გასული კვირა სპორტის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლით იყო გამორჩეული. უიმბლდონის საორგანიზაციო კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები უიმბლდონის წლევანდელ ტურნირზე არ დაიშვებიან. ასევე, Haas-ის ფორმულა 1-ის გუნდი უარს ამბობს ყოფილი სპონსორის, Uralkali-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 13 მილიონი აშშ დოლარის უკან დაბრუნების შესახებ და რუსული კომპანიისგან კომპენსაციას თვითონ მოითხოვს.
მნიშვნელოვანი სიახლეებია ფეხბურთის სამყაროში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჰრეინში დაფუძნებულ კომპანია Investcorp-ს საფეხბურთო კლუბ „მილანის“ შეძენა სურს, რისთვისაც მზად არის, $1.1 მილიარდი გადაიხადოს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ჩოგბურთისა და ფორმულა 1-ის ვარსკვლავები, სერენა უილიამსი და ლუის ჰამილტონი „ჩელსის“ შესაძენად მარტინ ბროუტონის შეთავაზებას 10-10 მილიონი გირვანქა სტერლინგით შეუერთდებიან. ასევე გაირკვა, რომ მომდევნო სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის, რისთვისაც ის წელიწადში 9 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ერლინგ ჰაალანდს კი, „მანჩესტერ სიტიში“ გადაბარგების შემთხვევაში, კვირაში 500,000 გირვანქა სტერლინგს გადაუხდიან.
მოცემულ ბლოგში სპორტის სფეროში მომხდარ ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებსა და მოვლენებს გაეცნობით, რომლებიც ძირითადად ბიზნესსა და ფინანსებს ეხება.
სერენა უილიამსსა და ლუის ჰამილტონს „ჩელსის“ წილის შეძენა სურთ
ჩოგბურთისა და ფორმულა 1-ის ვარსკვლავები, სერენა უილიამსი და ლუის ჰამილტონი რუსი ოლიგარქის, რომან აბრამოვიჩის „ჩელსის“ შესაძენად მარტინ ბროუტონის შეთავაზებას უერთდებიან. ჩოგბურთის „დიდი სლემის” 23-გზის გამარჯვებული და ფორმულა 1-ის შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი £2.5-მილიარდიან გარიგებაში 10-10 მილიონი გირვანქა სტერლინგით შესვლას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გარიგებაში ბრიტანელი ბიზნესმენისა და International Airlines Group-ის თავმჯდომარის მოადგილე ბროუტონის პარტნიორები ასევე არიან მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, სებასტიან კოუ და საკალათბურთო გუნდ „ფილადელფია სევენთი-სიქსერსის“ მფლობელები, ჯოშ ჰარისი და დევიდ ბლიცერი. აღსანიშნავია, რომ ჰარისსა და ბლიცერს ინგლისის პრემიერ-ლიგაში მოასპარეზე კლუბ „კრისტალ პალასში“ აქვთ წილები, რომელთა გაყიდვაც „ჩელსის“ აქციების შესაძენად სურთ.
ლუის ჰამილტონის გადაწყვეტილება „ჩელსიში“ ინვესტიციის განხორციელების შესახებ საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან, როგორც ცნობილია, ფორმულა 1-ის პილოტი ლონდონის „არსენალის“ ქომაგია.
რაც შეეხება სერენა უილიამსს, აღსანიშნავია, რომ ის Angel City FC-ის ინვესტორია. კლუბი აშშ-ის ქალთა ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში ასპარეზობს.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში „ჩელსის“ შესაძენად საბოლოო შეთავაზებები ასევე გააკეთეს ბეისბოლის გუნდ LA Dodgers-ის თანამფლობელმა ტოდ ბოელიმ და NBA-ის გუნდ „ბოსტონ სელტიკსის“ თანამფლობელმა სტივენ პალიუკამ.
რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები წლევანდელ უიმბლდონზე ვეღარ იასპარეზებენ
რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები უიმბლდონის წლევანდელ ტურნირზე ვეღარ იასპარეზებენ, – ეს გადაწყვეტილება უიმბლდონის საორგანიზაციო კომიტეტმა გაასაჯაროვა.
„ამ ტურნირის პროფილის გათვალისწინებით, როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე მსოფლიოში, ჩვენს პასუხისმგებლობად მიგვაჩნია, ხელისუფლების, ინდუსტრიის, სპორტული და შემოქმედებითი ინსტიტუტების ძალისხმევას შევუერთდეთ, რათა რუსეთის გლობალური გავლენა ყველა შესაძლო გზით შევამციროთ“, – აღნიშნავენ უიმბლდონის ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საჩოგბურთო რეიტინგში საკმაოდ კარგ პოზიციებს იკავებენ: ATP-ის რეიტინგის ტოპ-30-ში, მაგალითად, ოთხი რუსი ჩოგბურთელია – მათ შორის ერთი, დანიილ მედვედევი, ამ სიაში მეორე ადგილს იკავებს. რაც შეეხება WTA-ის სიის საუკეთესო ორმოცეულს, იქ ხუთი რუსი და ორი ბელარუსი ჩოგბურთელია – მათ შორის არიან მეოთხე ადგილის მფლობელი არინა საბალენკა და ყოფილი პირველი ჩოგანი, ვიქტორია აზარენკა.
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის, უიმბლდონის ორგანიზატორების თქმით, თუკი ივნისამდე ვითარება რადიკალურად შეიცვლება, ისინი მიღებულ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავენ.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ერიკ ტენ ჰაგს წელიწადში £9 მილიონს გადაუხდის
მომდევნო სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედს“ ახალი მწვრთნელი ეყოლება. ინგლისურ კლუბს ნიდერლანდელი სპეციალისტი, ერიკ ტენ ჰაგი გაწვრთნის. ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯერის პოსტს რალფ რანგნიკისგან გადაიბარებს, რომელიც კლუბს 2021 წლიდან უძღვება.
Dailymail-ის ცნობით, კონტრაქტის მიხედვით, ტენ ჰაგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2025 წლის ივნისამდე გაწვრთნის. მისივე ინფორმაციით, ნიდერლანდელი მწვრთნელი კლუბისგან წელიწადში 9 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. საერთო ჯამში ტენ ჰაგი 3-წლიანი ხელშეკრულებით 30 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე თანხის გამომუშავებას შეძლებს. შედეგად, მისი ამჟამინდელი შემოსავალი თითქმის გაორმაგდება. უნდა ითქვას, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტენ ჰაგთან კონტრაქტის კიდევ ერთი წლის გახანგრძლივების შესაძლებლობას იტოვებს.
„ჩემთვის დიდი პატივია „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად დანიშვნა და ძალიან აღფრთოვანებული ვარ ამ გამოწვევით. ვიცი ამ დიდი კლუბის ისტორია და მისი გულშემატკივრების განცდები. გადაწყვეტილი მაქვს, შევქმნა გუნდი, რომელიც შეძლებს წარმატების მიღწევას“, – განაცხადა ერიკ ტენ ჰაგმა.
ერიკ ტენ ჰაგი ამჟამად ამსტერდამის „აიაქსის“ მთავარი მწვრთნელია. მან კლუბი 2017 წელს ჩაიბარა და მას სეზონის ბოლომდე გაუძღვება. მანამდე 52 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი „გოუ ეჰედ იგლზს“, „მიუნხენის ბაიერნ II-ს“ და „უტრეხტს“ წვრთნიდა.
Haas-ი რუსული Uralkali-სთვის თანხის დაბრუნებაზე უარს ამბობს და მისგან კომპენსაციას ითხოვს
Motorsport.com-ის ცნობით, Haas-ის ფორმულა 1-ის გუნდი უარს ამბობს ყოფილი სპონსორის, Uralkali-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე 13 მილიონი აშშ დოლარის უკან დაბრუნების შესახებ და რუსული კომპანიისგან თვითონ მოითხოვს კომპენსაციას.
შეგახსენებთ, რომ Haas-მა დმიტრი მაზეპინის კომპანია Uralkali-სთან თანამშრომლობა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გაწყვიტა. გუნდმა თავისი რიგებიდან გარიცხა დმიტრი მაზეპინის შვილი, ფორმულა 1-ის პილოტი ნიკიტა მაზეპინი. მალევე მაზეპინები სანქცირებული რუსების სიაში მოხვდნენ, ვინაიდან Uralkali-ს მფლობელი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირეა.
Haas-თან პარტნიორობის გაწყვეტის შემდეგ, დმიტრი მაზეპინმა 2021 წლის სეზონის დასაწყისში გარიგების გაფორმებისას გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნება მოითხოვა.
„რადგან 2022 წლის სეზონის სპონსორობის დაფინანსების უმეტესი ნაწილი Haas-ს უკვე გადაეცა და იმის გათვალისწინებით, რომ გუნდმა შეწყვიტა სპონსორობის ხელშეკრულება 2022 წლის სეზონის პირველ რბოლამდე, აქედან გამომდინარე Haas-მა ვერ შეასრულა Uralkali-ს წინაშე აღებული ვალდებულებები“, – ვკითხულობთ Uralkali-ს განცხადებაში, რომელიც ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა.
Motorsport.com-ის ცნობით, Haas-ი უარს ამბობს Uralkali-სგან მიღებული თანხის უკან დაბრუნებაზე. ის კომპანიისთვის გაგზავნილ წერილში სპონსორობის ხელშეკრულების ერთ პუნქტზე ამახვილებს ყურადღებას. ამ პუნქტის მიხედვით, Uralkali-ს არ უნდა დაეზიანებინა Haas-ის იმიჯი და რეპუტაცია.
ფორმულა 1-ის გუნდი არათუ უარს ამბობს Uralchem-ის შვილობილი კომპანია Uralkali-სთვის თანხის დაბრუნებაზე, არამედ მისგან 8 მილიონ ევროს ითხოვს, რომელიც Haas-ს თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში კომპანიისგან უნდა მიეღო.
ბაჰრეინულ კომპანია Investcorp-ს „მილანის“ $1.1 მილიარდად შეძენა სურს
ბაჰრეინში დაფუძნებულმა საინვესტიციო კომპანია Investcorp-მა იტალიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის, სერია A-ს გრანდ AC Milan-ის შესაძენად Elliott Management Corp.-თან ექსკლუზიური მოლაპარაკებები დაიწყო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Investcorp-ი, რომელიც 42 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივებს მართავს, მზად არის, კლუბის შესაძენად $1.1 მილიარდი გადაიხადოს. დიდი ალბათობით, გარიგებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მალე დასრულდება და იტალიურ გრანდს მომავალი სეზონიდან ახალი მფლობელი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში დაფუძნებულმა საინვესტიციო ფირმა Elliott Management Corp.-მა „მილანზე“ კონტროლი 2018 წლიდან აიღო. ის კლუბის 99,93%-იანი წილის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც AC Milan-ის ყოფილმა მესაკუთრემ, ჩინელმა ბიზნესმენმა ლი იონჰონმა კომპანიისთვის €415-მილიონიანი ვალის დაბრუნება ვერ შეძლო.
აღსანიშნავია, რომ Investcorp-ს, რომელიც, დიდი ალბათობით, მალე „მილანის“ ახალი მესაკუთრე გახდება, იტალიის დედაქალაქში, რომში, ოფისი აქვს. გარდა ამისა, მას ქვეყნის მასშტაბით უძრავ ქონებაში არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.
„მანჩესტერ სიტი“ ერლინგ ჰაალანდს კვირაში £500,000-ს ჰპირდება
Dailymail-ის ინფორმაციით, დორტმუნდის “ბორუსიის” თავდამსხმელი, ერლინგ ჰაალანდი მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ სიტის“ შეუერთდება. მისივე ცნობით, კლუბი 21 წლის ფეხბურთელს კვირაში 500,000 გირვანქა სტერლინგის გადახდაზე შეუთანხმდა.
თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება და მხარეები კონტრაქტის საბოლოო ვერსიაზე მორიგდებიან, შემდეგი სეზონიდან ჰაალანდი პრემიერ-ლიგის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშე გახდება.
როგორც ცნობილია, „მანჩესტერ სიტი“ ჰაალანდის გამოსასყიდად „ბორუსიას“ 63 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაუხდის. დიდი ალბათობით, ინგლისური კლუბი ნორვეგიელ ფეხბურთელთან ხელშეკრულებას მომავალ კვირაში გააფორმებს. Dailymail-ის ინფორმაციით, საუბარია 5-წლიან კონტრაქტზე.
ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის „ბორუსიის“ რიგებს 2020 წლიდან შეუერთდა. მანამდე ის „ზალცბურგის“ ღირსებას იცავდა. მიმდინარე სეზონში ჰაალანდს „ბორუსიის“ მაისურით 20 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 18 გოლის გატანა და რვა საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
NBA-მ კაირი ირვინგი „ბოსტონის“ქომაგებისთვის უხამსი ჟესტის ჩვენების გამო $50,000-ით დააჯარიმა
ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) „ბრუკლინ ნეტსის“ კალათბურთელი, კაირი ირვინგი 50,000 აშშ დოლარით დააჯარიმა. ამის მიზეზი უხამსი ჟესტი გახდა, რომელიც ირვინგმა „ბოსტონ სელტიკსთან“ პლეი-ოფის მატჩის წაგების შემდეგ, მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს უჩვენა. NBA-ის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ირვინგმა მაყურებლებს უწმაწური სიტყვებითაც მიმართა.
თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე კაირი ირვინგმა განაცხადა, რომ „სელტიკსის“ გულშემატკივრები მთელი მატჩის განმავლობაში მის მიმართ უწმაწურ შეძახილებს არ იშურებდნენ, ამიტომ კალათბურთელმა თავი ვერ შეიკავა და მათთვის სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში „ბოსტონ სელტიკსმა“ „ბრუკლინ ნეტსი“ ერთი ქულით, 115:114 დაამარცხა.
კაირი ირვინგის ქმედებებმა სპორტულ სამყაროში უზარმაზარი ხმაური გამოიწვია. კომენტატორთა უმეტესობა „ნეტსის“ მცველს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი წნეხის ქვეშ მისი თანაგუნდელებიც იყვნენ, თუმცა მათ თავის ხელში აყვანა და სიმშვიდის შენარჩუნება შეძლეს.