გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, გერჰარდ შრედერმა რუსული ნავთობგიგანტის, „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭო დატოვა, – ამის შესახებ ნავთობმომპოვებელი კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ. ყოფილი კანცლერის განცხადებით, ის „ამ თანამდებობაზე მუშაობას ვერ გააგრძელებდა“. როგორც ირკვევა, შრედერთან ერთად სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა Nord Stream AG-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ასევე გერმანელმა მატიას ვარნიგმაც.

„[შრედერმა და ვარნიგმა] კომპანიის საერთაშორისო ბიზნესი საგრძნობლად განავითარეს. ფასდაუდებელია მათი წვლილი იმ მასშტაბური რუსული და გერმანული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, რომლებმაც დადებითად იმოქმედეს, როგორც გერმანიის ეკონომიკისა და ინდუსტრიის ეფექტიანობაზე, ასევე მოსახლეობის კეთილდღეობაზე. გვესმის რა მათი გადაწყვეტილების, მადლობას ვუხდით დახმარებისთვის“, – ვკითხულობთ პრესრელიზში.

აღსანიშნავია, რომ გერჰარდ შრედერი, რომელიც გერმანიის კანცლერის პოსტს 1998-2005 წლებში იკავებდა, „როსნეფტს“ 2007 წლიდან ხელმძღვანელობს. ერთი წლით ადრე, 2006 წელს, ის Nord Stream AG-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. საინტერესოა, რომ ამა წლის თებერვალში, შრედერის კანდიდატურა დასამტკიცებლად „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგინეს, მაგრამ მისი დანიშვნის ან არდანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული. თუკი შრედერი „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მართლაც დაინიშნება, ის ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიძეს, ტიმურ კულიბაევს შეცვლის.

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ, გერჰარდ შრედერს გერმანიაში პრობლემები შეექმნა – მას ჩამოართვეს ყველა ის პრივილეგია, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნოდა, როგორც ყოფილ კანცლერს. აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტი შრედერს დაემუქრა, თუკი ის „როსნეფტს“ არ დატოვებდა, სანქციები მასზეც გავრცელდებოდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *