გერმანული მოდის სახლი Hugo Boss-ი წლის მეორე კვარტალიდან ეტაპობრივ აღდგენას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის გამო შეზღუდვები ბიზნესს საგრძნობლად აზარალებს, კომპანიის მოლოდინია, რომ ზრდა გარდაუვალი იქნება.
“მიუხედავად იმისა, რომ პანდემია კვლავ უმძიმეს ტვირთად აწევს ბიზნესს, დარწმუნებული ვარ, რომ 2021 წლის მეორე კვარტალიდან გაყიდვები და საოპერაციო შემოსავლები ზრდას დაიწყებს“, – განაცხადა კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ივ მიულერმა.
Hugo Boss-ში ასევე ამბობენ, რომ უფრო მეტად ყოველდღიური სტილის ტანისამოსის წარმოებაზე გააკეთებენ აქცენტს, ვინაიდან პანდემიის გამო, მომხმარებლების დიდი ნაწილის მხრიდან ოფიციალურ ტანსაცმელზე მოთხოვნა შემცირდა, რაც დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლამ განაპირობა.
კომპანიის გაყიდვები 2020 წლის ბოლო კვარტალში 29%-ით შემცირდა და 583 მილიონი ევრო შეადგინა, თუმცა ხარჯების შემცირების შედეგად Hugo Boss-ის შემოსავლებმა 13 მილიონ ევროს მაინც მიაღწია. პარალელურად, გაიზარდა ონლაინ გაყიდვებიც, თან ძალიან სწრაფად. როგორც კომპანიაში ამბობენ, 2020 წელს ონლაინ გაყიდვების მოცულობამ 200 მილიონ ევროს პირველად გადააჭარბა.
მაშინ როდესაც ევროპაში მაღაზიათა უმრავლესობა კვლავ დაკეტილია, Hugo Boss-ის გაყიდვები ამერიკისა და აზიის ბაზრების ხარჯზე მაინც მზარდია. ცნობისთვის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზე Hugo Boss-ის მთავარი კონკურენტი Burberry-ც ზრდას განიცდის.