გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

გასული კვირის მნიშვნელოვანი სიახლეები ავტოინდუსტრიისაგან

Forbes Georgia-ს გასული კვირის საავტომობილო მიმოხილვაში სიახლეებს ისეთი ავტომწარმოებლების შესახებ გაეცნობით, როგორიცაა: იაპონური Mitsubishi, იტალიური Ferrari, ამერიკული Ford-ი და GM-ი თუ ნაკლებად ცნობილი Attucks-ი.

2035 წლისთვის Mitsubishi Motors-ი მხოლოდ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვას გეგმავს

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონური ავტომწარმოებელი Mitsubishi Motors-ი 2035 წლიდან მხოლოდ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვას გეგმავს. აღნიშნული გადაწყვეტილება ავტომწარმოებელმა ელექტრიფიკაციის პროცესის პარალელურად ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად მიიღო.

REUTERS/Kim Kyung-Hoon

იაპონური მწარმოებელი Mitsubishi ფრანგულ Renault-სთან  და ასევე იაპონურ Nissan-თან პარტნიორობით მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში 16 ახალი ელექტრომოდელის გამოშვებას გეგმავს.

საინტერესოა, რომ კომპანიის მიზანი 2030 წლისთვის გაყიდვების 50%-ის ელექტრიფიკაციაა. 2021 წელს ელექტრიფიცირებულმა ავტომობილებმა კომპანიის გაყიდვების მხოლოდ 7% შეადგინა, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ელექტრიფიცირებულ ავტომობილებში კი Mitsubishi დამუხტვად ჰიბრიდებს, ჰიბრიდებსა და ელექტრომობილებს მოიაზრებს.

ცნობისათვის, Mitsubishi ერთ-ერთი პირველი ავტომწარმოებელი იყო, რომელმაც 2010-იან წლებში ბაზარს ელექტრომობილი გააცნო. თუმცა ამჟამად მწარმოებელს ევროპის ბაზარზე არც ერთი აქტიური ელექტრომობილი არ ჰყავს. Tesla-ს მიერ მოპოვებული დომინაციის ფონზე კი აღნიშნულ ბაზარზე დაბრუნება და კონკურენციის გაწევა დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. თუმცა Mitsubishi-ს მსგავსი ისტორიისა და კულტურის მქონე ბრენდს ამის მისაღწევად საჭირო ტექნოლოგიური და ფინანსური რესურსი აქვს.

უქმეებზე Amelia Island-ზე კლასიკური ავტომობილების აუქციონი მოეწყო

კლასიკური ავტომობილების მოყვარულთათვის და კოლექციონერებისთვის გასულ კვირას Amelia Island-ზე აუქციონი მოეწყო. აუქციონმა გაყიდული ავტომობილების საერთო ღირებულებით 2016 წლის რეკორდი მოხსნა. გასულ უქმეებზე გამართულ აუქციონზე გაყიდული ავტომობილების საერთო ღირებულებამ 178.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. აუქციონზე საერთო ჯამში 390-მდე ავტომობილი გაიყიდა, რომელთა საშუალო ღირებულებაც 450,000 აშშ დოლარი გახლდათ.

Images by Mathieu Heurtault.

43 ავტომობილის ფასმა კი 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც ასევე რეკორდული რაოდენობა გახლავთ.

აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი 1962 წლის Ferrari 250 GT SWB California Spider-ი აღმოჩნდა. $18 მილიონად შეფასებული Amelia Island-ზე გაყიდული აქამდე ყველაზე ძვირად ღირებული ეგზემპლარი გახლავთ.

5.3 მილიონ დოლარად გაიყიდა 2010 წლის Pagani Zonda R Coupe. 1995 წლის Ferrari F50 Coupe-ის ღირებულებამ კი 5.1 მილიონი დოლარი შეადგინა. აუქციონზე გაყიდული მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ავტომობილი საკმაოდ ძველი, 1931 წლის Dousenberg Model J Murphy Convertible Coupe აღმოჩნდა და მისმა ფასმა 4.3 მილიონი დოლარი შეადგინა. ხუთეულს მესამე Ferrari, 1985 წლის 288 GTO Coupe კრავს. თუმცა საინტერესოა, რომ მე-6, მე-7 და მე-8 ყველაზე ძვირად ღირებულ ავტომობილებსაც Ferrari წარმოადგენს.

Attucks-მა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ელექტრო სუპერმანქანა წარადგინა

ცნობილ რეპერ უაიქლეფ ჟანის მიერ დაარსებულმა Attucks-მა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ელექტრო სუპერმანქანა წარადგინა. ორადგილიანი მოდელი, სახელწოდებით Apex AP-0, Amelia Concours D’Elegance-ის ყოველწლიურ გამოფენაზე გამოჩნდა.

TopGear.com

Attucks-ის განცხადებით, Apex AP-0 მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი ელექტრო სუპერმანქანაა, რომლის წონაც 2,650 ფუნტზე (1,200 კილოგრამი) ნაკლებია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ McMurtry Spéirling-ი, McMurtry Automotive-ის ერთადგილიანი ელექტრო სუპერმანქანა 1,000 კილოგრამზე ოდნავ ნაკლებს იწონის.

Apex AP-0-ის მსუბუქ წონას „ნახშირბადის მონოკოკური შასი, მოდულური სივრცითი კარკასი და მაქსიმალური სიხისტისთვის შექმნილი ცენტრალური საყრდენი“ განაპირობებს.

რაც შეეხება მახასიათებლებს, როგორც ცნობილია, Apex AP-0-ის მაქსიმალური სიჩქარე 305 კმ/სთ-ია, 2.3 წამში კი 0-დან 100 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია. მანქანას 650 ცხენის ძალის გამომუშავება შეუძლია. ძირზე დამაგრებული 90 კილოვატი ბატარეის გამო, AP-0-ს დაბალი სიმძიმის ცენტრი აქვს, რაც ავტომობილის მართვას აუმჯობესებს.

როგორც ირკვევა, Apex AP-0 გაყიდვაში 2024 წლის ბოლოდან ჩაეშვება, მისი საწყისი ფასი კი $350,000 იქნება. თუმცა მომხმარებელს ინდივიდუალური შეკვეთის გაკეთება ან თუნდაც ავტომობილის დაჯავშნა კომპანიის ვებგვერდიდან უკვე შეუძლია.

Ford-ი F-150 Lightning-ის წარმოებას მიმდინარე კვირიდან განაახლებს

თითქმის ერთთვიანი შეფერხების შემდეგ, ამერიკული ავტომწარმოებელი Ford-ი საკუთარი ელექტროპიკაპის, F-150 Lightning-ის წარმოებას მიმდინარე კვირიდან განაახლებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ავტომწარმოებელი ავრცელებს.

REUTERS/Wolfgang Rattay/File Photo

მიუხედავად გავრცელებული სიახლისა, Ford-ს დამატებით 18 ერთეული F-150-ის უკან გაწვევა მაინც მოუხდა. პრობლემა ელემენტების ქსელის საწარმოო დეფექტია. კომპანიის განმარტებით, აღნიშნულ 18 ერთეულ ელექტროპიკაპს მომხმარებლებს ელემენტების გამოცვლის შემდეგ დაუბრუნებენ. Ford-ის ინფორმაციით, კომპანიას ხანძრის ან დაშავებულთა შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

შეგახსენებთ, რომ 4 თებერვალს მიჩიგანის ქარხანაში გაჩენილი ხანძრის გამო Ford-ს ელექტროპიკაპების წარმოების შეწყვეტა მოუწია. ამერიკული ავტოკომპანია წარმოების გაგრძელებას ორი კვირის ვადაში ვარაუდობდა, თუმცა მოვლენები გეგმის მიხედვით არ წარიმართა. Ford-ის ინფორმაციით, პრობლემის სათავე ელემენტების ქსელის წარმოების პროცესში იყო, რასაც ჯორჯიის შტატამდე და კომპანიის პარტნიორამდე, SK-მდე მივყავართ.

ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ Ford-ისა და SK-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიებმა პრობლემის იდენტიფიცირება შეძლეს და სამომავლოდ ხარისხის გაუმჯობესებისათვის ზომების მიღება უკვე დაიწყეს.

GM-ი ავტომობილებში ChatGPT-ის ინტეგრაციის შესაძლებლობებს განიხილავს

გასულ კვირას კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკული ავტომწარმოებელი GM-ი საკუთარ ავტომობილებში პოპულარული ChatGPT-ის ინტეგრაციის შესაძლებლობებს განიხილავს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი სკოტ მილერი, Rueters-ისათვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „ChatGPT-ი მალე ყველაფერში იქნება ინტეგრირებული“.

REUTERS/Rebecca Cook/File Photo

სკოტ მილერის მოსაზრებით, ხელოვნური ინტელექტის პროგრამა შესაძლოა, ავტომობილის შესახებ ინფორმაციაზე წვდომისათვის გამოიყენებოდეს. GM-ს სურს, რომ ბრენდის ავტომობილებს მომავლის ტექნოლოგიებზე წვდომა პირველს ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Microsoft-მა ChatGPT-ის მფლობელ კომპანია OpenAI-ში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განახორციელა. კომპანია საკუთარ პროდუქტებში ხელოვნური ინტელექტის პროდუქტების ინტეგრაციას ისახავს მიზნად. პროდუქტებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ამ ტექნოლოგიის ავტომობილებისათვის გამოყენებაა. აქ საუბარია როგორც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით თვითმართვადი ტექნოლოგიების დახვეწაზე, ისე საოპერაციო სისტემების გაუმჯობესებასა თუ ელემენტების მდგომარეობის კონტროლზე. ChatGPT-სა და მის მსგავს ტექნოლოგიებს აღნიშნული საკითხების გაუმჯობესების პოტენციალი აქვს.

შეგახსენებთ, რომ GM-ი 2021 წელს Microsoft-თან აქტიურად თანამშრომლობდა.

ვერცხლისფერი Ferrari Enzo შესაძლოა, აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდოს

Ferrari Enzo, რომლის მხოლოდ 400 ეგზემპლარია შექმნილი, აუქციონზე ყოველთვის მაღალი ფასებით გამოირჩეოდა, რის შედეგადაც მოდელი 88 GTO-ს, F40-ს, F50-სა და LaFerrari-სთან ერთად „Ferrari Big Five“-ის ერთ-ერთი წევრი გახდა. V12 სუპერმანქანის პოპულარობა, რომლის წარმოებაც 2002 წელს, $659,000-იანი საცალო ფასით დაიწყო, განსაკუთრებით ბოლო წლებში გაიზარდა. Classic.com-ის მონაცემებით, ავტომობილის ფასმა $3-4 მილიონს მიაღწია.

RM SOTHEBY’S

გასულ თვეში მოდელის შავი ეგზემპლარი აუქციონზე $4.4 მილიონად გაიყიდა, რაც Enzo-სთვის ახალ რეკორდულ ნიშნულად გადაიქცა. თუმცა აღნიშნული რეკორდი შესაძლოა, ხანმოკლე აღმოჩნდეს, რადგან ბაზარზე აუქციონის სახლ RM Sotheby’s-ის მეშვეობით, კიდევ ერთი Enzo Ferrari გამოჩნდება. აუქციონზე წარმოდგენილი ავტომობილი Argento Nurburgring-ის ცხრა ვერცხლისფერი ეგზემპლარიდან ერთ-ერთი, ამავდროულად კი ერთადერთია, რომელსაც მოყავისფრო ფერის ტყავის ინტერიერი აქვს.

აღსანიშნავია ისიც, რომ Enzo-ს მხოლოდ 141 მილი (226 კმ) აქვს გავლილი და ატარებს დამცავ გარსს, რომელიც Ferrari-ის ქარხანაში ორი ათეული წლის წინ გამოიყენებოდა. პლასტმასის შეფუთვითაა დაფარული კარის რაფები და პედალები. ავტომობილი, რომელსაც აუქციონის სახლმა „შეფუთული“ Ferrari Enzo უწოდა, თავდაპირველად იაპონელმა მომხმარებელმა შეიძინა.

RM Sotheby-ის შეჯამებით: „მოდელის გამორჩეული მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ჯერ კიდევ ქარხნული დამცავი შეფუთვის დიდ ნაწილს ატარებს, Argento Nurburgring-ი სწორედ ისაა, რასაც კოლექციონერები იშვიათობისა და ორიგინალობის გამო აფასებენ“. აუქციონი დახურული შეთავაზების სისტემით მიმდინარეობს, სადაც განაცხადის გაკეთება დაინტერესებულ მხარეებს 15-დან 17 მარტამდე შეეძლებათ.