იაპონიის პრემიერი: იაპონია NATO-ში არ გაწევრიანდება, თუმცა ადგილობრივი ოფისის გახსნას განვიხილავთ

იაპონიის პრემიერი: იაპონია NATO-ში არ გაწევრიანდება, თუმცა ადგილობრივი ოფისის გახსნას განვიხილავთ

იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ გეგმავს, თუმცა იაპონიაში NATO-ს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში NATO-ს ოფისის გახსნის შესახებ ინფორმაცია თითქმის ერთი თვის წინ აშშ-ში იაპონიის ელჩმა გაავრცელა. ცნობისთვის, რეგიონში არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების აღმოფხვრის მიზნითტოკიოში გახსნილი ოფისი აზიაში NATO-ს პირველი წარმომადგენლობა იქნება.

თავად ალიანსი აღნიშნულის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს. ფუმიო კიშიდას განმარტებით, საკითხი მხოლოდ განხილვის ეტაპზეა და მასთან დაკავშირებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებაზე ინფორმაციას არ ფლობს.

შეგახსენებთ, რომ იაპონია ალიანსის არაწევრი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდრო და სტრატეგიული პარტნიორია. 1990-იან წლებში NATO-სა და იაპონიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა. 2013 წელს კი სამხედრო ბლოკსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ პოლიტიკურ დეკლარაციასაც მოეწერა ხელი.