Hermès-ის კუბოკრული აბრეშუმის შარფი, რომელიც არაერთი თვალსაზრისით წარმოადგენს სრულყოფილ ტილოს, ახლა აფრიკული თემატიკით წარდგა საზოგადოების წინაშე. პარიზულმა ბრენდმა თამამშრომლობა დაიწყო სამხრეთაფრიკულ ხელოვნების სტუდია Ardmore Ceramics-თან და მათ ერთობლივად შექმნეს შარფების ახალი კოლექცია სახელად La Marche du Zambèze (მდინარე ზამბეზიზე გასეირნება). კოლექციაში გაერთიანებულია სხვადასხვა დიზაინი, რომელიც შექმნილია ზულუს, ზიმბაბვესა და სოთოს მეთუნეების მიერ. 1985 მხატვარმა ფეე ჰალსტედმა კვაზული-ნატალში მეთუნეობის სკოლა Ardmore დააარსა. სწორედ მისი მოწაფეები მონაწილეობდნენ ამ კოლექციის შექმნაში.
Ardmore-ის მხატვრები ცნობილი არიან ფლორისა და ფაუნის ამსახველი ძალზე ეგზოტიკური და სიცოცხლით აღსავსე ნახატებით და ასევე თავიანთი კერამიკული ნაწარმით – სტატუეტებით დაწყებული, ჩაისა და სადილის სასერვიზე ჭურჭლით დამთავრებული, რომელზეც პალმები ან სპილოებია აღბეჭდილი. მათი ნამუშევრები ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს კოლექციონერთა შორის.
მოლაპარაკებები თანამშრომლობასთან დაკავშირებით ორწელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. Hermès-მა არჩევანი ორ დიზაინზე – The Savana Dance-სა და La Marche du Zambèze-ზე შეაჩერა – ისინი ხელოვნების ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი ძალზე მკაფიო სტილით ასახავენ ზამბეზის ველურ ბუნებას. დიზაინი სახელწოდებით „სავანის ცეკვა” ასახავს მაიმუნს, რომელსაც მისდევს ლეოპარდი, ხოლო მათ გარშემო გიგანტური მცენარე პროტეა ყვავის. Hermès-ის მიერ შერჩეულ მეორე დიზაინში სახელწოდებით „მდინარე ზამბეზიზე გასეირნება” ეგზოტიკური ფლორის ფონზე აღბეჭდილია სპილოები, ლეოპარდები, ჟირაფები და ნიანგები. ამ ნახატების ავტორი წარმოშობით ზიმბაბველი მხატვარი სიდნი ნიაბეზე გახლავთ.
აბრეშუმის ხელსახვევების ზომა არის 36 x 36 დუიმი და მათი შეძენა Hermès-ის რჩეულ ბუტიკებსა და ინტერნეტითაა შესაძლებელია. მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი ფერი, ხოლო თითოეულის ფასი მერყეობს €265-დან €345-მდე.