„ჰადსონის ინსტიტუტმა“ ბრიტანეთის მთავრობას ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა

„ჰადსონის ინსტიტუტმა“ ბრიტანეთის მთავრობას ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა

„ჰადსონის ინსტიტუტის“ კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორმა ნეიტ სიბლიმ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. მასში ყურადღება ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე ქართველი მილიარდერის საკუთრებაში არსებულ ბიზნესებსა და ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების აუცილებლობაზეა გამახვილებული.

სიბლის სტატიაში საუბარია ე.წ. „ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ არსებულ ტერიტორიებზე“ (BOT), რომლებიც დიდი ხანია, საგადასახადო სამოთხედ მიიჩნევა. ანგარიშის თანახმად, „BOT-ები ძირითადად პატარა კუნძულოვანი ქვეყნებია, შორეულ ტერიტორიებზე, მცირე ბუნებრივი რესურსებით (თევზის გამოკლებით)“, თუმცა ბოლო წლებში მათი, როგორც ფულის გათეთრების გლობალური ჰაბის როლი, ყურადღების ცენტრში მოექცა. გაერთიანებული სამეფოს კონსერვატიული მთავრობის მსგავსად, „ბინძური ფულის“ ქვეყნიდან განდევნა და გამჭვირვალობის ზრდა მმართველი ლეიბორისტული პარტიის პრიორიტეტადაც იქცა.

„დაბალი (ან არარსებული) გადასახადების გარდა, BOT-ები დისკრეციას რამდენიმე (ანდაც მათ გარეშე) „იცნობდე შენს მომხმარებელს“ (KYC) რეგულაციის სახით გვთავაზობენ. თუმცა მდიდარი პირების მოსაზიდად შემუშავებულმა პოლიტიკამ ასევე მიიზიდა კრიმინალები, რომელთაც აშკარა მიზეზთა გამო, სურთ თავიანთი ფინანსური შეთანხმებები საიდუმლოდ დარჩეს მათი ქვეყნების ხელისუფლებისთვის“, – წერს სიბლი ანგარიშში და აღნიშნავს, რომ ამ ფაქტორის გამო, გაერთიანებულ სამეფოს ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა ჩინეთის, რუსეთის, ირანის და სხვა კლეპტოკრატიული დიქტატურის აღზევების ხელშეწყობაზე, რომელთაც, შიდა მმართველობის გაძლიერების შემდეგ, ახლა უკვე მიზნად გლობალური წესრიგის დამხობა დაისახეს.

თუმცა ეს ასევე ნიშნავს, რომ გაერთიანებულ სამეფოს აქვს პოტენციური ბერკეტებიც ამ რეჟიმების შესაკავებლად – და მთავრობამ მათ გამოსაყენებლად გამბედაობა უნდა გამოიჩინოს, – ვკითხულობთ „ჰადსონის ინსტიტუტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, სადაც აღნიშნულია, რომ მათ შორის სასწრაფო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც, საქართველოს დიქტატორად არის მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ სამთავრობო თანამდებობას არ იკავებს. „მისი მმართველი პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება“ არ მალავს თავის გეგმას, დაამხოს მოსახლეობის მისწრაფებები ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და სანაცვლოდ დააბრუნოს საქართველო რუსეთის კონტროლქვეშ“, – აღნიშნულია სტატიაში.

ანგარიშში სიბლი ასევე ეხება საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობებს და აღნიშნავს, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ღრმაწყლოვანი პორტის ასაშენებლად აშშ-ის მიერ სანქცირებული ჩინური სახელმწიფო კომპანიების მოწვევით, ივანიშვილმა ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის მიმართ მოწყვლადი არა მხოლოდ საქართველო, არამედ მთელი ევროპა გახადა. ამ და სხვა მიზეზების გამო, მკვლევარი გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს:

„დეკემბერში გაერთიანებულმა სამეფომ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, პროდემოკრატიული დემონსტრაციების ძალადობრივ ჩახშობაში მონაწილეობისთვის, ხუთ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. იანვარში აშშ ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და თავად ბიძინა ივანიშვილს დიდი ხნის ვადაგადაცილებული სანქციებიც დაუწესა. გაერთიანებული სამეფო მას [აშშ] უნდა მიჰყვეს მაშინაც კი, როდესაც ევროკავშირი, რუსეთის მეგობარი უნგრეთისა და სლოვაკეთის ლიდერების მიერ პროგნოზირებადი ვეტოების გამო, უმოქმედოდ დარჩა“.

სიბლის ვრცელი სტატიის მეორე ნაწილი მილიარდერი ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ ბიზნესებს შეეხება, რომლებიც სწორედ „ბრიტანეთის საზღვრებს გარეთ არსებულ ტერიტორიებზეა“ რეგისტრირებული. ანგარიშში ნათქვამია, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოავლინა ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი 95 კომპანია, რომლებიც რეგისტრირებულია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებსა და კაიმანის კუნძულებზე. როგორც BOT-ებს, ამ კუნძულებსაც სანქციების აღსრულება ევალებათ, რაც კომპანიებთან ნებისმიერი ტრანზაქციის აკრძალვით და მათ საკუთრებაში არსებული აქტივების გაყინვით გამოიხატება.

სიბლის თქმით, ივანიშვილის მსგავსი კლეპტოკრატები, იშვიათად იყვნენ იმდენად სულელები, რომ მთელი თავიანთი რესურსი ერთ კონკრეტულ არეალში ჩაედოთ: „ნაკლებად სავარაუდოა, რომ მისი საზღვარგარეთული ფინანსური აქტივები ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ან კაიმანის საბანკო ანგარიშებზე იყოს. ის განთავსებულია სხვა იურისდიქციებში მსგავსი სუსტი ზედამხედველობით, მაგრამ უკეთესი ფინანსური სექტორებით“.

„ჰადსონის ინსტიტუტის“ მკვლევრის თქმით, ლიბერალ-დემოკრატმა პარლამენტის წევრმა, ჯეიმს მაქკლირიმ, წარადგინა პირველი დღის შუამდგომლობა (არასავალდებულო რეზოლუცია, რომელიც გარკვეულწილად ემთხვევა კონგრესის აზრს), რომელიც ლეიბორისტულ მთავრობას ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის შუამდგომლობას მხოლოდ 15 დეპუტატი შეუერთდა, ძირითადად მისი პარტიიდან.

სიბლის შენიშვნით, მაქკლირი ერთადერთი პარლამენტარი არ არის, რომელმაც გაერთიანებული სამეფოს მხრიდან ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებაში „უცნაური შეფერხება“ შეამჩნია. ამის შესახებ საუბრობს ჰელსინკის კომიტეტის თავმჯდომარე ჯო უილსონიც, რომელმაც ასევე მოუწოდა გაერთიანებული სამეფოს მთავრობას ივანიშვილისა და მისი უახლოესი წრისთვის სანქციების დაწესებისკენ.

სტატიის ბოლოს „ჰადსონის ინსტიტუტის“ კლეპტოკრატიის კვლევის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ ივანიშვილის მსგავს კლეპტოკრატებს არ უნდა მიეცეთ საშუალება, გამოიყენონ BOT-ები მათი მოპარული სიმდიდრის გასათეთრებლად. თუმცა თუ ასე გაგრძელდება, უნდა იცხოვრონ შიშით, რომ გაერთიანებული სამეფო გამოიყენებს სანქციების ძალას მათ წინააღმდეგ.