იაპონია ქვეყანაში ფინანსური ექსპერტების მოზიდვის მიზნით, საგადასახადო შეღავათებს გეგმავს

იაპონია ქვეყანაში ფინანსური ექსპერტების მოზიდვის მიზნით, საგადასახადო შეღავათებს გეგმავს

იაპონია გეგმავს საგადასახადო შეღავათები შესთავაზოს გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში ჩასულ უცხოელ მაცხოვრებლებს, და ამით ხელი შეუწყოს იაპონიის როგორც მთავარი საერთაშორისო ფინანსური ჰაბის ჩამოყალიბებას. ამის შესახებ იაპონური მედია სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს.

ამჟამინდელი სისტემით, იაპონია მემკვიდრეობის გადასასახადს აწესებს უცხოელების კუთვნილ საზღვარგარეთ არსებულ აქტივებზე, თუ ისინი იაპონიაში 10 წელზე დიდხანს ცხოვრობენ, თუმცა, ახალი რეგულაციით, რომლის დაწესებაც განიხილება, უცხოელები ამ გადასახადს აღარ გადაიხდიან.

გარდა ამისა, იაპონიის მთავრობა გეგმავს ხელი შეუწყოს კორპორატიული გადასახადების შემცირებას. ეს წამახალისებელი ნაბიჯები გათვალისწინებული იქნება 2021 წლის საგადასახადო რეფორმის პაკეტში, რომელსაც მმართველი პარტია ამზადებს. როგორც მოსალოდნელია რეფორმების პაკეტი მთავრობამ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში ის პარლამენტს უნდა წარედგინოს.

ეს შეღავათები ხელს შეუწყობს ბევრი მაღალკვალიფიციური ფინანსისტისა და პროფესიონალის დარჩენას იაპონიაში, ვინაიდან ამჟამინდელი საგადასახადო წესების მიხედვით, ისინი ხშირ შემთხვევაში, ქვეყანაში 10 წლამდე პერიოდით ცხოვრობენ, რათა თავიდან აირიდონ მაგალითად, სამემკვიდრეო გადასახადები. 10 წლამდე პერიოდით ვინც ცხოვრობს იაპონიაში, მათ მხოლოდ იმ ქონების გადასახადის გადახდა უწევთ, რასაც იაპონიაში ფლობენ.

“საგადასახადო შეღავათები მათთვის იქნება ერთგვარი მესიჯი, რომ ჩვენ გვინდა ისინი აქ უფრო დიდხანს ცხოვრობდნენ და უფრო დიდხანს მუშაობდნენ იაპონიაში“, – განუცხადა სამთავრობო წყარომ იაპონურ მედიას.

ცნობისთვის, იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იოსიჰიდე სუგამ პარლამენტში პირველი გამოსვლისას განაცხადა, რომ იაპონია იმედოვნებს, რომ გახდება გლობალური ფინანსური ცენტრი.

ტოკიოს, ოსაკასა და ფუკუოკას მოიაზრებენ სამომავლონდ ჰონგ-კონგის ჩამნაცვლებლად, რომელიც ამჟამად აზიის ფინანსურ ჰაბს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მაღალი გადასახადები და ენის ბარიერი არის ძირითადად ის, რის გამოც იაპონია ფინანსისტებისთვის ნაკლებად მიმზიდველია.

იმისათვის რომ ქვეყანა მოემზადოს უფრო მეტი უცხოური ფინანსური ინსტიტუტის და საინვესტიციო ფონდის მისაღებად, იაპონიის ფინანსთა სამინისტრო და ფინანსური სერვისების სააგენტო აცხადებენ, რომ იანვარში აპირებენ გახსნან სპეცალური ოფისი, სადაც უცხოელებს რჩევებს და კონსულტაციებს ინგლისურ ენაზე გაუწევენ.