ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ვაჟი, ჰანტერ ბაიდენი დელავერის სასამართლომ იარაღის უკანონოდ შეძენის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ნაფიც მსაჯულთა განჩინებით, ჰანტერ ბაიდენმა იარაღის შეძენისას ოფიციალურ დოკუმენტებში ჩაწერა, რომ ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი აღარ იყო, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა.
შემთხვევა 2018 წელს მოხდა. სასამართლო დოკუმენტებზე დაყრდნობით, ჰანტერ ბაიდენმა „კოლტის“ ტიპის რევოლვერი 2018 წლის ოქტომბერში შეიძინა, მაშინ როდესაც თავად კოკაინს მოიხმარდა. პროკურორებმა სასამართლოზე მტკიცებულებად ჰანტერის მემუარები და მისი ელექტრონული მოწყობილობებიდან ამოღებული შეტყობინებები გამოიყენეს.
შესყიდვის გარდა, სასამართლო პრეზიდენტ ბაიდენის ვაჟს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების პერიოდში იარაღის ფლობასაც ედავება, რაც აშშ-ის კანონმდებლობით დაუშვებელია. ჰანტერ ბაიდენისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის მაქსიმალურ ზომას, 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან $750,000-მდე ჯარიმას ითვალისწინებს.
უფლებადამცველების მტკიცებით, ჰანტერ ბაიდენს იარაღის შეძენისას დოკუმენტებში არასწორი ინფორმაცია შეგნებულად არ ჩაუწერია, რადგან იმ დროს თავადაც სჯეროდა, რომ „სუფთა“ იყო. მათივე თქმით, სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილების გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებებიც არ ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნულმა პროკურორმა დევიდ ვეისმა დაიწყო. კომენტარი გააკეთა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმაც. ჯო ბაიდენის განცხადებით, ის და მისი მეუღლე ამაყობენ თავიანთი შვილის დღევანდელი მდგომარეობით, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებას სრულად პატივს სცემენ. ABC News-თან ბაიდენმა ისიც თქვა, რომ შვილის შეწყალებას არ გეგმავდა.