Google-ი თანამშრომლებს ოფისებში სამუშაოდ 2021 წლის ზაფხულამდე არ დააბრუნებს

Google-ი თანამშრომლებს ოფისებში სამუშაოდ 2021 წლის ზაფხულამდე არ დააბრუნებს

Google-ი თავის თანამშრომლებს ოფისებში სამუშაოდ 2021 წლის ზაფხულამდე არ დააბრუნებს. ამის შესახებ Forbes-ი წერს. გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სანდარ პიჩაიმ Google-ის ხელმძღვანელ პირებთან დისკუსიის შედეგად მიიღო.

Google-ს ამ დრომდე დაგეგმილი ჰქონდა, რომ გასული თვიდან მსოფლიოს მასშტაბით ცალკეული თანამშრომლები დაებრუნებინა ოფისებში, ხოლო სრულად დისტანციური რეჟიმიდან საოფისე რეჟიმზე გადასვლას 2020 წლის ბოლოსთვის გეგმავდნენ.

როგორც WSJ წერს, Google-ის ბოლო გადაწყვეტილება თითქმის 200 000 თანამშრომელს შეეხება.

კორონავირუსის პანდემიის გამო, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა თანამშრომლები დისტანციურ რეჟიმზე მარტიდან გადაიყვანა. როგორც ცნობილია, Amazon-ის თანამშრომლებს თავდაპირველად უთხრეს, რომ მათ სახლიდან მუშაობა 2 ოქტომბრამდე შეეძლოთ, მოგვიანებით კი ეს თარიღი მომავალი წლის 2 იანვრამდე გადაწიეს. Microsoft-ის თანამშრომლები კი ერთ-ერთი პირველები იქნებიან, რომლებიც ოქტომბერში დაუბრუნდებიან ოფისებს. თუმცა, შესაძლოა, ამ კომპანიამაც გადაავადოს ეს თარიღი, ვინაიდან ამერიკის 30 შტატში ინფიცირების შემთხვევები მზარდია.