოვნურ ინტელექტზე კომპანია Sony იზრუნებს; უშუალოდ ავტომობილის დიზაინზე, სავალ ნაწილზე, ძრავასა და სხვა დეტალებზე კი Honda იმუშავებს, რომელსაც სატრანსპორტო ინდუსტრიაში მოღვაწეობის თითქმის 70-წლიანი გამოცდილება აქვს.

Afeela-ს პირველი ელექტრომობილი გასაყიდად ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე 2026 წელს გამოჩნდება და ის პრემიუმ-სეგმენტზე იქნება გათვლილი, სადაც ამჟამად კომპანია Tesla დომინირებს.

Sony-Honda Mobility-ს დირექტორის, იასუიდე მიზუნოს განცხადებით, Afeela ელექტრომობილის მართვის უნიკალური გამოცდილება იქნება, რომელიც მძღოლსა და მგზავრებს ჯერ არნახულ კომფორტს, მოქნილობასა და დინამიკას შესთავაზებს.

Afeela-ს კონცეპტის წარდგენაზე ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ელექტრომობილი საკუთარი საოპერაციო სისტემით აღიჭურვება, რომელიც ხელოვნური ინტელექტისა (A.I.) და გაფართოებული რეალობის (A.R.) ინტეგრირების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის, Apple CarPlay-სა და Android Auto-სგან განსხვავებით.