Credit Suisse-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის I კვარტალში ბანკმა 61 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (დაახლ. $68 მილიარდი) აქტივები დაკარგა. ეს ხაზს უსვამს UBS-ის წინაშე არსებულ გამოწვევას, რომელიც თავისი კონკურენტის გადარჩენას ცდილობს.
შეგახსენებთ, შვეიცარიის უმსხვილეს ბანკს ფაქტობრივად გაკოტრებული Credit Suisse-ის ყიდვა მთავრობის წარმომადგენლების, მარეგულირებლებისა და კანონმდებლების მითითებით მოუწია. გადაწყვეტილება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კოორდინაციით იქნა მიღებული.
Credit Suisse-მა განაცხადა, რომ ბანკიდან გატანილი თანხის უმეტესი ნაწილი მისი ქონების მართვის განყოფილებაზე მოდის და გადინება ყველა რეგიონში აღინიშნა. აქვე შეგახსენებთ, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში კლიენტებმა ბანკიდან 110.5 მილიარდი ფრანკი გაიტანეს.
167-წლიანი ისტორიის მქონე ბანკმა შედეგები დამოუკიდებლად, სავარაუდოდ, ბოლოჯერ გამოაქვეყნა, რადგან ის მალე UBS-ს საბოლოოდ შეერწყმება.
აღსანიშნავია, რომ როგორც UBS-ის, ასევე Credit Suisse-ის აქციების ფასი სიახლის გამოცხადებისას დაახლოებით 2%-ით გაიზარდა. ანალიტიკოსების ნაწილი მოვლენების უფრო ცუდი სცენარით განვითარებას ელოდა. მათი თქმით, გადინების მაჩვენებელი არც ისე ცუდი აღმოჩნდა, როგორც შიშობდნენ.