გერმანული ბანკი ქართული ბიზნესისთვის

გერმანული ბანკი ქართული ბიზნესისთვის

საქართველოში მოქმედი კომპანიებისთვის ფინანსურ ბაზარზე ახალი, მიმზიდველი შესაძლებლობა გაჩნდა. კომპანიებს დაფინანსების მიღება პირდაპირ გერმანული ბანკისგან ევროპული, შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით შეუძლიათ. ბიზნესების თანადაფინანსების პროგრამა – Co-Finance–ი ოთხი თვის წინ დაინერგა და “პროკრედიტ ბანკ საქართველოსა” და “პროკრედიტ ბანკ გერმანიის” თანამშრომლობის შედეგად უკვე დაფინანსდა რამდენიმე პროექტი.

Co-Finance-ის პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში მოქმედ ბიზნესებს, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ და ამისთვის ესაჭიროებათ ფინანსური სახსრები 750 ათასიდან – 5 მილიონ ევრომდე. დაფინანსების მიღება შესაძლებელია აშშ დოლარსა და ევროში, უპრეცედენტოდ დაბალ ფასად, თუმცა “გერმანულ პირობებს გერმანული მოთხოვნებიც ახლავს”, რაც გამოიხატება მკაცრად გამართულ ფინანსურ აღრიცხვიანობასა და სწორ მენეჯმენტში.

“თანადაფინანსების ფარგლებში, მოკლევადიან პროექტებს “პროკრედიტ ბანკი საქართველო” დააფინანსებს, გრძელვადიან ინვესტიციებს კი – “პროკრედიტ ბანკი გერმანია”. პროექტის მიხედვით, დაფინანსების განაწილება მოხდება თანაბარი დაფინანსების პრინციპით, თუმცა კონკრეტული პროექტის ან ბიზნესის საჭიროებისა თუ სპეციფიკაციის გათვალისწინებით, შესაძლებელია ინდივიდუალურად განისაზღვროს დაფინანსების პროპორციულობა”, – აღნიშნავს “პროკრედიტ ბანკ საქართველოს” დირექტორი ალექს მატუა.

“პროკრედიტ ბანკი საქართველო” მომხმარებელს სტანდარტულ ბიზნესსესხებს უცხოურ ვალუტაში ბაზარზე 6%-დან 9%-მდე ნომინალური საპროცენტო განაკვეთით სთავაზობს. Co- Finance-ის ფარგლებში კი კომპანიებს საშუალება ეძლევათ, დაფინანსება პირდაპირ გერმანული “პროკრედიტ ბანკისგან” 2,5%-დან 5%-მდე ნომინალური საპროცენტო განაკვეთით მიიღონ.

“ქართულ ფინანსურ ბაზარზე საბანკო პროდუქტების, მათ შორის სესხის პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროპულისგან. სესხზე საპროცენტო განაკვეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი განსაზღვრავს: მოზიდული სახსრების ღირებულება, რისკები და ადმინისტრაციული ხარჯები. ბოლო ორი კომპონენტი ამ კონკრეტულ შემთხვევაში თითქმის მსგავსია ქართული და გერმანული ბანკებისთვის, ხოლო რაც შეეხება მოზიდული სახსრების ფასს, ქართულ საბანკო სივრცეში, ევროპულთან შედარებით, იგი ბევრად მაღალია. სწორედ ეს განაპირობებს “პროკრედიტ ბანკ გერმანიისა” და “პროკრედიტ ბანკ საქართველოს” საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავებას”, – განმარტავს ალექს მატუა.

პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ, ანგარიშები დისტანციურად გახსნან გერმანიის “პროკრედიტ ბანკში” და მათთვის სასურველი ტრანზაქციები. ინტერნეტბანკინგით საქართველოდან განახორციელონ. Co- Finance-ის პროექტში პროკრედიტ ჯგუფის წევრი ყველა ევროპული ბანკი აქტიურად არის ჩართული. ამ დიდი ჯგუფის წევრობა ბანკებს საშუალებას აძლევს, ბიზნესსესხებზე საუკეთესო პირობებთან ერთად მომხმარებელს საერთაშორისო გადარიცხვებზეც განსაკუთრებული პირობები შესთავაზონ. “პროკრედიტ ბანკის” კლიენტებს ProPay–სისტემით ნებისმიერი ოდენობის ევროს გადარიცხვა პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით ფიქსირებულ ფასად – 2,5 ევროდ შეუძლიათ, ევროპის სხვა ქვეყნებში კი ტარიფი 5 ევროდან იწყება.

ქართულ ფინანსურ ბაზარზე თითქმის 20–წლიანი ისტორიის მქონე ევროპული ბანკი პოზიტიურად აფასებს ქვეყანაში ბიზნესის განვითარების ტენდენციებს და, შესაბამისად, განაგრძობს მცირე და საშუალო კომპანიების ხელშეწყობას.

“ბოლო წლების მანძილზე შესამჩნევია ბევრი ახალი ინვესტიცია სხვადასხვა მიმართულებით, კარგი გარემოა ბიზნესის კეთებისათვის. ჩვენ ვცდილობთ, განვითარებისთვის ყველა საჭირო პირობა შევუქმნათ ქართულ ბიზნესს და მოვარგოთ მას ბანკის ევროპული გამოცდილება. გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, გვსურს მომავალ წელს მნიშვნელოვნად გავიზარდოთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების თვალსაზრისით, რისთვისაც ყველა წინაპირობა გვაქვს. აღნიშნული სეგმენტი განვითარების აქტიურ ფაზაშია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მასში საბანკო სექტორის სწორი და დროული ჩართულობა”, – ამბობს ალექს მატუა და სჯერა, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი მძლავრი ინსტრუმენტია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა “პროკრედიტ ბანკის” თანადაფინანსების პროგრამა, რომელიც “კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს კომპანიების ხელშეწყობას დაფინანსებაზე საუკეთესო პირობების შეთავაზებით”.