გერმანიის პარლამენტმა, ბუნდესტაგმა, გერმანიის საზღვაო ძალებს ევროკავშირის სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მანდატი მიანიჭა. 2025 წლის თებერვლამდე გერმანია წითელ ზღვაში საზღვაო ძალების კუთვნილ ფრეგატ „Hessen”-სა და 700 სამხედროს განათავსებს. ევროკავშირის მისია კომერციული გემებისათვის წითელ ზღვაში უსაფრთხო გასასვლელის უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რასაც საფრთხეს ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტები უქმნიან.
ბერლინი აღნიშნული ოპერაციისათვის $60.6 მილიონს გამოყოფს. ინიციატივას გერმანიის პარლამენტის წევრების უმეტესობამ მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ 31 პარლამენტარი გახლდათ.
საზღვაო ფრეგატი „Hessen”-ი 240-კაციან ეკიპაჟთან ერთად კუნძულ კრეტიდან წითელი ზღვის მიმართულებით პატრულირებას განახორციელებს და მისიაში იტალიელ და დანიელ სამხედროებს შეუერთდება.
უკვე რამდენიმე თვეა, რაც იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში კომერციულ გემებს თავს ესხმიან და გლობალურ ვაჭრობას მნიშვნელოვნად აზარალებენ. უსაფრთხოების რისკის გამო ბევრმა კომპანიამ საკუთარი მარშრუტი შეცვალა და ტვირთებს უფრო გრძელი გზით, კეთილი იმედის კონცხის გავლით ეზიდება. აღნიშნული გზა აფრიკის კონტინენტისათვის წრის დარტყმას გულისხმობს, რაც ზრდის საოპერაციო ხარჯებსა და დროს. მარშრუტი წითელი ზღვის გზაზე დაახლოებით 3,000 საზღვაო მილით გრძელია.
ევროკავშირმა მისია „Aspides”-ი გასულ კვირას დაამტკიცა და ის წითელი ზღვის საერთაშორისო წყლებთან ერთად, ბაბ-ელ-მანდებისა და ჰორმუზის სრუტეებში, ადენის, ომანისა და სპარსეთის ყურეებში ოპერირებას გულისხმობს. ევროკავშირი აღნიშნულ წყლებში ოთხ გემს გაგზავნის, რომელთაც მხარდაჭერას ვერტმფრენები და დრონები გაუწევენ. რაც შეეხება სამხედროებს, მათი მანდატი თავდაცვითი დანიშნულების იქნება და მათ ჰუსიტებთან საომარ მოქმედებებში შესვლა არ დაევალებათ.