იბიცა: ხმელთაშუა ზღვის ღამეები

იბიცა: ხმელთაშუა ზღვის ღამეები

ესპანეთის პატარა ეროტიკული კუნძული, იბიცა, კვლავაც აკრძალული, ექსტრავაგანტურობისთვის შესაფერი რეპუტაციის პრინციპებით ცხოვრებას განაგრძობს, როგორც თავისი ველური პერსონაჟებით, ასევე ველურ პლაჟზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარე ბაკქანალიებით. მაგრამ ახლა ფულიანი ხალხის, სამეფო ოჯახის წევრების, მაგნატების, პოლიტიკოსების, დასასვენებლად ჩამოსული სელებრიტების წყალობით, ის ახლებური ცხოვრების სტილის დამკვიდრების ზღვარზეა.

ეს გახლავთ ლამაზი, სრულწლოვანებამდე მიღწევის ისტორია, რომელიც ზაფხულში, ვნებითა და აკვიატებით, პაპარაცების მიერ მატიანეში იქნა შეტანილი. ამდენი ცნობილი ადამიანით სავსე იახტებს კუნძულ იბიცასთან მანამდე ღუზა არასდროს ჩაუშვია. ზღვაში მოცურავე ვარსკვლავებისთვის მომენტალურად გადაღებული ყოველდღიური ფოტოსურათები, რომლებმაც მედიასაშუალებები გადაავსო, იმის დამამტკიცებელი საბუთი იყო, რომ იბიცამ, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილმა, ბოლოს და ბოლოს მოწიფულობის ასაკში შეაბიჯა – მიუხედავად ორლანდო ბლუმისა და ჯასტინ ბიბერის რესტორანში მომხდარი ძალზე გახმაურებული წაკინკლავების ამბისა, რომელმაც დაამტკიცა, რომ თვითონ ეს ვარსკვლავები ჯერ კიდევ მოუმწიფებლები არიან. წელს, ზაფხულში, იბიცა აღთქმულ ქვეყანას აღარ წარმოადგენდა მხოლოდ კოლეჯის ბავშვებისთვის, “დრედებიანი” (ბევრნაწნავიანი თმის ვარცხნილობა) ნუდისტებისა და არისტოკრატული წარმოშობის მქონე განდგომილებისთვის, რომლებიც რელიგიურ გამოცდილებას კუნძულზე მდებარე ცნობილ 24-საათიან ღამის კლუბებში იძენდნენ. ამჟამად კუნძული მსოფლიოს ყველაზე მოდური, გავლენიანი, ბობოლა გადამხდელების მიერ იჯავშნება, რომლებიც მწკრივში მიჰყვებიან მოდელებს, ფოტოგრაფებს, მოდის დიზაინერებსა და არტდირექტორებს, რადგან ესენი, როგორც წესი, წვეულებებზე ყოველთვის პირველები ჩნდებიან.

დიახ: ეს ის იბიცაა, სადაც პრინცი უილიამი კეიტ მიდლტონის კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა და ვერ აცნობიერებდა, რომ ეს იმ სახლში ხდებოდა, რომელიც კეიტის ნარკოტიკებით მოვაჭრე ბიძას, დედის მხრიდან, ეკუთვნოდა. ამ კუნძულს ყოველთვის თავაშვებული ადგილის რეპუტაცია ჰქონდა. წვეულებები დღესაც იქ გრძელდება, სადაც დისკოთეკები აქაფებულ საცეკვაო მოედნებზე პულსირებენ და ფეთქავენ (პერის ჰილტონი სწორედ ერთ ასეთს Amnesia-ში მასპინძლობს). წლევანდელი ზაფხულის ნამდვილი მშვენება ღამის კლუბი Pacha იყო, რომლის წყალობითაც იბიცა საერთაშორისო რუკაზე მოხვდა, რადგან აქ დედოფალი სტაჰი გამოდიოდა – ტრაპეციაზე მოვარჯიშე საჰაერო გიმნასტი უკანალიდან მანათობელი თავისი ლაზერული სინათლის ხმლით – ეს იყო სექსის, ცირკისა და სპეციალური ეფექტების პრიზმული ერთობლიობა. ბოლო ხანებში ამ კუნძულის ღამის ცხოვრება სწორედ ასეთი ნაზავითაა გაჯერებული.

მაგრამ ჩამოყალიბების პროცესშია ახალი ტიპის იბიცა – ადგილი, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ კამერონი და Yahoo-ს გენერალური დირექტორი, მარისა მეიერი, თავიანთი ოჯახებით არდადეგებს ატარებენ; სადაც შეუძლებელია მილიარდერების, ლაქშმი მიტალის, რომან აბრამოვიჩის, დევიდ გეფენისა და საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის თეთრაფრიანი იახტები შეუმჩნეველი დაგრჩეთ. ამ ბოლო დროს იბიცა გამოიყურება და მოქმედებს, როგორც ზრდასრული კურორტი. აი, რას ამბობს იუველირი და ინტერიერის დიზაინერი ჯეიდ ჯაგერი, რომელსაც კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში რამდენიმე სახლი აქვს და უკვე 18 წელია, რაც კუნძულს სტუმრობს: “სულ ცოტა ხნის წინ მე თვითონ ვაწყობდი აქ დისკოთეკებს – ის საკუთარ საღამოებს ღამის კლუბ Pacha-ში მართავდა – წარმოუდგენლად სწრაფად ის ჩემთვის სრულიად უცნობი ადგილი გახდა. ვფიქრობ, წელიწადში ერთხელ ცუდი არ იქნებოდა ისეთ დისკოთეკებზე მოხვედრა, როგორიც ახლა ეწყობა”. იბიცამ დადგენილებებიც კი მიიღო (სპორადულად სამართლებრივი სანქციით უზრუნველყოფილი) კლუბების დილის 6.30-მდე დახურვის შესახებ; როგორც ჩანს, სკოლაში მიმავალი ბავშვები ქუჩებში ისეთ სანახაობას აწყდებოდნენ, სულაც რომ არ იყო მათთვის განკუთვნილი.

ეს ციცქნა კუნძული ყოველთვის მანჰეტენივით დიდად აღიქმებოდა, მაგრამ ახლა ის გზის გასაყარზე დგას. კუნძულის სამხრეთი ნაწილი უფრო ექსტრავერტულ ხასიათს ატარებს, ეს ის სასტარტო ხაზია, სადაც თვითმფრინავები და იახტები გროვდებიან, სადაც უმეტესობა მთელ დროს მზით განათებულ ქვიშიან პლაჟებსა და დღე და ღამე მხიარულებისა და ანცობის შემომთავაზებელ ღამის კლუბებში ატარებს. კუნძულის ჩრდილოეთი უფრო გამოცდილი მოთამაშეებისთვისაა: ძროხებითა და პატარა ყურეებით სავსე უფრო უბრალო და სოფლური გარემო. “იბიცა დიდი რისკია, მაგრამ იმავდროულად დიდი ჯილდოცაა, – ამბობს არქიტექტორი დენიელ რომუალდესი, რომელიც ათი წელია, კუნძულს სტუმრობს და მისი ორივე ნაწილის მოთამაშეა – ჩრდილოეთისაც და სამხრეთისაც. – გამოკვლევა უნდა ჩაატარო. ერთი არასწორი ნაბიჯი და ჯოჯოხეთში აღმოჩნდები, მაგრამ სწორი ნაბიჯი, სამაგიეროდ, სრულყოფილებამდე მიგიყვანს”.

იბიცაზე დასვენებისთვის სწორი არჩევანის გასაკეთებლად, ბევრმა გამოჩენილმა ადამიანმა, მაგალითად, კალვინ კლეინმა, კეიტ მოსმა და პოლ მაკარტნიმ სერენა კუკს მიმართეს, რომელიც კომპანია Deliciously Sorted Ibiza-ს მფლობელია. ეს კომპანია კუნძულზე დამსვენებელთა ნებისმიერ პრობლემას აგვარებს. კომპანიის ზრდის ტენდენციამ გასულ წელს 26% შეადგინა. სერენას კლიენტების სურვილის ასასრულებლად რა არ გაუკეთებია: დაწყებული კერძო თვითმფრინავით თეთრი ვარდების ჩამოსატანად ბარსელონაზე გადაფრენით და დილის 6 საათზე ელექტროგიტარის შოვნით დამთავრებული; თუმცა თქვენი დაბადების დღისთვის ლომის ლეკვების ან მოცეკვავე დათვების მოყვანა მას არც დაავალოთ, როგორც ეს ახლახან ერთ-ერთმა კლიენტმა სთხოვა. “მე ცხოველების გასართობად გამოყენების წინააღმდეგი ვარ”, – ამბობს ის.

Ibiza Gran Hotel-ი, რომელიც თავისი არსებობის ექვს წელს ითვლის, შედარებით ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. ის იახტების პარკინგთან მდებარეობს და უფრო მეტად Marina Ibiza-ს სახელითაა ცნობილი. ამ სასტუმროს გარე ნაწილი უცნაურია და ციხეს მოგაგონებთ. ეს ის სასტუმროა, გასულ ზაფხულს კენი უესტი და კიმ კარდაშიანი რომ იყვნენ გაჩერებულები. უესტმა, Givenchy-ის დიზაინერის, რიკარდო ტისის დაბადების დღეზე სწორედ აქ იმღერა. გვერდითა შესასვლელთან განთავსებული ნეონის აბრა განათებული წარწერით “ჯუზეპე სიპრიანი წარმოადგენს იბიცას დაუნტაუნს” ისეთ შთაბეჭდილებას ახდენს, თითქოს ეს რესტორნის კი არა, შოუსთვის განკუთვნილი შენობაა. სასტუმროს შიგნით, ისევე, როგორც El Morocco-ში, ატმოსფერო დახვეწილი და ელეგანტურია. იქაურობას ბუდუარის სკამები ამშვენებს, ხოლო ოფიციანტები პეპელას ტიპის ჰალსტუხებით დამშვენებულები გემსახურებიან. “დიდ ბენდთან” ერთად სოლისტი საქსოფონისტი ქალი გამოდის. კედელზე ფელინის “La Dolce Vita” ციმციმებს, რომელიც საერთო ფონს ქმნის. “აქ ჯუზეპეს სანახავად მოვედი”, – ვეუბნები.

“განა ყველა ამისთვის არ მოდის აქ?” – მპასუხობს ჯანი და მაღალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე არშემდგარი მოდელისკენ მიმანიშნებს. ისინი ბართან, მავთულზე ჩამომჯდარი მტრედებივით, ჩამწკრივებულან. ეს იმ ტიპის ლამაზმანები არიან, რომლებიც თანმხლები პირების გარეშე ცივილიზაციისგან შორს მდებარე ადგილებში იშვიათად დადიან.

დაახლოებით შუაღამეს სიპრიანი შემოდის და მიხვედრილი ბარმენი მაშინვე ხელში Sazerac-ს (კონიაკის ან ვისკის კოქტეილი) აჩეჩებს. Cipriani Worldwide-ის სიმპათიური პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი მაისიდან ოქტომბრამდე აქ ცხოვრობს. “ხალხს ისეთი წარმოდგენა აქვს იბიცაზე, თითქოს ის ხმელთაშუა ზღვის ის კუნძულია, რომელზეც შეშლილი წვეულებების მეტი არაფერი ხდება”, – ამბობს ის. სამი წლის წინ მან გადაწყვიტა, რომ კუნძული მზად იყო დღევანდელისაგან სრულიად განსხვავებული, კლასიკური გარემოს შესაქმნელად. “ისეთი გარემოსთვის, როგორიც მე მიყვარს”. ახლა სიპრიანის კონკურენციას რობერტო კავალი უწევს, რომელმაც რესტორანი იქვე გახსნა. მალე მას ასევე du Soleil-ის გენერალური დირექტორი, გაი ლალიბერტე შეეჯიბრება, რომელიც Ibiza Gran Hotel-ში მოწყობილი “თეატრალური ვახშმების” მსგავსი შოუების ჩატარებას სიურრეალისტი ესპანელი შეფ-მზარეულების, ფერანისა და ალბერტ ადრიას მონაწილეობით გეგმავს, მაგრამ სადმე სხვა ადგილას. იმავდროულად, ხმები გავრცელდა, რომ სიპრიანიმ თავისი საყვარელი იახტა, Gin Tonic-ი გაყიდა. მიმართა რა ინვესტორების ჯგუფს, მან ახლახან, იქვე, ახლომახლო მდებარე უზარმაზარ შენობაში, $10 მილიონზე მეტი გადაიხადა. იქ ის რესტორნითა და კომერციული ცენტრით აღჭურვილი მდიდრული სასტუმრო კომპლექსის გახსნას გეგმავს.

ადგილობრივი მცხოვრებლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, რომ იბიცა მალე ვეგასს დაემსგავსება, ვეგასს – კაზინოების გარეშე (Gran-ის კაზინო კუნძულზე ერთადერთი ასეთი დაწესებულებაა და აქ თამაში იმდენად უხალისო საქმიანობად ითვლება, რომ მალე მას სხვა ტიპის დაწესებულებად გადაკეთება ემუქრება). Marina Ibiza-ში განლაგებული იახტების შუაგულში მდებარეობს Lío, სამი წლის წინ გახსნილი კაბარე, რომელიც ურგელიების ოჯახის მმართველობით ფუნქციონირებს (იმავე ოჯახის საკუთრებაა Pacha). კაბარე Lío-დან ფართო ხედი იშლება კუნძულ ფორმენტერას ბორნებზე, რომლებიც ისტორიული გალავნით გარშემორტყმული ქალაქის დალტ-ვილას ქვემოთ მდებარე პორტში დასრიალებენ. ნებისმიერ ადამიანს ატლანტის ოკეანის გაღმა მხრიდან, ეს მსუბუქად ეროტიკული ვარიეტე, 60-დოლარიანი პამიდვრისა და ლობსტერის წვნიანის თანხლებით, ცოტა არ იყოს ეშმაკისეული კრუიზის გემად მოეჩვენება, მაგრამ ევროებიანი მდიდრები მისთვის ჭკუას კარგავენ. და მათთვის ის ერთ-ერთი ყველაზე მოდური ადგილია. Lío-დან, მანქანით 10 წუთის სავალზე მდებარე Sublimotion-ი, Hard Rock Hotel-ში, Playa d’en Bossa-ს განახლებულ რაიონში, კიდევ ერთი სასადილო ადგილია, რომელიც ოპტიკური ოინებითა და კოსტიუმირებული სპექტაკლითაა განთქმული. $24 000 ღირებულების დახურული სადილი 12-კაციან მაგიდასთან, რომელიც Ernst Blofeld-ის საკონფერენციო მაგიდას წააგავს, ამ რესტორანს, მთელ მსოფლიოში, ყველაზე ძვირად ღირებულ საკვებ დაწესებულებად აქცევს. “ახლა, სადაც უნდა წახვიდეთ, ყველგან შოუ დაგხვდებათ”, – ამბობს ჰიორდის ფოგელბერგი. მან, ფაქტობრივად, მთელი თავისი ცხოვრება აქ გაატარა.სწორედ ის გახლავთ ავტორი ახალი მეგზურისა, “My Ibiza” (“ჩემი იბიცა”).

ისევე, როგორც საცეკვაო ელექტრონული მუსიკისა და ნარკოტიკული საშუალებების შემთხვევაში, იბიცა დამსვენებელთა აღვირახსნილი ქცევით სარგებლობას განაგრძობს. უფრო ახლებური, საქმიანი იბიცა ვარაუდობს, რომ ხალხს, წარსულში ღრეობებზე შეთანხმებული სიარულისა და ხელშეკრულებით სხვადასხვა ტრიუკის კეთების ერთმანეთისგან გარჩევა გაუჭირდება. არსებული ცნობების თანახმად, ივლისში, გაუქმებულ სამხედრო ბუნკერში, რომელიც კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს, “Eyes Wide Shut” (“ფართოდ დახუჭული თვალები”) – თემატურ ორგიას 2000 კაცი დაესწრო. ბორკილებდადებული ლამაზმანები, რომლებსაც ფულს უხდიან, რომ პუბლიკის წინაშე საკუთარ თავს ასიამოვნონ, ისეთივე ავთენტურობას ამჟღავნებდნენ, როგორსაც “იმიჯის გოგონები,” რომლებსაც ახლა ზოგიერთი ელიტარული დაწესებულება ქირაობს და საცხოვრებლითაც უზრუნველყოფს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვიღაც კოლუმბიელი “გეტსბის” მიერ მოწყობილი ეს წვეულება, რომელსაც მხოლოდ ლიოს სახელით იცნობენ, წლევანდელი ზაფხულის ყველაზე საუკეთესო ღონისძიებად იქნა აღიარებული. მეორე დილას იქვე, ახლომდებარე სასაწყობე ფარდულში, სქესობრივი აქტით დაკავებული რამდენიმე სტუმარი აღმოაჩინეს. ისინი “რამდენიმე წლის წინ წვეულებაზე მყოფი ის ხალხი იყო, რომელიც ყველაზე საინტერესოდ ითვლებოდა. ისინი თვითონ მართავდნენ შოუს”, – განაგრძობს ფოგელბერგი, დანიელი ინჟინრის ქალიშვილი. “რაც უფრო ექსცენტრული იყავი, მით უფრო “მაგარ ტიპად” ითვლებოდი”, – დასძენს ტინა კატლერი, იბიცაზე გამართული წვეულებების ერთ-ერთი ლეგენდარული მონაწილე, რომელიც ახლა ვიბრაციული ჰოლისტიკური მკურნალია. (კატლერის მდიდარი მამა კონსერვატიული პარტიის ლიდერი და მარგარეტ თეტჩერის მარჯვენა ხელი იყო.) ის ამბობს, რომ კუნძულის სახლებზე ეგზორციზმის ჩატარებითაა დაკავებული. “აქ 400-წლოვანი სახლებია თავისი კარ-მიდამოებით, – აღნიშნავს კატლერი, – ხალხი, რომელიც ამ სახლებს ქირაობს, ბევრ ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს, ნარკოტიკები კი მათ აურაში ხვრელებს წარმოქმნიან. მათ შემდეგ ამ სახლების გაწმენდა აუცილებელია”.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საცხოვრებლად კუნძულზე მდებარე გამოქვაბულებს იყენებენ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საცხოვრებლების ბაზარი უფრო ამაღლებულ შინაარსს იძენს. Las Boas de Ibiza ვიზუალურად მყვირალა ჟან ნუველის მიერ აშენებული კონდომინიუმია, რომელიც პირდაპირ Marina Ibiza-ს შეჰყურებს. ამ ცნობილი არქიტექტორის მიერ აშენებული სახლების ერთ-ერთი სწორუპოვარი წყვილის, კაშკაშა დღის შუქით აფერადებული არაჩვეულებრივი ბაღებით მორთული, ზიკურატის მაგვარი ნაგებობების მშენებლობა ძალიან დიდხანს გაიწელა, რაც ესპანეთის ფინანსური კრიზისით იყო გამოწვეული. ელიტარული უძრავი ქონების ჩამონათვალი, როგორც წესი, საიდუმლოდ ინახება, მაგრამ ერთი რამის თქმა კი ნამდვილად შეიძლება: იბიცაზე მდებარე, $10 მილიონზე მეტი ღირებულების მქონე სახლებზე მოთხოვნის არსებობა იმის მანიშნებელია, რომ კუნძულის უძრავი ქონების ფასი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, ამბობს ჯონ სტოუნი, უძრავი ქონების კონსულტანტი.

აქ იახტების საიჯარო სივრცეც არის. ნაოსნობის მოყვარულები, სან-ტროპეს მუდმივ უადგილობასთან შედარებით, ნავის დასაყენებელი თავისუფალი ადგილის არსებობას ნამდვილად აფასებენ. ამასთან, ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ეს ადგილი, სიძვირის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი ფასის მქონე ადგილების ხუთეულში შედის. “მე მყავს ერთი ძალიან, ძალიან მდიდარი ინდოელი მეგობარი, რომელიც ხშირად უშვებდა ღუზას ნავსადგურის გარეთ”, – ამბობს სილვია, ჰერცოგინია სერა დი კასანო, რომელიც ამ კუნძულზე მეოცე საუკუნის 80-იან წლებში კრუიზის გემით ჩამოვიდა. – შემდეგ კი, როცა ცხრა წლის წინ, 400 წლის ისტორიის მქონე სახლი შეიძინა თავისი კარ-მიდამოთი, მან თქვა: ‘სულ გადაირივნენ, ისეთი ფასებიაო’”.

ბევრი რამ იძლევა იმის საბაბს, რომ ვიწუწუნოთ, საითკენ მიექანება ეს კუნძულიო. დიდი ღვინის ბოთლი ბენგალის ცეცხლით კუნძულისთვის სასიკვდილო ვირუსი იყო. მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ლამაზი და სუფთა იბიცაც, სადაც 50-ზე მეტი პლაჟია მიმოფენილი და მზეზე წამოწოლა 120-დოლარიანი შეზლონგის გარეშეც ადვილად შესაძლებელია. ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ისეთი მარტივი სიამოვნებების მიღება, როგორიცაა ლეღვის, ლიმონისა და ავოკადოს კრეფა, რომლებიც გზის პირას იზრდება. ჰაერში იფრქვევა ველური ლავანდისა და როზმარინის სურნელი. მეთევზეები, რომლებიც ხამანწკების დაჭერით ირჩენენ თავს, ესპანელი მეზღვაურების ფორმაში გამოწყობილები დახეტიალებენ.შიშველი ჰიპები კი კვლავ დასეირნობენ პლაჟზე, Aguas Blancas-ზე, და კვირაობით კუნძულის ჩრდილოეთით ბენირასში თავიანთ დოლებს აბრახუნებენ. ექვსი დოლარის სანაცვლოდ ისინი მოჰიტოსაც კი მოგიმზადებენ.

ამ კუნძულზე უცხო ექსპანსიის აშკარა ნიშნები არ არსებობს, გარდა მუსიკალური სცენისა, რომელიც დიდ გამაერთიანებელ ძალად რჩება. სწორედ ახალგაზრდული სისხლის მუდმივმა გადასხმამ იბიცა გაქვავებისგან, სან-ტროპესა და კაპრის ბედის გაზიარებისგან იხსნა. “ზაფხული იბიცაზე, ალბათ, ერთადერთი დროა, როდესაც ძლევამოსილნი ამა ქვეყნისანი ჩვეულებრივ ადამიანებთან კონტაქტში შედიან”, – ამბობს ანტონია კრესპი, უძრავი ქონების აგენტი, რომელიც წლებია, აქ ჩამოდის. არც მოდის ფოტოგრაფი მარიო ტესტინო დგას ათასკაციანი ღონისძიების Rave in a Cave-ის მონაწილეებზე მაღლა. ეს ღონისძიება იბიცაზე უწესრიგო განრიგით ტარდება.

“ჩემთვის იბიცა თავისუფლებას ნიშნავს, – ამბობს სერა დი კასანო, რომელიც წვეულებების შემდეგ, დამატებით გამართულ იმ წვეულებებზე საუბრობს, რომლებიც სწორედ კლუბების დახურვის შემდეგ, შუადღეზე იმართება. – არ მინდა ვინმემ მიკარნახოს, რა ჩავიცვა და როგორ მოვიქცე, – მას მოსწონს პირდაპირ პლაჟიდან სადილზე “პარეოთი” სიარული. ის იმედოვნებს, რომ ეს არასოდეს შეიცვლება. – იმას, რასაც აქ ვაკეთებთ, სან-ტროპეზე ვერ გააკეთებ, ვერც სარდინიაზე, დაძაბულ და შებოჭილ იტალიელებთან. ყველას ისეთი წარმოდგენა აქვს, თითქოს იტალიელები თავისუფალი ხალხი იყოს. არა და არა. ისინი ნამდვილი ბურჟუები და ძალიან შებოჭილები არიან. ყველანი, გარდა ჩემი მეუღლისა”.

დილის 2 საათია, Gran Hotel-ის ვესტიბიულში ვიმყოფები და ვხედავ, თუ როგორ სვამს კოჭას ჩაის მსოფლიოში ერთ-ერთი უპოპულარულესი დი-ჯეი დევიდ გეტა, რომლის წლიური შემოსავალი, სავარაუდოდ, $30 მილიონია. მას ერთი საათი აქვს, სანამ Pacha-ში წავიდოდეს – ღამის კლუბში, რომელიც ისტორიულად დიდების მოსაპოვებელი ტრამპლინია. მას ერთგულ ფანებთან ურთიერთობის საშუალება სწორედ იბიცაზე აქვს. ის ამბობს, რომ მაყურებლის წინაშე თავისი ჰიტ-სინგლის “Lovers on the Sun”-ის ასამდე სხვადასხვა ვერსია აქვს შესრულებული. სანათი ჯოხები, რომლებსაც მისი შოუს განმავლობაში ხალხში ისვრიან, მარკირებულია.

თუმცა იბიცას კლუბები დღეს, როგორც არასდროს, ამ უბრალოების მთავარი მკვლელები არიან. ერთ დროს, “ვი-აი-პის” ოთახში ჯდომა ძველმოდურად და მოსაწყენად ითვლებოდა. კლუბები, ერთ ჭერქვეშ “ვი-აი-პის” ოთახების გრადაციებით თავიანთ პრივატულ სივრცეებს აორმაგებენ. ერთი 8-20-კაციანი მაგიდის ფასი, რომელიც წინათ, ერთი საღამოს განმავლობაში, $3000 დოლარი ღირდა, ახლა $30 000-მდე გაიზარდა. რამდენიმე სქელჯიბიანს კერძო წვეულების მოწყობა კლუბ Amnesia-ს “ვი-აი-პის” ოთახში, წლევანდელ ზაფხულს, როგორც ამბობენ, ერთი ღამის განმავლობაში $90 000 დაუჯდათ. იბიცას ჰიპები კვლავ მისტირიან პლაჟზე გამართულ ტრანს-წვეულებებს, რომლებიც, მათი ღრმა რწმენით, იმიტომ აიკრძალა, რომ ისინი ღამის კლუბებს კონკურენციას უწევდნენ.

იან პისენემმა, ცხადია, ისარგებლა მდიდარი კლიენტების მოდინებით, რომლებიც საცეკვაო ადგილს ეძებდნენ. ექვსი წლის წინ, იურიდიული ფაკულტეტის ყოფილმა სტუდენტმა, კუნძულს მეორე ცირკადული (სადღეღამისო) რიტმი შესთავაზა, რაც იმაში მდგომარეობდა, რომ დილის 5 საათიდან შუაღამემდე, იმ დროს მიტოვებულ ზღვისპირა კურორტის, Playa d’en Bossa-ს რაიონში, დი-ჯეის თანხლებით, პლაჟის წვეულება ტარდებოდა. ეს იდეა მიზნად 40 წელს გადაცილებული ბავშვებიანი მდიდრების ცდუნებას ისახავდა, რომლებისთვისაც “ექსტაზის” მიღებისა და დილის სამ საათამდე რომელიმე ცნობილ კლუბში კინოვარსკვლავის ლოდინის დღეები დასრულებულიყო. 2010 წელს, ზაფხულის დამასრულებელი ზამთრის ტანსაცმლის წვეულებამ 14 000 ადამიანი მოიზიდა. მატუტესების ოჯახმა, რომელიც გარშემო მდებარე სასტუმროებიდან Playa d’en Bossa-ს რაიონში, ექვსი სასტუმროს მფლობელია, პისენემის წვეულების შენობაში შეტანა და მისთვის თანამედროვე სცენის აშენება, ხოლო პისენემის, ამ კომპლექსის Ushuaїa Ibiza Beach Hotel and Tower-ის მხატვრულ დირექტორად დანიშვნა გადაწყვიტა. “ამ იდეის მიზანი უფროსებისთვის გასართობი პარკის შექმნაა”, – ამბობს პისენემი. ამან ისეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა Hard Rock International-ზე, რომ მან თავისი პირველი სერტიფიკატი გადასცა მატუტესებს, რომლებმაც Ushuaїa-ს გვერდით, წლევანდელ ზაფხულს, სასტუმრო Hard Rock Hotel-ი გახსნეს. მე სტუმრად პისენემის უფროსთან, აბელ მატუტესთან ვიმყოფები, კაცთან, რომელსაც ხალხი “იბიცას ნათლიმამას” ეძახის. ამ ოფისში, საკონფერენციო მაგიდასთან მჯდომ 73 წლის მატუტესს სწორედ ამ ტიპის ბრძენი მხცოვანის შესახედაობა აქვს. ის ზედმეტი სახელის ხსენებაზე იცინის და თავის ოქროს მედალზე საუბრობს, რომელიც ქალაქისგან მიიღო. ეს მისი ბიოგრაფიის შესავალი ნაწილი იყო, საფრანგეთის პრეზიდენტის, ვალერი ჟისკარ დ’ესტენის მიერ დაწერილი. ერთ-ერთი ადგილობრივი ძლიერი და გავლენიანი ოჯახის შვილი, მატუტესი, ეროვნულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა და 1996 წლიდან 2000 წლამდე ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად მსახურობდა. ის, იმავდროულად საკუთარი მფლობელობისთვის, მთელ მსოფლიოში კურორტების ჯგუფს აგროვებდა. სანამ ის Playa d’en Bossa-ს სიცოცხლეს დაუბრუნებდა, როგორც მისი 37 წლის ვაჟი და სეხნია ამბობს, (მოდი, მას მატუტესი უმცროსი ვუწოდოთ), სულ პენსიაში გასვლაზე ლაპარაკობდა. ამაზე წუწუნი კი მხოლოდ მას შემდეგ შეწყვიტა.

მატუტეს უმცროსი გულწრფელი მოსაუბრე, ბიზნესის მაგისტრის წოდების მქონე ადამიანია, რომელიც განმარტავს იბიცას სხვა კურორტებისგან “მდიდართა ლიგაში” “დიფერენციაციის” აუცილებლობას, რაც წარმოადგენს რბოლას, რომელშიც იბიცა ამჟამად მარბელიას წინ უსწრებს და თითქმის სან-ტროპესა და მიკონოსს წამოეწია. მატუტესების ოჯახის საკუთარი ინტერესებით მოქმედებაში დადანაშაულება ადგილობრივ სპორტად ქცეულა: დიახაც, მათ კუნძულის 10% ეკუთვნით და მათი სარფიანი პროექტებიც შესაბამისად მათ მიწაზე ხორციელდება. მაგრამ, როდესაც საუბარია მათ დადანაშაულებაზე, მატუტეს უფროსი მაშინვე იმას იხსენებს, თუ როგორ გახდნენ იძულებულები ის ახალგაზრდები, რომლებთანაც მატუტესს ბავშვობაში უთამაშია, 15 წლის ასაკში სამუშაოს საძებნელად კუნძული დაეტოვებინათ. მისი ქალიშვილი რამდენიმე წლის წინ იბიცაზე სამოქალაქო მშენებლობას ხელმძღვანელობდა და სათავეში ედგა პროექტის განხორციელებას, რომელმაც კრიტიკის ქარცეცხლი გამოიარა. პროექტი კუნძულზე არსებული ძალიან დიდი საავტომობილო მოძრაობის საპასუხო ავტომაგისტრალების მშენებლობას ითვალისწინებდა. “იმ დროისთვის, – ამბობს მატუტეს უმცროსი, – პროექტს ადგილობრივებმა ყველა სახის ოპოზიციური მოძრაობა დაუპირისპირეს; ზოგიერთი უკმაყოფილებას იმაზეც კი გამოთქვამდა, რომ ეს პროექტი, ეგრეთ წოდებული კუნძულის კურდღლების პოპულაციაში გალაპაგოსის კუნძულების მსგავს დიფერენციაციას მოახდენდა. “და ამის შემდეგ ორი სხვადასხვა ჯიშის კურდღლები იარსებებდნენ – ერთნი ჩრდილოეთისანი, ხოლო მეორენი სამხრეთისანი, იმიტომ რომ ეს კურდღლები ერთმანეთთან შეხვედრას ვერასოდეს შეძლებდნენ, – იცინის ის. – ერთი მითხარი, თუ შენი გონებრივი განვითარების კოეფიციენტი 40-ს აჭარბებს და თუ ათამდე თვლა იცი, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა გჯეროდეს ასეთი რამეების, – უკვირს მას. – ესპანელებს ასეთი გამოთქმა აქვთ: ‘Pueblo pequeño, infierno grande,’ რაც ნიშნავს, ‘პატარა სოფელი, დიდი ჯოჯოხეთი”.

ეს ოჯახი საყოველთაო კრიტიკის ქვეშ ერთხელ კიდევ მოექცა, როდესაც $380 – მილიონიანი პროექტის განხორციელება წამოიწყო. პროექტი მიზნად Playa d’en Bossa-ს მდიდრული სავაჭრო ცენტრის სახით შემდგომ გაფართოებას ისახავდა. მთავრობამ მისი განხორციელების ტემპი შეანელა, რადგან ქ. იბიცაში მცხოვრები კომერსანტები თავიანთ კომპანიებთან დაკავშირებით ღელავდნენ. მატუტეს უფროსი წინადადებით გამოვიდა, რომ გოლფის მოედნის მშენებლობა გადაედოთ, თუ ეს პროექტის განხორციელებას დააჩქარებდა. მამა-შვილი ოპტიმიზმს ინარჩუნებს. მატუტეს უმცროსი, ამ ბოლო დროს, ნიუ-იორკიდან იბიცაზე პირდაპირი ფრენების დასაშვებად, Air Europa-ს (რომელშიც ისინი წილის მფლობელები არიან ისევე, როგორც ბალეარის კუნძულების თბომავლის ხაზის) ლობირებით არის დაკავებული.

იბიცა სერიოზული ცვლილებების პროცესშია. მაგრამ კრეატიული ტიპის ადგილებისთვის ცვლილება ყოველთვის სასიკეთოა. “ჩემი აზრით, ყველა ადგილი განვითარებას უნდა აგრძელებდეს, – ამბობს ჯაგერი. – ამით იმის თქმა მსურს, რომ როდესაც აქ რამდენიმე წლის წინ ჩამოვედი, ისეთი გრძნობა მქონდა, რომ მოკირწყლულ გზებზე ტაქსებად ვირები დადიოდნენ”. ყველაზე ძნელად დასარწმუნებელ ადამიანებსაც კი უყვარდებათ იბიცა, როცა ის ცდილობს ახალი ინდივიდუალობა მოიპოვოს. უფროსი მატუტესი თავისი იახტით იბიცას გვერდით მდებარე, უფრო პრიმიტიული სილამაზის მქონე კუნძულ ფორმენტერაზე გასასეირნებლად მპატიჟებს. მას ასევე ესპანეთში რუსეთის ელჩიც მოუწვევია. მისი გეგმით მორთულ-მოკაზმული თევზის სასადილო ქოხში, Juan y Andrea-ში, ლანჩი უნდა მიგვერთვა. აქ ადგილების დაჯავშნა რომელიმე იახტის სახელზე ხდება, ფასებით კი ზოგნი შეურაცხყოფილნი რჩებიან. ფორმენტერაზე სტუმრობა ახლა ყველაზე საყვარელ ერთდღიან მოგზაურობად ითვლება. სწორედ ასე გამოიყურებოდა ოდესღაც იბიცაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *