გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მთავარი ტექნოლოგიური სიახლეები

გასული კვირის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეების ჩამონათვალში არაერთხელ შევხვდებით ჩინეთს: პირველ რიგში, საუბარია Apple-ის უმსხვილეს ჩინურ კონტრაქტორზე, Foxconn-ზე, რომლის ერთ-ერთი ქარხანა პროტესტების ტალღამ მოიცვა. თუმცა აქვეა სხვა ჩინური კომპანიებიც, რომელთაც აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ ავტორიზაცია შეუჩერა – საუბარია უსაფრთხოების კამერებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებზე. სიახლეებია საქართველოშიც – ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში პირველი ციფრული ბანკის ლიცენზია გასცა, ხოლო ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Arena Games-მა AIBC-ის GameFi Pitch-ში გაიმარჯვა. ამ და სხვა მნიშვნელოვან სიახლეებს Forbes Georgia-ს ყოველკვირეულ ტექნოლოგიურ ბლოგში მოვუყარეთ თავი.

Foxconn-ის უდიდესი ქარხანა, რომელშიც iPhone-ებს აწყობენ, პროტესტების ტალღამ მოიცვა

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ტექნოლოგიური კომპანიის, ამერიკული Apple-ის ჩინური კონტრაქტორის, Foxconn-ის ჭანგჭოუს ქარხანა ძალადობრივი პროტესტების ტალღამ მოიცვა, – ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. როგორც ირკვევა, iPhone-ების უდიდესი ჩინური ქარხნის თანამშრომლები გაუარესებულ ფინანსურ პირობებს და გაჭიანურებულ ბონუსებს აპროტესტებენ, რასაც Engadget-ის მიერ მოპოვებული ვიდეოები ადასტურებს.

როგორც ჩანს, აღნიშნული პროტესტები ჩინეთში კოვიდის მიმართ არსებული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ კოვიდის მომატებული შემთხვევების გამო ქარხნების მუდმივი გაჩერების თავიდან ასარიდებლად, Foxconn-მა საკუთარი თანამშრომლები აიძულა, მთელი დრო ქარხანაში, გარეშე სამყაროსგან იზოლირებულად გაეტარებინათ – ცხადია, აქ იგულისხმება როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დრო.

ფოტო: Qilai Shen

ამგვარი მიდგომის ერთ-ერთ დადებით მხარედ კოვიდის შემთხვევების გავრცელების შენელება სახელდება. თუმცა, Foxconn-ის ეს პოლიტიკა ქარხანასა და ქალაქს შორის კოვიდის გავრცელებას ნამდვილად აფერხებს, მაგრამ ქარხნის შიდა გავრცელებას – უარეს მდგომარეობაში აგდებს, რითაც თანამშრომლებს დიდი რისკის ქვეშ აყენებს. პროტესტების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ იძულებითი კარანტინი სახელდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Foxconn-ის ქარხანაში მიმდინარე პროცესები პირდაპირაა დაკავშირებული Apple-ის უახლესი სმარტფონების, iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის გამოშვების გაჭიანურებასთან, რომლის შესახებაც მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა კომპანიამ წინა თვეში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ჩინეთის ქალაქ ჭანგჭოუში მდებარე ეს ქარხანა, რომელშიც ორასი ათასი ადამიანი არის დასაქმებული, iPhone-ების მთავარი მწარმოებელია – მასზე სმარტფონების ჯამური წარმოების დაახლოებით 70% მოდის.

აშშ-ში ჩინური წარმოების კამერები და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობები აკრძალეს

გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა საკომუნიკაციო კომისიამ (FCC) რამდენიმე ჩინურ კომპანიას, მათ შორის Huawei-ს, ZTE-ს, Hikvision-ს, Hytera-სა და Dahua-ს უსაფრთხოების კამერებისა და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ავტორიზაციის ნებართვა შეუჩერა, – ამის შესახებ FCC-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ვკითხულობთ. აღნიშნული შეზღუდვა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ავტორიზაციის გარეშე, კომპანიებს აშშ-ის ტერიტორიაზე რადიოგადამცემის მქონე ვერც ერთ მოწყობილობას ვერ შეიტანენ და, შესაბამისად, ვერც გაყიდიან.

ფოტო: Reuters

„აშშ-ის ფედერალური საკომუნიკაციო კომისია აქტიურად არის ჩართული ეროვნული უსაფრთხოების დაცვაში – მიგვაჩნია, რომ არასანდო საკომუნიკაციო მოწყობილობების გამოყენების შესახებ ავტორიზაცია ჩვენი ქვეყნის საზღვრებს შიგნით არ უნდა გაიცემოდეს“, – განაცხადა FCC-ის თავმჯდომარემ, ჯესიკა როზენვორცელმა. „ამერიკელი ხალხის სატელეკომუნიკაციო სფეროდან მომავალი ეროვნული საფრთხისგან დაცვა გვსურს და ამ მიმართულებით უახლესი კანონმდებლობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს“.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ურთიერთობების ისტორიის განმავლობაში, როცა მხარეები ერთმანეთს კონკრეტული მოწყობილობებისა თუ ტექნოლოგიების იმპორტ-ექსპორტს უკრძალავენ. მიმდინარე წლის სექტემბერში, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ორ უმსხვილეს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიას, Nvidia-სა და AMD-ს ჩინეთისთვის მაღალტექნოლოგიური მიკროჩიპებისა და პროცესორების მიწოდება აუკრძალა.

Yandex-ს რუსეთთან არსებული კავშირების გაწყვეტა სურს – The New York Times

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში რუსული ტექნოლოგიური კომპანიები თავიანთ დასავლელ კონკურენტებს ფეხდაფეხ მიჰყვებოდნენ – ასე იყო როგორც ჭკვიანი მოწყობილობების, ასევე თვითმართვადი ავტომობილებისა და საკვების მიტანის სერვისების შემთხვევაში. თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ რუსეთისთვის, ქვეყნის კომპანიებისა და ცალკეული პირებისადმი დაწესებულმა სანქციებმა არა მხოლოდ შეანელეს კომპანიების ტექნოლოგიური პროგრესი, არამედ მათი სტაგნაციაც კი გამოიწვიეს.

სწორედ სანქციებით გამოწვეული წინაღობების გადალახვაზე ფიქრობს ერთ-ერთი უმსხვილესი რუსული ტექნოლოგიური გიგანტი, Yandex-ი, რომელსაც ქვეყანასთან არსებული კავშირების გაწყვეტა სურს, – ამის შესახებ ამერიკული გამოცემა, The New York Times-ი წერს. ცხადია, საუბარია Yandex-ის მფლობელ კომპანიაზე, რომელიც ნიდერლანდებში არის რეგისტრირებული და რომლის აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე არის განთავსებული.

ფოტო: Reuters

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, Yandex-ის ნიდერლანდურ კომპანიას სურს, რომ მის ხელთ არსებული წამყვანი ტექნოლოგიური გადაწყვეტები და ბიზნესები, მათ შორის „რუნეტის“ მთავარი საძიებო სისტემა, საკვების მიტანის სერვისი და ტაქსის სერვისი რუსეთის ბაზარს მოაცილოს და ისინი საზღვარგარეთ გაიტანოს. Yandex-ის ამგვარი გადაწყვეტილება მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან ამ მაღალტექნოლოგიური ბიზნესების განვითარება სანქციების პირობებში, უბრალოდ, გამორიცხულია.

ტექნოლოგიური პროგრესის შენელების გარდა, რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს უარყოფითი შედეგი ჰქონდა თავად კომპანიისთვის და მისი კაპიტალიზაციისთვის – გასული წლის განმავლობაში რუსულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული აქციების ღირებულება 62%-ით, ხოლო Nasdaq-ზე განთავსებული აქციების ღირებულება $20 მილიარდით შემცირდა. ამასთანავე, რუსეთი კომპანიის 18 ათასზე მეტმა თანამშრომელმა დატოვა.

როგორც ირკვევა, Yandex-ი რუსული ბაზრიდან გასვლას არ აპირებს – კომპანიის სერვისები ქვეყანაში მაინც იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ ისინი ახალი მფლობელის ხელში გადავა, რომელიც, დიდი ალბათობით, ადგილობრივი იქნება. თუმცა შესრულდება თუ არა Yandex-ის გეგმა, ჯერჯერობით უცნობია, რადგან, როგორც ანონიმი წყარო The New York Times-ს უყვება, ბიზნესის რესტრუქტურიზაციისთვის კომპანიას ოფიციალური კრემლის დასტური სჭირდება. როგორც ჩანს, კრემლთან კომუნიკატორის როლს რუსეთის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი, ალექსეი კუდრინი შეასრულებს, რომელიც, გამოცემის ინფორმაციით, მისი სერვისებისთვის, გარიგების დასრულების შემდეგ, რუსული კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გახდება.

შტატ ნიუ-იორკში კრიპტოვალუტების მაინინგზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდა

გასულ კვირას ნიუ-იორკში კრიპტოვალუტების მაინინგზე მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდა, რითაც ნიუ-იორკი პირველი ამერიკული შტატი გახდა, რომელმაც საქმიანობას გარკვეული შეზღუდვები დაუწესა, – შესაბამის განკარგულებას ხელი შტატის გუბერნატორმა, კეტი ჰოქულმა მოაწერა. აღნიშნული განკარგულება, რომელიც უმეტესად გარემოსდაცვით პათოსს ატარებს, ორწლიან მორატორიუმს აწესებს ბუნებრივ წიაღისეულზე მომუშავე იმ ქარხნებისთვის, რომლებიც გამომუშავებულ ენერგიას PoW-ტიპის კრიპტოვალუტების მაინინგისთვის იყენებს.

ფოტო: GETTY IMAGES

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტებზე, როგორც ციფრულ აქტივებზე, რომლებიც უარყოფით ზეგავლენას ახდენენ გარემოზე, ამ დრომდეც არაერთხელ გვსმენია. საქმე ისაა, რომ კრიპტოვალუტების მოპოვებას, ანუ მაინინგს დიდძალი ენერგია სჭირდება, რომელიც, ერთი მხრივ, ელექტროენერგიის დეფიციტს, ხოლო მეორე მხრივ, შედარებით იაფი, მაგრამ ბუნებისთვის მავნე ბუნებრივი წიაღისეულის მიმართ არსებული მოთხოვნის ზრდას იწვევს.

Sony-სა და Honda-ს თვითმართვად ავტომობილში შესაძლოა, PlayStation 5 იყოს ჩაშენებული

იაპონური ტექნოლოგიური გიგანტების, Sony-სა და Honda-ს თვითმართვად ავტომობილში, რომელზეც კომპანიები მიმდინარე წლის მარტიდან მუშაობენ, შესაძლოა, ვიდეოთამაშების კონსოლი, PlayStation 5-ი იყოს ჩაშენებული, – ამის შესახებ Sony-სა და Honda-ს ერთობლივი საწარმოს პრეზიდენტმა, იზუმი კავანიშიმ Financial Times-თან საუბრისას განაცხადა. როგორც ირკვევა, სათამაშო კონსოლი ერთ-ერთი ის ფუნქციონალია, რომლითაც იაპონური კონსორციუმი ამერიკულ გიგანტთან, Tesla-სთან კონკურირებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის შემდეგ Tesla-ს ფლაგმან ავტომობილებში, Model S-სა და Model X-ში უფრო დიდი ზომის ჰორიზონტალურ ეკრანებს ვხვდებით, ხოლო თავად სისტემა AMD-ის RDNA 2-ტიპის გრაფიკული ჩიპითაა აღჭურვილი. საინტერესოა, რომ ამ სისტემის პრეზენტაციისას, Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ ის – PlayStation 5-ის დონეზე იყო. ისე კი, მიუხედავად იმისა, რომ Tesla-ში ჩაშენებული გასართობი სისტემის შესაძლებლობებში ეჭვი დიდად არავის ეპარება, შარშან დაანონსებულ Cyberpunk 2077-ს და სხვა თამაშებს მომხმარებლები ჯერ კიდევ ელოდებიან.

ფოტო: insideevs.com

თუმცა ვიდეოთამაშების მიმართ იაპონურ კონგლომერატს განსხვავებული ხედვა აქვს. როგორც Sony Honda Mobility-ის თავმჯდომარის, იასუჰიდე მიზუნოს განცხადებიდან ვიგებთ, ავტომობილი, იაპონური კონგლომერატისთვის, აპარატული უზრუნველყოფაა, რომელზეც გასართობი სისტემა დაშენდება – სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის გასართობ მოწყობილობად მოიაზრება, ბორბლებზე.

ამ ეტაპზე Sony-სა და Honda-ს სწორედ მობილობის პრობლემის მოგვარება სჭირდებათ, რადგან ამგვარი ავტომობილის არსებობას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის სრულად ავტონომიური იქნება. „ავტომობილში არსებული სივრცის გამოსაყენებლად მისი მართვა არ უნდა გჭირდებოდეს“, – განაცხადა იზუმი კავანიშიმ, რომელმაც დასძინა, რომ ამგვარი ფუნქციონალის განვითარებას ძალიან დიდი დრო სჭირდება.

ისე კი, ორ კომპანიას შორის მიმდინარე წელს დაწყებული თანამშრომლობაც სწორედ ამ ორი წინააღმდეგობის ერთობლივად დაძლევას ისახავდა მიზნად. თავის დროზე იწერებოდა, რომ პარტნიორობის ფარგლებში, ელექტრომანქანის პირველ მოდელზე, მათ შორის მის დიზაინზე, განვითარებასა და გაყიდვაზე Honda იზრუნებდა, ხოლო Sony მობილურ-სენსორულ პლატფორმას შექმნიდა, რომლითაც ავტომობილი, საბოლოო ჯამში, თვითმართვადი გახდებოდა. თუმცა, როგორც იცით, სრულად ავტონომიური ავტომობილის შექმნას დიდი მოცულობით ინფორმაცია სჭირდება და ზოგჯერ ესეც კი არასაკმარისია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Sony-ისა და Honda-ს ერთობლივი წარმოების პირველი ავტომობილის წარდგენა, ამ ეტაპზე, 2025 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

ქართულმა სტარტაპმა, Arena Games-მა AIBC-ის GameFi Pitch-ში გაიმარჯვა

ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Arena Games-მა ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის თემატიკის მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონფერენციის, AIBC-ის ფარგლებში ჩატარებულ სტარტაპ-კონკურსში, GameFi Pitch-ში გაიმარჯვა, – ამის შესახებ კონფერენციის ვებგვერდზე ვკითხულობთ. აღნიშნული კონფერენცია მალტაზე ჩატარდა და მას ასობით სტუმარი და არაერთი საერთაშორისო ინვესტორი ესწრებოდა.

„თავის დროზე ტრადიციულ ვიდეოთამაშებს ვქმნიდით, მაგრამ რაკიღა მცირე ზომის კომპანია ვიყავით, არცთუ ისე დიდი მარკეტინგული ბიუჯეტი გვქონდა. შედეგად, ყველა იმ პრობლემას გადავეყარეთ, რომლებიც მცირე და საშუალო ზომის სტუდიებს აწუხებთ. აი, იმ დროს მივაშურეთ Web3-ს, რათა ბაზრისთვის ამ პრობლემის გადაწყვეტა შეგვეთავაზებინა“, – ასე ეხმიანება Arena Games-ის ოპერაციული დირექტორი, მარი გიორგობიანი სტარტაპის შექმნის იდეას.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Arena Games-ი ქართული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომლის ძირითად მიმართულებას Web3-ტექნოლოგიის მქონე ვიდეოთამაშების შექმნა და ვიდეოთამაშების დეველოპერებისთვის Web2-დან Web3-ში გადასვლის ხელშეწყობა წარმოადგენს.

პეისერა საქართველო” – ეროვნულმა ბანკმა პირველი ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სს „პეისერა საქართველოსთვის“ ციფრული საბანკო საქმიანობის ლიცენზია გასცა. „პეისერა საქართველო“ ციფრული ბანკი იქნება, რომლის ბიზნესმოდელიც ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და კლიენტებს მომსახურებას დისტანციურად, ფილიალების გარეშე გაუწევს. „პეისერასთვის“ ლიცენზიის გაცემის შემდეგ საქართველოს საბანკო სექტორში უკვე თხუთმეტი კომერციული ბანკია წარმოდგენილი.

„პეისერა საქართველო“, როგორც იურიდიული პირი, 2022 წლის პირველ მარტს დაფუძნდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „პეისერა საქართველომ“ სებ-ში 5 მილიონი ლარის მოცულობის კაპიტალის არსებობა დაადასტურა.

აღსანიშნავია, რომ „პეისერა საქართველოს“ გენერალურ დირექტორად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა, მის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებში კი ვხვდებით „პალიტრა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირაკლი თევდორაშვილს.

ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების თანახმად, პირველ ეტაპზე აპლიკანტის ბიზნესმოდელის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა დგინდება და ამის შემდგომ საბანკო ლიცენზია გარკვეული შეზღუდვებით გაიცემა, ხოლო ციფრული ბანკის სრულად გამართვისა და საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მოთხოვნის ეტაპობრივად შევსებისთვის ვადა განისაზღვრება.

საბანკო საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან ოთხი თვის განმავლობაში, სს „პესიერა საქართველოს“ ოპერაციების მხოლოდ სატესტო რეჟიმში განხორციელება შეეძლება, ხოლო რეალურ გარემოში საბანკო საქმიანობა შეზღუდული ექნება. საქმიანობის რეალურ რეჟიმში განხორციელებისთვის უფლებამოსილების მინიჭება სალიცენზიო მოთხოვნების შესრულებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული თანხმობის საფუძველზე ეტაპობრივად მოხდება.

„პეისერა საქართველო სარგებლობს ციფრული ბანკებისთვის განსაზღვრული შეღავათით საზედამხედველო კაპიტალთან მიმართებით. კერძოდ კი, თუკი ჩვეულებრივი საბანკო ლიცენზიის მისაღებად საჭიროა 50 მილიონი ლარის ოდენობის საზედამხედველო კაპიტალი, ციფრულმა ბანკმა შესაძლოა, საქმიანობა დაიწყოს ამ თანხის 10%-ის შესაბამისი, ანუ 5 მილიონი ლარის ოდენობის საზედამხედველო კაპიტალით. რა თქმა უნდა, ციფრულმა ბანკმა გარკვეულ ვადებში უნდა შეავსოს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოცულობა 50 მილიონ ლარამდე და აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 წლის განმავლობაში. ციფრულმა ბანკმა დამატებით შეიძლება მოითხოვოს აღნიშნული პროცესის არაუმეტეს ერთი წლის ვადით გაგრძელება”,- ნათქვამია ეროვნული ბანკის განმარტებაში.