გერმანიის პროკურატურის მიერ ოთხშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს, რომლის ანგარიშებიც „ფრანკფურტის ბანკში“ ინახებოდა, $790 მილიონი ჩამოერთმევა, რაც ქვეყნის მიერ გადადგმული პირველი ამგვარი ნაბიჯია.
მართალია, გასულ წელს გერმანიის მთავრობამ რუსული ბანკებისა და ფინანსური ინსტიტუტების ანგარიშები და აქტივები გაყინა, თუმცა საქმე ფულის ჩამორთმევამდე არ მიუყვანიათ.
Reuters-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით, საუბარია Moscow Exchange-ის მფლობელობაში მყოფ ციფრული გადახდების კომპანია National Settlement Depository-ზე (NSD). აღნიშნული კომპანია რუსეთის ფინანსურ სისტემაში საერთაშორისო ბაზრებთან ურთიერთქმედებისთვის უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.
ზემოაღნიშნული კომპანიები გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. ცნობილია, რომ სექტემბერში NSD ევროკავშირისაგან დაწესებული სანქციების არალეგალურად ცნობას და აქტივებისთვის აკრძალვის მოხსნას ითხოვდა.
გერმანიის პროკურატურის განცხადებით, რუსეთის ფინანსური ინსტიტუტის, მოსკოვის საფონდო ბირჟის ოფიციალური პირი „ფრანკფურტის ბანკში“ NSD-ის ანგარიშიდან $790 მილიონის გადარიცხვას ცდილობდა. თუმცა, ევროკავშირის სანქციებისაგან თავის არიდების ეჭვის საფუძველზე ტრანზაქცია დაიბლოკა.