კატარისა და ეგვიპტის შუამავლების შეთავაზების საპასუხოდ, დაჯგუფება „ჰამასმა“, ომის დაწყებიდან ოთხთვე-ნახევრის შემდეგ, ღაზაში ცეცხლის შესაწყვეტად თავისი გეგმა წარადგინა. შუამავლების შეთავაზება, რომელიც „ჰამასს“ გასულ კვირას გაეგზავნა, აშშ-ისა და ისრაელის მიერაა მხარდაჭერილი.
როგორც გამოცემა Reuters-ი დოკუმენტებზე დაყრდნობით ირწმუნება, ტერორისტული დაჯგუფების კონტრწინადადება სამი ფაზისგან შედგება, თითოეული მათგანი კი 45 დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეთანხმებით, „ჰამასი“ 7 ოქტომბერს დატყვევებულ მძევლებს პალესტინელ პატიმრებში გაცვლის, დაიწყება ღაზის რეკონსტრუქცია, ცხედრებისა და ნეშტების გადმოსვენება, ხოლო ისრაელის ძალები სრულად დატოვებენ ტერიტორიას.
„ჰამასის“ შეთავაზებით, პირველი 45 დღის განმავლობაში, გათავისუფლდება ყველა მძევალი ქალი, 19 წლამდე მამაკაცები, ასევე მოხუცები და ავადმყოფები. საპასუხოდ კი, ისრაელი ციხეებიდან პალესტინელ ქალებსა და ბავშვებს გაათავისუფლებს. დარჩენილი მძევლები მეორე ფაზაში გათავისუფლდებიან, ბოლო ეტაპი კი ცხედრების გაცვლას ითვალისწინებს.
ზავის პირობებით, გაიზრდება საკვებისა და სხვა დახმარებების მიწოდება ღაზის მოსახლეობისთვის, რომელიც ბოლო თვეებია, შიმშილსა და ძირითადი მარაგების დეფიციტს განიცდის. მესამე ფაზის დასასრულს, „ჰამასი“ იმედოვნებს, რომ მხარეები ომის დასრულებაზე შეთანხმებასაც მიაღწევენ.
გასულ ღამეს ისრაელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც ეწვია, რომელიც კატარისა და ეგვიპტის წარმომადგენლებს შეხვდა.