Wall Street Journal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, IBM-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერ Apptio-ს $5 მილიარდად შესყიდვასთან ახლოსაა. მედიაგამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Wall Street Journal-ის განმარტებით, საბოლოო შეთანხმება შესაძლოა მომდევნო უქმეებზე შედგეს, თუმცა $5 მილიარდი სესხის ვალდებულებებსაც ითვალისწინებს თუ არა – ეს უცნობია.
საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს როგორც IBM-ი, ასევე Apptio-ც.
ცნობისთვის, Apptio პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს ბიზნესის ჰიბრიდული მართვის პლატფორმას სთავაზობს, რაც IBM-სათვის შესაძლოა, მნიშნელოვანი აქტივი გახდეს.
IBM-ს პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიები აქამდეც შეუძენია. მაგალითისთვის, კომპანიამ 2021 წელს Turbomic-ი – $1.5 მილიარდად, 2019 წელს კი Red Hat-ი $34 მილიარდად შეისყიდა.