გერმანიამ საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“ გამოაცხადა — ქვეყნიდან მოქალაქეების დეპორტაცია გამარტივდება

გერმანიამ საქართველო „უსაფრთხო ქვეყნად“ გამოაცხადა — ქვეყნიდან მოქალაქეების დეპორტაცია გამარტივდება

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის კაბინეტმა საქართველო და მოლდოვა ე.წ. „უსაფრთხო ქვეყნებად“ გამოაცხადა. გადაწყვეტილებით, საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებისთვის გერმანიაში თავშესაფრის მიღების პროცესი გართულდება, მათი დეპორტაციის ვადები კი დაჩქარდება.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიაში უკრაინელ ლტოლვილთა რაოდენობამ 1 მილიონს  გადააჭარბა. თუმცა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისგან განსხვავებით, უკრაინელებს გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნა არ სჭირდებათ და ბინადრობის უფლებას დაუყოვნებლივ იღებენ. უკრაინელთა გარდა, მხოლოდ წელს, გერმანიას თავშესაფრის მოთხოვნით 188 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ახალი რეგულაციებით, მთავრობას სწორედ მიგრაციის შეზღუდვა სურს, რადგან ამ რაოდენობის ადამიანთა საცხოვრებლით უზრუნველყოფა ქვეყანას ურთულდება.

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისის პერიოდში, თავშესაფარზე მოთხოვნის 6,612  განაცხადი გერმანიამ საქართველოდან, ხოლო 1,910 – მოლდოვადან მიიღო. თუმცა, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად, ორივე ქვეყნის მოქალაქეების მოთხოვნის მხოლოდ 0.15% დაკმაყოფილდა.

ახალი რეგულაციები საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნის უფლებას უტოვებს, თუმცა დასტურის მიღების შანსი მათთვის მინიმუმია. გარდა ამისა, „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად“ კვალიფიცირება, მოთხოვნაზე უარის მიღების გასაჩივრების ვადებსაც ამცირებს. გასაჩივრებას კი შემაჩერებელი ეფექტი არ ექნება, რაც ნიშნავს რომ მოქალაქეთა დეპორტაცია შესაძლოა შემდგომ მოსმენამდეც განხორციელდეს.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ნენსი ფეზერის განცხადებით, ქვეყანა საქართველოსთან და მოლდოვასთან მიგრაციის ხელშეკრულების გაფორმებაზეც მუშაობს. მიგრაციის საკითხების მოგვარებით, გერმანიას, მისი სამუშაო ბაზრისთვის საჭირო მუშახელის მიღების გაძლიერება სურს, მათ შორის არიან ექთნები და სატვირთოს მძღოლები.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *