Google-მა რეკორდული კვარტალური შემოსავალი და მოგება მიიღო

Google-მა რეკორდული კვარტალური შემოსავალი და მოგება მიიღო

ამერიკული საძიებო სისტემა Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის კვარტალურმა შემოსავალმა Wall Street-ის ანალიტიკოსთა მოლოდინებს გადააჭარბა. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, Alphabet-მა $88.3 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მათ შორის $65.9 მილიარდი Google-ის სარეკლამო ბიზნესიდან.

Wall Street-ის ანალიტიკოსები, მესამე კვარტალში Alphabet-ის მიერ $86.4 მილიარდის შემოსავლის, ხოლო მხოლოდ Google-ის სარეკლამო ბიზნესიდან – $65.4 მილიარდის მიღებას ვარაუდობდნენ. კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე $2.12 შეადგინა, მესამე კვარტლის წმინდა მოგება კი – $26.3 მილიარდს გაუტოლდა. ნაცვლად, ანალიტიკოსთა მიერ პროგნოზირებული $1.84-ისა და $22.9 მილიარდისა.

მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემებმა, როგორც შემოსავლების, ასევე წმინდა მოგების მხრივ, ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. Alphabet-მა გააუმჯობესა 2023 წლის მეოთხე კვარტლის რეკორდული $86.3 მილიარდის შემოსავალი და 2024 წლის პირველი კვარტლის რეკორდული $23.7 მილიარდის მოგება.

ანგარიშის გამოქვეყნებიდან მცირე ხანში, Alphabet-ის აქციების ღირებულება 5%-ით გაიზარდა, რეგულარულ ვაჭრობაში კი აქციების ფასის ზრდამ, სამშაბათს, 1.7%-ს მიაღწია. საერთო ჯამში, ბოლო 12 თვის განმავლობაში, Alphabet-ის აქციების ფასი 37%-ითაა გაზრდილი.

eMarketer-ის თანახმად, Google-ის საბაზრო წილი, ციფრული რეკლამის გლობალურ ბაზარზე 25%-ს შეადგენს და კომპანია გამოიმუშავებს დაახლოებით ორჯერ მეტ შემოსავალს ციფრული რეკლამიდან, ვიდრე მისი კონკურენტი Meta. 2024 წლის მონაცემებით, Google-ის მიერ მიღებული ციფრული სარეკლამო შემოსავალი $65.9 მილიარდს, ხოლო Meta-ს შემთხვევაში – $39.4 მილიარდს აღწევს.