Huawei-მ დასაკეცი სმარტფონი წარადგინა, თუმცა მხოლოდ ჩინეთის ბაზრისთვის. ჩინური კომპანია, ამერიკული სანქციების გამო, მის სხვა ბაზარზე გატანას ჯერ ვერ ახერხებს.
როგორც Associated Press-ი წერს, ახალი სმარტფონი – Mate X2-ი 8-ინჩიანია, ფართო ეკრანით. Mate X2-ს უფრო მეტად მკაფიო გამოსახულება და ფილმების ყურებისა და თამაშებისთვის უკეთესი ხმის სისტემა აქვს.
Mate X2-ის ფასი ჩინეთში დაახლოებით $2,785-ია.
მისი წარმოება Huawei-სთვის არაერთ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული. უპირველესად ვაშინგტონის სანქციების გამო, მას წვდომა აღარ ჰქონდა ამერიკულ ჩიპებზე და Google-სერვისზე, რამაც მისი შექმნა და წარმოება გაართულა, მაგრამ, როგორც კომპანიაში აცხადებენ, ჩიპებისა და სხვა კომპონენტების დასაწყობება სანქციების ამოქმედებამდე ნაწილობრივ მოასწრეს. თუმცა ჯერ უცნობია, რა მარაგზეა საუბარი და რამდენ ხანს შეიძლება იმყოფინოს ის კომპანიამ.
ცნობისთვის, Huawei-ს სმარტფონების ბაზრის დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის, კერძოდ, 2020 წელს კომპანიის გაყიდვების 70% სწორედ ადგილობრივ ბაზარზე მოდიოდა, 2019 წელს კი – 50%. Google-სერვისებზე წვდომის შეზღუდვა კომპანიისთვის ჩინურ ბაზარზე გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან ამ ქვეყანაში Google-ის საძიებო სისტემას არ იყენებენ. რაც შეეხება ჩიპებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მმართველმა კომუნისტურმა პარტიამ მილიარდობით დოლარი დახარჯა საკუთარი ჩიპების ინდუსტრიის შესაქმნელად, ადგილობრივი კომპანიები ვერ აწარმოებენ იმ ტექნოლოგიების ჩიპებს, რასაც Huawei ბოლო თაობის პროდუქტის შესაქმნელად იყენებს.