გიგა ოჩხიკიძემ პარიზში მიმდინარე 2024 წლის პარაოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. გარდა ამისა, ქართველმა პარამძლეოსანმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში (F53) 9.66 მეტრი დააფიქსირა. მან მეორე ადგილზე გასულს მაროკოელ მეტოქეს, განი აბდელილას, 0.22 მეტრით აჯობა.
ეს პარაოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს წარმომადგენლის მიერ მოპოვებული მეორე ოქროს მედალია. პირველი ოქრო რიოს პარაოლიმპიადაზე პარაძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა მოიგო.
პარიზის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებს უკვე ორი მედალი აქვს მოპოვებული. პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო.
2024 წლის ზაფხულის პარაოლიმპიური თამაშები 28 აგვისტოს ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა. პარასპორტსმენებს შორის სპორტის 22 სახეობაში შეჯიბრი 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს პარიზის პარაოლიმპიადაზე 14 წარმომადგენელი ჰყავს.