გეოპოლიტიკა, ენერგოკრიზისი და ეკონომიკა - რას ვარაუდობენ FT-ის ანალიტიკოსები 2023 წლისთვის?

გეოპოლიტიკა, ენერგოკრიზისი და ეკონომიკა - რას ვარაუდობენ FT-ის ანალიტიკოსები 2023 წლისთვის?

ახალი წლის დადგომასთან ერთად, მსოფლიოს წამყვანი ბიზნესგამოცემები და მათი ანალიტიკოსები, როგორც წესი, გასულ წელს აჯამებენ და საკუთარ პროგნოზებს აზიარებენ. უკრაინაში მიმდინარე ომი, ევროპაში არსებული ენერგოკრიზისი, კლიმატის ცვლილება, რეფინანსირების განაკვეთი და ამერიკული პოლიტიკა და ჩინეთი – ეს ის მიმართულებებია, რომლებითაც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა, Financial Times-ი დაინტერესდა.

გამომდინარე იქიდან, რომ Financial Times-ის ანალიტიკოსების მიერ მიმოხილული თემები ფართო საჯარო ინტერესის თანრიგს მიეკუთვნება, Forbes-ის ქართულენოვანი რედაქცია მათ პროგნოზებს უცვლელად გთავაზობთ.

შეწყდება თუ არა რუსეთის ომი უკრაინაში?

„ცეცხლის შეწყვეტის გრძელვადიანი შეთანხმებისთვის საჭირო პირობები, დიდი ალბათობით, 2023 წელს ვერ დაკმაყოფილდება, რადგან კონფლიქტის დღევანდელი მდგომარეობით გაყინვა არც ერთ მხარეს არ აწყობს“, – ასე ეხმიანებიან Financial Times-ის ანალიტიკოსები შეკითხვას, შეწყდება თუ არა რუსეთის ომი უკრაინაში. ანალიტიკოსების შეფასებით, პუტინი დღევანდელი შედეგით არ დაკმაყოფილდება, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ ქვეყანას დროებით დაკარგული ტერიტორიის გარეშე ვერ დატოვებს. ანალიტიკოსების შეფასებით, ომის გრძელვადიანობაზე მიუთითებს უკრაინის ტერიტორიული დანაკარგების აღმოსაფხვრელად საჭირო შეიარაღება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებით, დასავლური სახელმწიფოები, ბოლო დროს, მეტად ფრთხილობენ.

ფოტო: Tiziana Fabi / Ludovic Marin / Agence France-Presse / Getty Images
შეაწუხებს თუ არა ევროპას უშუქობა?

„კი“, – ასეთია Financial Times-ის ანალიტიკოსების პასუხი შეკითხვაზე, შეაწუხებს თუ არა ევროპას უშუქობა. ბრიტანული გამოცემის პროგნოზით, ენერგოკრიზისით გამოწვეულმა პრობლემებმა, შესაძლოა, თავი მიმდინარე წლის აპრილამდეც იჩინოს, მაგრამ მთავარი დაბრკოლება, მაინც შემდეგი ზამთარი იქნება. საქმე ისაა, რომ მომავალი ზამთრისთვის, როცა რუსეთიდან ექსპორტი ფაქტობრივად განულდება, ევროპულ სახელმწიფოებს გაზის მარაგების შევსება ძალიან გაუჭირდებათ. ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული დაბრკოლება, ნაწილობრივ გაზრდის ქვანახშირსა და ბირთვულ ენერგიაზე არსებულ მოთხოვნას, რასაც, თავისთავად, სხვა სახის პრობლემებს აჩენს.

ფოტო: REUTERS / Dado Ruvic
მიაღწევს თუ არა გლობალური ტემპერატურა დათბობის 1.5C°-იან ზღვრულ ნიშნულს?

ბრიტანული გამოცემის ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალური ტემპერატურა დათბობის 1.5C°-იან ზღვრულ ნიშნულს 2023 წელს არ მიაღწევს, მაგრამ გამორიცხული არ არის, პირველადი შედეგები მომავალი წლის დასაწყისში გამოჩნდეს. ცნობისთვის გეტყვით, რომ 1800-იანი წლების საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, 2011-2020 წლებში, ჩვენი პლანეტის ტემპერატურა დაახლოებით 1.1C°-ით გაიზარდა და ეს მაჩვენებელი, ბოლო წლებში, მზარდია. რეკორდულად მაღალი ემისიების ფონზე, 2022-2026 წლებში, 1.5C°-იან დათბობის მაჩვენებელს ჩვენი პლანეტა ერთხელ მაინც მიაღწევს – ამ მოვლენის ალბათობა, მეცნიერების შეფასებით, 50%-ს უდრის.

ფოტო: The European Space Agency
დაიწყებს თუ არა აშშ-ის ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას?

Financial Times-ის ანალიტიკოსების ვარაუდით, რომელთაც, თავის წილ, კაპიტალის ბაზრის ექსპერტები გამოჰკითხეს, აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას წელს არ უნდა ველოდოთ. ფედერალური რეზერვის ღია ბაზრის კომიტეტის წევრების უმეტესობის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს რეფინანსირების განაკვეთი, სულ მცირე 5%-იან ნიშნულს მიაღწევს – აი, სწორედ ამ ხედვას იზიარებენ Financial Times-ის ანალიტიკოსები, რომელთაც არგუმენტად Fed-ის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის ციტატა მოჰყავთ, რომელშიც ის მონეტარული პოლიტიკის ნაადრევ შერბილებას აკრიტიკებს. თუმცა უნდა ვთქვათ ისიც, რომ ექსპერტთა ნაწილის ვარაუდით, რეფინანსირების განაკვეთი პიკურ 4.9%-იან მაჩვენებელს 2023 წლის პირველ ნახევარში მიაღწევს, ხოლო დეკემბრისთვის, 4.4%-მდე შემცირდება.

ფოტო: The Federal Reserve System
იქნება თუ არა რიში სუნაკი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი წლის ბოლოსაც?

ბრიტანული გამოცემის ანალიტიკოსების შეფასებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას წლის ბოლოსაც რიში სუნაკი დაიკავებს, მაგრამ იმ დროისთვის, მას მეტად რთულ პრობლემებთან გამკლავება მოუწევს, ვიდრე დღეს. ანალიტიკოსების განცხადებით, რიში სუნაკის მიმართ ამჟამად არსებული დადებითი დამოკიდებულების მიუხედავად, ის კონსერვატიული პარტიისგან წყლის აღრევას მაინც უნდა უფრთხოდეს.

ფოტო: BBC
შემცირდება თუ არა S&P 500-ის მაჩვენებელი, სულ მცირე, 10%-ით?

აღნიშნულმა შეკითხვამ, რომელიც Financial Times-ის ყოველწლიურ კითხვარში შარშანაც მოხვდა, პასუხად, წელსაც „კი“ მიიღო, რაც, უმეტესწილად, შარშანდელი წლიდან გადმოყოლილი ეფექტებითა და ფედერალური რეზერვის მიერ რეფინანსირების განაკვეთის მზარდი მაჩვენებლით აიხსნება.

ფოტო: S&P 500-ის დინამიკა (1979-2023) | წყარო: MarketWatch
შეინარჩუნებს თუ არა აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს?

როგორც ჩანს, Financial Times-ის ანალიტიკოსების ცოდნა მხოლოდ ფინანსებითა და ეკონომიკით არ შემოიფარგლება, რადგან 2023 წლის პროგნოზებს შორის – ფეხბურთის თემატიკასაც ვხვდებით. ბრიტანული გამოცემის ანალიტიკოსების შეფასებით, აშშ-ის ქალთა საფეხბურთო ნაკრები წელს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს ვერ შეინარჩუნებს – ლეგენდარული მეგან რაპინოუს გუნდის შემჩერებლად, ანალიტიკოსები ინგლისის ნაკრებს ასახელებენ.

ფოტო: Goal.com
განიცდის თუ არა კოლაფსს კიდევ ერთი მსხვილი კრიპტობირჟა?

აღნიშნულ შეკითხვას, Financial Times-ის ანალიტიკოსები მარტივი „კი“-თ პასუხობენ, მაგრამ იქვე ამატებენ, რომ მნიშვნელოვანია განისაზღვროს, თუ რას ნიშნავს ტერმინი „მსხვილი“. ანალიტიკოსების შეფასებით, გლობალურ კრიპტოინდუსტრიაში გასულ წელს დამდგარმა ზამთარმა კომპანიებსა და ფონდებს შორის არსებული მყიფე კავშირები გამოააშკარავა და ინდუსტრიაში გავრცელებულ თაღლითურ სქემებს ნათელი მოჰფინა. ამ პროცესის გაგრძელებას, ანალიტიკოსები მიმდინარე წელსაც პროგნოზირებენ, მაგრამ გაკოტრებისთვის განწირულ კონკრეტულ კრიპტობირჟებს არ ასახელებენ.

ფოტო: PrivacyAustralia
გადარჩება თუ არა Twitter-ი? 

Financial Times-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სოციალურ ქსელს, ამერიკულ Twitter-ს, რომელიც გასულ წელს, ილონ მასკმა $44 მილიარდად შეიძინა – 2023 წელს გადარჩენა უწერია. არგუმენტად, ანალიტიკოსებს Twitter-ის პირდაპირი კონკურენტების, მათ შორის Mastodon-ის მოუმზადებლობა და მოუმწიფებლობა მოჰყავთ.

ფოტო: The Economic Times
დაჩქარდება თუ არა ჩინეთის ეკონომიკური ზრდა 5%-მდე?

გასული წლის ბოლო, კოვიდის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მქონე ჩინეთისთვის არცთუ ისე სახარბიელო აღმოჩნდა, რადგან პანდემიამ ქვეყანაში განსაკუთრებით იმძლავრა. თუმცა, როგორც Financial Times-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, მას მერე, რაც ჩინეთი კოვიდთან თანაცხოვრებას ისწავლის, მთავარი ეკონომიკური მდგენელები აღდგენას დაიწყებს და მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 5%-მდე დაჩქარდება და ამ მაჩვენებელს გადაასწრებს კიდეც.

ფოტო: REUTERS