გასული წელი და 2024 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2024 წლის გამოწვევები

ერთი წლის წინ ვწერდი, რომ 2023 წელს ინფლაციის დონე მნიშვნელოვნად შემ­­ცირდება და ასეც მოხდა. ამის მიზეზი 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ინფლაციაა (საბაზისო ეფექტი), საგრძნობლად გაძვირებული პროდუქცია კიდევ უფრო მეტად არ გაძვირდა, თუმცა არც გაი­აფდა. ასევე ახდა ის მოლოდინი, რომ ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას შეარბილებდა. ლა­რის კურსი წლის განმავლობაში საკმაოდ მერყევი იყო, მაგრამ საშუალოდ 2022 წლის მეორე ნახევ­­რის მაჩვენებელზე შენარჩუნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ფუ­ლადი გზავნილები შემცირდა, რამაც ჯამური გზავ­­ნილების შემცირება გამოიწვია.

2022 წლის ბოლოს საქართველოს მთავრობა 2023 წლისთვის 5%-იან ზრდას პროგნოზირებდა, თუმცა 2023 წლის შემოდგომაზე პროგნოზი 6.5%-მდე გაიზარდა. მოსალოდნელზე მაღალი ეკონო­მიკური ზრდის ტემპი უკრაინა-რუსეთის ომით გამოწვეული ეფექტის გაგრძელებამ განაპირობა, განსაკუთრებით – წლის პირველ ნახევარში.

ეკონომიკური ზრდა

2023 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.9%-ით გაიზარდა, თუმცა პირველ კვარტალში ზრდა 8% იყო, მეორეში – 7.8% და მესა­მეში 5.7%. წლიური ზრდის მაჩვენებელი ჯერ ცნო­ბილი არ არის, მაგრამ 6.5%-თან ახლოს იქნება.

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 10.4%-ით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანწილად რუსეთ-უკრაინის ომმა განაპირობა. ომის გამო საქარ­­თველოში 100 ათასამდე მიგრანტი ჩამოვიდა საცხოვრებლად, რამაც რუსეთიდან ფულადი გზავ­­ნილები 5-ჯერ, 2.1 მლრდ დოლარამდე გაზარდა. იმატა მოთხოვნამ უძრავ ქონებაზე. ომს მოჰყვა საქართველოს სატრანსპორტო როლის ზრდაც და ა.შ.. საბოლოოდ, ომის შედეგად შეცვლილმა გა­რემოებებმა საქართველოს ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვნად აამაღლა.

2023 წლის პირველ ნახევარში რუსუ­ლი ფულისა და ომის გავლენის ეფექტი ჯერ კიდევ მუშაობდა. მაგალითად, ფუ­ლადი გზავნილები 50%-ით გაიზარდა. წლის მეორე ნახევრიდან რუსეთიდან გზავნილებმა და რუსეთთან ვაჭრო­ბამ კლება დაიწყო. ყველა ის ფაქტორი, რაც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ეკონომიკის ზრდას ეხ­­მარებოდა, შესუსტდა. შედეგად, ივლი­სიდან ეკონომიკური ზრდის ტემპი 6%-ს ჩამოსცდა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი

მონაცემების წყარო: საქსტატი

2023 წლის იანვარ-სექტემბერში ყვე­ლაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შემ­­დეგ დარგებში დაფიქსირდა: ინფორმა­ცია და კომუნიკაცია – 22%, მშენებლობა – 18%, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 17%, განათ­­ლება – 16% და ვაჭრობა – 13%. 12%-ით შემცირდა ჯანდაცვის სექტორი, 4%-ით – დამმუშავებელი მრეწველობა, 2%-ით – უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები.

ინფლაცია და ლარის კურსი

წლიური ინფლაციის დონემ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 0.1% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში ძირითადი სამომხმარებლო საქონლი­სა და მომსახურების საშუალო ფასები არ შეცვლილა. ასეთი დაბალი ინფლა­ცია ბოლოს 2016 წლის ნოემბერში იყო.

საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე მე­ტად სასტუმროებისა და კაფეების მომ­­სახურება გაძვირდა 6.6%-ით, 5.1%-ით გაძვირდა ალკოჰოლური სასმელები და სიგარეტი, 3.6%-ით – განათლება. 4.3%- ით გაიაფდა ჯანდაცვა (წამლებზე ფა­სის კლების გამო), 3.5%-ით – საოჯახო ნივთები, 3.1%-ით – სურსათი. თუ ჩაშლი­ლად, ცალკეული საქონლისა და მომსა­ხურების მიხედვით ვნახავთ, ყველაზე მეტად, 62%-ით, ყურძენი გაძვირდა. შემდეგ ატამი მოდის, რომელიც 37%- ით გაძვირდა. ძროხის ხორცი 14%-ით გაძვირდა, ყავა – 10%-ით. გაიაფებით ყველაზე მეტად წიწიბურა (45%-ით) და მზესუმზირას ზეთი (34%-ით) გაიაფდა.

20021-2022 წლებში ინფლაცია მხო­ლოდ საქართველოს პრობლემა არ იყო, მან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა შეაწუხა. გლობალურ დონეზე ინფლაციის მთავარი მიზეზი პანდემიის გამო გაზრდილი სახელმწიფო ბიუჯეტე­ბის დეფიციტი და შემსუბუქებული მონე­ტარული პოლიტიკა იყო. 2022 წლიდან მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკა გამკაცრდა, უკ­­რაინა-რუსეთის ომით ბაზარზე გამოწ­­ვეულმა შოკმაც გადაიარა და უმეტეს ქვეყნებში ინფლაციის დონემ კლება დაიწყო.

წლიური ინფლაცია საქართველოში

მონაცემების წყარო: საქსტატი

2023 წლის დასაწყისში ლარის კურსი დოლარის მიმართ 2.7 იყო. მაისამდე ლარის კურსს გამყარების ტენდენ­­ცია ჰქონდა და 2.48-მდე შემცირდა. კიდევ მეტად შემცირდებოდა, რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენციე­ბი. იანვარ-მაისში ეროვნულმა ბანკმა 938 მლნ დოლარი შეისყიდა და კურსის გამყარების ტემპი შეანელა. ივნისიდან ლარმა გაუფასურება დაიწყო და 2.60-ის ფარგლებში დასტაბილურდა. სექტემ­­ბერში ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების რეგულირების წესი შეცვალა, რის შედეგადაც კომერციულ ბანკებს დასავლურ სანქციებთან მიერთება შეეზღუდათ. ამან საფინანსო ბაზარზე პანიკა გამოიწვია და ლარმა გაუფასუ­რება დაიწყო. ეროვნულ ბანკს 110 მლნ დოლარის გაყიდვა დასჭირდა, რომ ლარის კურსის ვარდნა შეეჩერებინა. საბოლოოდ, ლარის კურსი 2.7-ის ფარგ­­ლებში გაჩერდა.

საერთო ჯამში, ლარის კურსზე ყვე­ლაზე დიდი გავლენა ქვეყანაში უცხოუ­რი ვალუტის შემოდინებისა და გადი­ნების ბალანსს აქვს, რაც წლის მეორე ნახევარში გაუარესდა.

დაბალმა ინფლაციამ და ლარის კურსის შედარებით სტაბილურობამ ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, გამ­­კაცრებული მონეტარული პოლიტიკა თანდათანობით შეერბილებინა. 2023 წლის დასაწყისში რეფინანსირების გა­ნაკვეთი 11% იყო, რაც წლის ბოლომდე 9.50%-მდე შემცირდა.

იანვარ-ნოემბერში ეროვნულმა ბანკმა 167 მლნ დოლარი გაყიდა და 1,459 მლნ დოლარი შეისყიდა. ეს აჩვე­ნებს, რომ სავალუტო შემოდინებების კუთხით, 2023 წელი მნიშვნელოვან დადებით ბალანსში იყო (ძირითადად, წლის პირველი ნახევრის გამო).

საგარეო ვაჭრობა

2023 წლის იანვარ-ნოემბერში საქართ­­ველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარე­ბით 32.2%-ით გაიზარდა. ექსპორტი 11%- ით გაიზარდა და 5.6 მლრდ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 16%-ით გაი­ზარდა და 14 მლრდ დოლარი შეადგინა.

ექსპორტის ზრდა ძირითადად შემ­­დეგმა პროდუქტებმა განაპირობა: მსუ­ბუქი ავტომობილები (ზრდა 1.2 მლრდ დოლარი), სპირტიანი სასმელები (ზრდა 52 მლნ დოლარი), უალკოჰოლო სასმე­ლები (ზრდა 44 მლნ დოლარი), ელექტროენერგია (ზრდა 17 მლნ დოლარი).

ქვეყნების მიხედვით ექსპორტი ყველაზე მეტად გაიზარდა ყირგიზეთში (ზრდა 556 მლნ დოლარი), ყაზახეთში (ზრდა 449 მლნ დოლარი), სომხეთში (ზრდა 215 მლნ დოლარი) და აზერბაი­ჯანში (ზრდა 192 მლნ დოლარი). აღნიშ­­ნულ ქვეყნებში ექსპორტის ზრდა ძირი­თადად ავტომობილების რეექსპორტმა განაპირობა.

იმპორტის ზრდა ყველაზე მეტად მსუბუქმა ავტომობილებმა განაპირობა, რომელთა იმპორტი 1.4 მლრდ დოლა­რით გაიზარდა და 2.9 მლრდ დოლარს გაუტოლდა. სამკურნალო საშუალებების იმპორტი 129 მლნ დოლარით გაიზარდა, საკვები პროდუქტების – 96 მლნ დოლა­რით, ტანსაცმლის – 73 მლნ დოლარით.

ქვეყნების მიხედვით იმპორტი ყვე­ლაზე მეტად აშშ-დან გაიზარდა – 882 მლნ დოლარით და 1.8 მლრდ დოლარი შეადგინა. ზრდა ძირითადად ავტო­მობილების იმპორტმა განაპირობა. ევროკავშირიდან იმპორტი 723 მლნ დოლარით გაიზარდა, იაპონიიდან – 297 მლნ დოლარით და ჩინეთიდან – 218 მლნ დოლარით.

იანვარ-ნოემბერში სავაჭრო დეფი­ციტმა 8.4 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 11 თვის დეფიციტზე 1.4 მლრდ დოლარით მეტია.

ტურიზმი და ფულადი გზავნილები

2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქარ­­თველოში 5.6 მლნ ვიზიტორი ჩამოვი­და, რაც 2022 წლის იანვარ-სექტემბრის მაჩვენებელზე 43%-ით მეტია. 5.6 მლნ ვიზიტორიდან ტურისტი (ვინც საქარ­­თველოში მინიმუმ 24 საათს გაჩერდა) 3.7 მლნ იყო. 2019 წელთან შედარებით 2023 წლის 9 თვეში 8%-ით ნაკლები რაოდენობის ტურისტი შემოვიდა, ანუ პანდემიამდელ რაოდენობას ვერ და­ვუბრუნდით.

იანვარ-სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტორი – 1.1 მლნ – რუსეთიდან შემო­ვიდა, 2022 წელთან შედარებით ზრდა 47%-ია, ხოლო 2019 წელთან შედარე­ბით 5%-ით ნაკლებია. შემდეგ თურქეთი მოდის 1 მლნ ვიზიტორით. მესამე ად­­გილზე სომხეთია 736 ათასით, მეოთხე­ზე ისრაელია 183 ათასით და მეხუთეზე აზერბაიჯანია 147 ათასით.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის იანვარ-სექტემბერში ვიზიტორების რა­ოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს არ დაუბრუნდა, ვიზიტორებისგან მიღებულ­­მა შემოსავალმა მაინც გადააჭარბა 2019 წლის მაჩვენებელს. 2019 წლის 9 თვეში საქართველომ ვიზიტორებისგან 2.6 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, ხოლო 2023 წლის 9 თვეში 26%-ით მეტი – 3.3 მლრდ დოლარი. 2019 წელთან შედა­რებით შემოსავლების ზრდა ინფლაცი­ამ განაპირობა, ტურისტებს მეტი თანხა ეხარჯებათ. 2023 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი – 767 მლნ დოლარი რუსეთის მო­ქალაქეებმა დახარჯეს. შემდეგ მოდის თურქეთის მოქალაქეები 484 მლნ დო­ლარით და ევროკავშირის მოქალაქეები 428 მლნ დოლარით.

ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან, მლნ დოლარი

მონაცემების წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

2023 წლის 11 თვეში საქართველო­ში 3.8 მლრდ დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელზე 1%-ით ნაკლებია, თუმცა 2021 წლისაზე 80%-ით მეტია. 2022 წელთან შედარებით შემცირება რუსეთიდან გზავნილების 17%-ით კლებამ განაპირობა. 2022 წლის მაის-ნოემბერში რუსეთიდან თვეში სა­შუალოდ 221 მლნ დოლარი ირიცხებოდა, ხოლო 2023 წლის მაის-ნოემბერში – 88 მლნ დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან გზავნილები შემცირდა, ჯამურ გზავ­­ნილებში მაინც პირველ ადგილზეა 1.5 მლრდ დოლარით. ევროკავშირიდან 1.2 მლრდ გადმოირიცხა, აშშ-დან – 410 მლნ დოლარი, ისრაელიდან – 194 მლნ დოლარი.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

დღეისათვის 2023 წელს საქართვე­ლოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პირველი სამი კვარტა­ლის (იანვარ-სექტემბრის) სტატისტიკაა ცნობილი, რომლის მიხედვით საქართ­­ველოში 1,388 მლნ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის ინვესტიციებზე 22%-ით ნაკ­­ლებია.

ინვესტიციები ყველაზე მეტად ნიდერ­­ლანდებიდან (207 მლნ დოლარით) და თურქეთიდან (59 მლნ დოლარით) გაი­ზარდა, ხოლო ყველაზე მეტად ესპანეთი­დან (337 მლნ დოლარით), ირლანდიიდან (120 მლნ დოლარით) და გაერთიანებუ­ლი სამეფოდან (93 მლნ დოლარი) შემ­­ცირდა.

სექტორების მიხედვით, 2023 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხო­ური ინვესტიცია – 342 მლნ დოლარი – სა­ფინანსო სექტორში შემოვიდა. შემდეგ მოდის დამმუშავებელი მრეწველობა 288 მლნ დოლარით და ენერგეტიკა 234 მლნ დოლარით. ყველაზე მცირე ინვესტიცია სამთომოპოვებით მრეწველობაში გან­­ხორციელდა – 1.3 მლნ დოლარი. ინვესტი­ციების ყველაზე დიდი კლება (-313 მლნ დოლარი) უძრავ ქონებასთან დაკავში­რებულ საქმიანობებში დაფიქსირდა. 198 მლნ დოლარით შემცირდა ინვესტი­ციები წყალმომარაგების სეტორში, 106 მლნ დოლარით – გართობა-დასვენების სექტორში.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში, მლნ დოლარი

მონაცემების წყარო: საქსტატი
2024 წლის გამოწვევები

2023 წლის მსგავსად, 2024 წელიც ბუნ­­დოვანი მომავლით იწყება, რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითა­რება მნიშვნელოვნად არის დამოკიდე­ბული რუსეთ-უკრაინის ომზე და არავინ იცის, ომი წელს დასრულდება თუ არა, ან რა შედეგით დასრულდება. გაურკ­­ვევლობას ზრდის ოქტომბერში საქარ­­თველოში გასამართი საპარლამენტო არჩევნები, რადგან არჩევნების წელს ყოველთვის მეტი პოლიტიკური მღელვა­რება და დესტაბილიზაციის გაზრდილი რისკი ახლავს.

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის ბოლოს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, 2024 წლის ეკონომიკაზე კანდიდატის სტატუსის ეკონომიკური სიკეთეების გავლენა უმნიშვნელო იქნება. შეიძლე­ბა ითქვას, წელს კანდიდატის სტატუსი ყველაზე მეტად იმით დაეხმარება სა­ქართველოს ეკონომიკას, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ სტაბილურობას უწყობს ხელს.

2024 წლისთვის საქართველოს მთავრობა ეკონომიკის 5.2%-ით ზრდას პროგნოზირებს, რაც მაღალი მაჩვენებე­ლი არ არის, მაგრამ აქაც გაურკვევლობა მაღალია. ჯერჯერობით გასულმა წელმა აჩვენა, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი გაიზარდა, მაგრამ რა ფაქ­­ტორებმაც ეკონომიკური ზრდა დააჩქა­რა, ეს ფაქტორები შესაძლოა 2024 წელს აღარ გაუმჯობესდეს.

2023 წლის მეორე ნახევარში რუსეთ­­თან ვაჭრობამ და რუსეთიდან ფულადმა გზავნილებმა კლება დაიწყო. ეს ტენ­­დენცია 2024 წელსაც თუ გაგრძელდება, საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და ლარის კურსის სტაბილურო­ბაზე მნიშვნელოვან უარყოფით გავლე­ნას მოახდენს.

მოსალოდნელი საგარეო შოკის შერ­­ბილება შესაძლებელია მონეტარული პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქე­ბით, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს დაიწყო. რადგან მაღალი ინფლა­ცია აღარ არის გამოწვევა, ეროვნული ბანკის პოლიტიკის პრიორიტეტი ეკონო­მიკური ზრდის ხელშეწყობა იქნება.

2022-2023 წლებში ლარის კურსი გამყარდა, თუმცა გამყარებას საკმაოდ სპეციფიკური მიზეზი ჰქონდა – უცხოური ვალუტის მოულოდნელი ნაკადები, რაც რამდენად შენარჩუნდება, არ ვიცით. გასათვალისწინებელია საგარეო ვაჭ­­რობის გაზრდილი დეფიციტიც, რომელიც კურსზე უარყოფით გავლენას ახდენს. თუმცა, ამავე დროს, ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები მნიშვნე­ლოვნად არის გაზრდილი და აუცილებ­­ლობის შემთხვევაში ლარის კურსის სტა­ბილურობისთვის გაყიდის. მთავრობა შეეცდება, არჩევნების წინ სტაბილური ლარის კურსი და ფასების დონე იყოს.