გასულ კვირას ავტოინდუსტრიაში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. ზოგმა ავტომწარმოებელმა ახალი ავტომობილი წარადგინა, ზოგმაც კონკურენტთან თანამშრომლობის შესახებ გვამცნო. რამდენიმე ბრენდი გაფართოვდა და ახალი საწარმო გახსნა, ბუნებრივია, ელექტროინდუსტრიით დაინტერესებაც კვირიდან კვირამდე იზრდება. ეს ყველაფერი კი ჯაჭვისებური რეაქციით იწვევს მთლიანად ინდუსტრიის განვითარებას. იხვეწება ინფრასტრუქტურა და ხორციელდება კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები. თუმცა მიკროჩიპების დეფიციტი ამ პროცესებს მცირედით, მაგრამ მაინც აფერხებს. ამ ყველაფერს ემატება გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ომი უკრაინაში. რუსეთის ადგილობრივ საავტომობილო ბაზარზე პრობლემები სულ უფრო ღრმავდება, მათი აღმოფხვრის გზა კი პერსპექტივაში არ ჩანს. ამ და სხვა სიახლეებს Forbes Georgia-ს მიმდინარე კვირის საავტომობილო ბლოგში გაეცნობით.
Toyota დაბალბიუჯეტური კამერებით აღჭურვილ თვითმართვად ტექნოლოგიაზე მუშაობს
იაპონურმა Toyota-მ Tesla-ს მსგავსად საკუთარი თვითმართვადი ტექნოლოგიის შექმნა გადაწყვიტა. თუმცა, კონკურენტისაგან განსხვავებით, Toyota-ს ტექნოლოგია დაბალბიუჯეტური კამერებით იქნება აღჭურვილი, რაც, სავარაუდოდ, Toyota-ს თვითმართვადი ავტომობილების ფასს გააიაფებს.
აღნიშნულ პროცესს სათავეში Toyota Motor Corp-ის ტექნიკური დანაყოფი Woven Planet-ი ჩაუდგება. მათი განცხადებით, მათ Tesla-ს მსგავსი შედეგების მიღწევა დაბალბიუჯეტური კამერებითაც შეუძლიათ, რაც ტექნოლოგიის განვითარებისათვის პოზიტიური ნაბიჯი იქნება.
მოგეხსენებათ, თვითმართვადი ტექნოლოგია სენსორებისა და კამერების საშუალებით ავტომობილის შესახებ ინფორმაციას აგროვებს, შემდეგ კი მას ბრძანების შესასრულებლად იყენებს. ეს კი საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ამიტომაც ამგვარი ავტომობილების ღირებულება მნიშვნელოვნად მაღალია. როგორც ჩანს, იაპონელები ამის შეცვლას შეეცდებიან.
Woven Planet-ის გეგმა სენსორებზე 90%-ით დაბალი ღირებულების კამერების გამოყენებას და ასიათასობით ავტომობილზე განთავსებას გულისხმობს. მათი გადაადგილებით მიღებული მონაცემებით კი თვითმართვადი ტექნოლოგიის შემუშავება ძალიან გამარტივდება. ტექნოლოგიის სატესტო ვერსიის გამოყენება Toyota-ს უკვე დაწყებული აქვს. ის თვითმართვად ტექნოლოგიას სატესტო რეჟიმში Aurora-ს დახმარებით საკუთარ Sienna-ს ტიპის მინივენებზე ამოწმებს.
სანაცვლოდ, ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე მუშაობს Tesla-ც. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, სრულ ავტონომიურობას ავტომწარმოებელი წელსვე მიაღწევს.
Volkswagen-ის CFO: ნახევარგამტარების დეფიციტი 2024 წლამდე გაგრძელდება
გერმანული ავტომწარმოებლის, Volkswagen-ის ფინანსური დირექტორის განცხადებით, ნახევარგამტარების მიწოდება მოთხოვნის შესაბამისი სავარაუდოდ 2024 წლამდე ვერ იქნება. აღნიშნული ინფორმაცია არნო ანტლიცმა გერმანული ჟურნალისათვის მიცემულ ინტერვიუში გაავრცელა.
მისი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ამ წლის ბოლოსათვის აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა უკვე შესაძლებელი იქნება, 2019 წლის საწარმოო ტემპებს ავტოინდუსტრია მომავალ წლამდე მაინც ვერ დაუბრუნდება. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი მიკროჩიპების დეფიციტია.
ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებლის ფინანსური ხელმძღვანელის განცხადებით, ამაზე გავლენას უკრაინაში მიმდინარე ომიც ახდენს. მოგეხსენებათ, მიკროჩიპების შესაქმნელად საჭირო ქიმიური ელემენტების ექსპორტის საკმაოდ მსუყე წილი სწორედ უკრაინიდან ხორციელდებოდა. ომის გამო კი აღნიშნული პროცესი შეფერხებულია. როგორც ჩანს, Volkswagen-ი ამჟამად მომწოდებლის ჩანაცვლებაზე მუშაობს, რათა საწარმოო პროცესი კიდევ უფრო არ შეფერხდეს.
მარტში რუსეთში ახალი მანქანების გაყიდვის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 63%-ით შემცირდა
გასული თვის მონაცემების თანახმად, რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვები გასულ წელთან შედარებით 63%-ით შემცირდა. მაჩვენებლის კლება უკვე ზედიზედ მეცხრე თვეა, რაც გრძელდება. ამის მიზეზი კი რუბლის გაუფასურებისა და ლიგისტიკური ხარვეზების გამო ავტომობილების დეფიციტი და ფასების ზრდა გახლავთ.
ევროპული ბიზნესების ასოციაციის მონაცემებით, მარტში რუსეთში ახალი ავტომობილების გაყიდვის მაჩვენებელმა 55 129 ერთეული შეადგინა, რაც თითქმის ორჯერ ნაკლებია თებერვლის მონაცემებზე.
ასოციაციის ინფორმაციით, რუსეთის ყველაზე დიდი ავტომწარმოებლის, AvtoVaz-ის LADA-ს მოდელების გაყიდვა მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64%-ით შემცირდა.
მთლიანობაში რუსეთში 2022 წლის პირველ კვარტალში 28%-ით ნაკლები, 277 332 ერთეული ახალი ავტომობილი ან მსუბუქი კომერციული მანქანა გაიყიდა. იანვარში აღნიშნული ასოციაცია გაყიდვების 3%-იან ზრდას ელოდა. მათი პროგნოზით, 2022 წელს რუსეთში ჯამურად 1.72 მილიონი ერთეული ავტომობილი უნდა გაყიდულიყო. თუმცა რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ დაწესებული სანქციების მსუყე პაკეტი ამ პროგნოზზე უდიდეს გავლენას იქონიებს.
რუსული კვლევითი სააგენტოს, Autostat-ის პროგნოზით, წელს ახალი ავტომობილების გაყიდვების მაჩვენებელი შესაძლოა 35%-70%-ით შემცირდეს.
GM და Honda დაბალბიუჯეტურ ელექტრომობილებზე ერთობლივად იმუშავებენ
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ერთობლივი განცხადების თანახმად, General Motors-ი და Honda Motor-ი ახალ გლობალურ პლატფორმაზე ხელმისაწვდომი ელექტრომობილების სერიას შექმნიან. ავტომწარმოებლების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული ელექტრომობილების ღირებულება 30,000 აშშ დოლარზე ნაკლები იქნება.
კომპანიების ოფიციალური პირების ინფორმაციით, თანამშრომლობის ფარგლებში 2027 წლიდან მილიონობით დაბალბიუჯეტური ელექტრომობილი იწარმოება.
„GM-ი და Honda ერთმანეთს უახლეს ტექნოლოგიებს, დიზაინსა და საწარმოო სტრატეგიებს გაუზიარებენ. შედეგად, ჩვენ შევძლებთ, ყველასათვის სასურველი და ხელმისაწვდომი ელექტრომობილები გლობალური მასშტაბით ვაწარმოოთ ისეთი მთავარი ბაზრებისათვის, როგორიც ჩრდილოეთი ამერიკა, სამხრეთი ამერიკა და ჩინეთია“, – განაცხადა GM-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარი ბარამ.
მოწინავე ტექნოლოგიების განვითარებისათვის ხელმისაწვდომი ელექტრომობილების წარმოება გადამწყვეტი მოვლენა იქნება. მიუხედავად მათი პოპულარობისა, ამჟამად მათი ღირებულება მასობრივად გავრცელებისთვის ზედმეტად მაღალია.
პარტნიორობის შესახებ ფინანსური დეტალების გამჟღავნებისაგან კომპანიების ოფიციალურმა პირებმა თავი შეიკავეს.
ცნობისათვის, ორივე ავტომწარმოებელი ელექტროძრავების შემდეგი თაობის ელემენტების განვითარებაზე მუშაობს, მათ შორის – მყარი ელემენტების წარმოებაზე. დღეს ხელმისაწვდომი ლითიუმის იონის ელემენტებისგან განსხვავებით, მყარი მდგომარეობის ელემენტები უფრო მსუბუქი და ენერგოეფექტიანი იქნება.
GM-ის განცხადებით, 2025 წლისათვის კომპანია 2 მილიონი ელექტრომობილის წარმოებასა და გაყიდვას შეძლებს. რაც შეეხება Honda-ს, ის ბოლო დროს მეტწილად ჰიბრიდული ავტომობილების წარმოებაზე კონცენტრირდებოდა. თუმცა უახლოეს პერიოდში ელექტრომობილების ინდუსტრიაზე აქტიურად გადართვას აანონსებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ორ ავტომწარმოებელს შორის ელექტრო და ავტონომიური ავტომობილების განვითარების სფეროში პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს. შეგახსენებთ, რომ Honda-ს GM-ის მფლობელობაში მყოფ Cruise-ში 750 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
Nissan-ი ბრაზილიურ საწარმოსა და ახალ პროდუქციაში 275 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს
იაპონური ავტომწარმოებელი, Nissan-ი, ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროში არსებულ საწარმოში 275 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციის განთავსებას გეგმავს. აღნიშნული ნაბიჯის შემდეგ კი ავტომწარმოებელი 2025 წლამდე რამდენიმე ახალ მოდელს გამოუშვებს.
იაპონურმა ავტომწარმოებელმა საკუთარი გეგმების შესახებ ინფორმაცია არგენტინაში ახალი პიკაპის, Frontier-ის წარდგენისას გაავრცელა.
ახალი ელექტრო Jeep Wrangler-ის კონცეპტ-ვერსიას 0-დან 100-მდე აჩქარება 2 წამში შეეძლება
Jeep-მა საკუთარი საკულტო მოდელის Wrangler-ის რედიზაინი მოახდინა და ახალი სრულად ელექტრო კონცეპტი წარადგინა. Jeep Wrangler Magneto 2.0-ის კონცეპტი Stellantis-ის მიერ პირველი ელექტრო SUV-ის დაანონსებიდან ერთი წლის თავზე გამოვიდა. ცნობისათვის, ავტომობილების კონცეპტ-ვერსიების წარდგენა მომხმარებელთა დაინტერესებას ისახავს მიზნად და ხშირად იმის მაჩვენებელია, თუ რა მიმართულებით აქვს კომპანიას გეზი აღებული.
კონცეპტ SUV ჩვეულებრივ ტრადიციულ Wrangler Rubicon-ზე იქნება აგებული. თუმცა Magneto 2.0 ვერსია ბევრად უფრო გაუმჯობესებული მახასიათებლების იქნება. მაგალითად, ავტომწარმოებლის ინფორმაციით, მას 0-დან 100-მდე აჩქარება 2 წამში შეეძლება, რაც ფენომენალური შედეგია. ეს კი დაახლოებით 6.8 წამით უფრო სწრაფია Magneto 1.0 მოდელზე და კონკურენციას უწევს Tesla-ს Plaid-მოდელებს.
ამ შედეგის მისაღწევად, Jeep-ის განმარტებით, ახალ ელექტრომობილს 625 ცხენის ძალისა და 850 ნიუტონ/მეტრი მაბრუნებელი მომენტის გამომუშავება შეეძლება. გარდა ამისა, ელექტროტექნოლოგიის დახმარებით, ავტომობილს საკუთარი შესაძლებლობის მაქსიმუმის წარმოჩენა ერთბაშად 10 წამის განმავლობაში შეეძლება. სწორედ ეს ტექნოლოგია განაპირობებს პოტენციურად 0-დან 100-მდე 2 წამში აჩქარებას.
საინტერესოა, რომ ავტომწარმოებელს ელექტრომობილის გარბენის შესაძლებლობებზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა, რადგან მათ აქცენტი სისწრაფეზე გააკეთეს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ახალ ელექტრო Magneto 2.0-ს ერთი დამუხტვით დიდი მანძილის გავლა არ შეეძლება.
Chevy Bolt-ის დიდი რაოდენობით უკან გამოხმობის შემდეგ, GM-ი გაყიდვების რეკორდულ წელს ელის
General Motors-ი წელს Chevy Bolt-ის რეკორდულ გაყიდვებს ელის. მოგეხსენებათ, ავტომწარმოებელს ცეცხლის გაჩენის რისკების გამო უკანასკნელი თვეების განმავლობაში უამრავი ელექტრო Bolt-ის უკან გამოხმობა მოუწია. შესაბამისად, ავტომობილის რეპუტაცია არც ისე მაღალია. თუმცა, ამერიკელების მოსაზრებით, წელს სამიზნე რიცხვების მიღწევას მარტივად შეძლებენ.
ამ შედეგის მისაღწევად General Motors-ს დიდი სარეკლამო კამპანია აქვს დაგეგმილი. მწარმოებელმა Chevy Bolt-ის თავიდან წარმოება და ტრანსპორტირება სწორედ გასულ კვირას განაახლა.
მთლიანობაში კომპანიას 19 შემთხვევა ჰქონდა, როდესაც ელექტრომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამის გამო კი მათ ასიათასობით ერთეული ავტომობილის უკან გამოწვევა მოუხდათ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ავტომობილების ელემენტებს LG-ი აწარმოებდა და ავტომწარმოებელიც ყველაფერს მას აბრალებდა, საბოლოოდ რეპუტაციული ზიანი მაინც GMს მიადგა.
ელექტრო Bolt-ი გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა. 2021 წელს კი მისი გაყიდვების რეკორდული მაჩვენებელი, 25 000 ერთეული დაფიქსირდა. მანამდე ავტომობილები თითქმის მსგავსი რაოდენობით იყიდებოდა. თუმცა საინტერესოა, ზემოთ ნახსენები სკანდალის შემდეგ, წელს რა მაჩვენებლებს მიაღწევს.
Hertz-ი Polestar-ისაგან 65 000 ელექტროავტომობილს შეიძენს
ავტომობილების გაქირავების კომპანიის, Hertz Global-ის მიერ გასულ კვირას გავრცელებული განცხადების თანახმად, კომპანია შვედური ელექტრომობილების მწარმოებლისაგან, Polestar-ისაგან, 5 წლის განმავლობაში 65 000 ერთეულ ელექტრომობილს შეიძენს. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ნულოვანი გამონაბოლქვის მიზნებისაკენ.
Hertz-ის განცხადებით, Polestar-ის ელექტრომობილები ხელმისაწვდომი ევროპაში – ამ გაზაფხულიდან, ხოლო ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში 2022 წლის ბოლოდან იქნება. კომპანიის განცხადებით, ისინი უმეტესწილად Polestar 2 მოდელის სედანებს შეიძენენ.
ცნობისათვის, გასული წლის ოქტომბერში Hertz-მა Tesla-სგან 100 000 ერთეული ელექტრომობილის შეძენა დააანონსა. კომპანიამ Tesla-საგან Model 3 ელექტრომობილები შეიძინა.
მარტში კი Hertz-მა Tesla-სგან კიდევ დამატებით საშუალო ზომის SUV-ები, Model Y შეიძინა და საკუთარი საავტომობილო ფლოტი უფრო გაამრავალფეროვნა.