გრანთ თორნთონსა და საქართველოს ფინტექ ასოციაციას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

გრანთ თორნთონსა და საქართველოს ფინტექ ასოციაციას შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი

2023 წლის 5 აპრილს საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია გრანთ თორნთონსა და ააიპ საქართველოს ფინტექ ასოციაციას (FIA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრანთ თორნთონის ვიცე მმართველმა პარტნიორმა პაატა შურღაიამ და FIA -ს  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ დავით კიკვიძემ.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან,   შეიმუშაონ მხარდაჭერისა და თანამშრომლობის მექანიზმები ორმხრივად სასარგებლო კვლევებისა და პროექტების წარმოებისთვის. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას განახორციელონ კოორდინირებული აქტივობები ფინანსური ტექნოლოგიების (Fintech) სფეროში, კერძოდ: ერთობლივი პროექტები/კვლევები, დარგის განვითარების ხელშეწყობა კომპეტენციის ფარგლებში, ერთობლივი კონფერენციები, ლექციები და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები.

“ვფიქრობ ძალიან საინტერესო თანამშრომლობა გავაფორმეთ გრანთ თორნთონთან, რადგან ამ კომპანიას უაღრესად დიდი გამოცდილება გააჩნია საერთაშორისო მასშტაბით, შესაბამისად ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობა შეიძლება გახდეს, გრანთ თორნთონის დახმარებით ასოციაციის წევრ კომპანიებს სხვადასხვა სერვისებს შევთავაზებთ, რაც მათ ზრდაში და განვითარებაში დაეხმარება, გარდა ამისა ბევრ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ, რასაც ეტაპობრივად შევთავაზებთ ფინტექ საზოგადოებას” – აღნიშნა დავით კიკვიძემ.

როგორც პაატა შურღაიამ აღნიშნა – “საქართველოს ფინტექს ასოციაცია“ განვითარების ეტაპზეა და ამ განვითარების ხელშესაწყობად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო სტეიკჰოლდერების ჩართულობა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მემორანდუმის ფარგლებში, გრანთ თორნთონ საქართველო აპირებს გაუზიაროს ქსელის საერთაშორისო გამოცდილება, რასაც უზრუნველყოფენ ჩვენი კომპანიის ექსპერტები ბიზნეს პროცესების, საგადასახადო და იურიდიული მიმართულებებით.