კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2023 წლის III კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 19.9 მილიონი ლარი შეადგინა. ეს, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 23.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ტელევიზიების შემთხვევაში, III კვარტალში, კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან მიღებული თანხა 18.2 მილიონი ლარი იყო. ეს, 2022 წლის იმავე პერიოდს, 23.3%-ით, 3.5 მილიონი ლარით აღემატება. ტელემაუწყებლების სარეკლამო შემოსავლების 74% პირდაპირმა რეკლამამ შეადგინა. სპონსორობის წილი კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 3.5%-ით, ხოლო პროდუქტის განთავსების წილი თითქმის 1%-ით შემცირდა.
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2023 წლის III კვარტალში „ტელეიმედს“ ჰქონდა. მისი შემოსავალი, 2022 წლის III კვარტალთან შედარებით, 1.4 მილიონი ლარით გაიზარდა და 6.3 მილიონი ლარი შეადგინა.
„1.1 მილიონი ლარით გაიზარდა „რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) კომერციული შემოსავალიც და 2.6 მილიონს გაუტოლდა. რაც შეეხება „მთავარ არხს“, გასული წლის III კვარტალთან შედარებით, მისი შემოსავალი 0.2 მილიონით შემცირდა და 1.9 მილიონი შეადგინა. 0.5 მილიონით მეტი მიიღო „პოსტვ“-იმ, რომლის კომერციული შემოსავალიც 2023 წლის III კვარტალში 1.9 მილიონი ლარი იყო. ტელეკომპანია „ფორმულას“ სარეკლამო შემოსავალი კი 0.4 მილიონით გაიზარდა და 1.3 მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.1 მილიონი ლარით მეტი მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის შემოსავალმაც 1.2 მილიონი ლარი შეადგინა. 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემოსავალიც, რომელიც 0.7 მილიონს უდრიდა. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ბი-ემ-ჯიმ“ და მისი შემოსავალი 2023 წლის III კვარტალში 0.7 მილიონს გაუტოლდა. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ კი, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 0.1 მილიონით მეტი, კერძოდ, 0.5 მილიონი ლარი მიიღო. 0.07 მილიონი ლარით გაიზარდა „პალიტრანიუსის“ შემოსავალი და სულ 0.1 მილიონი ლარი შეადგინა. სხვა მაუწყებლებმა ჯამში 1.1 მილიონი ლარის სარეკლამო შემოსავალი მიიღეს“. – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის განცხადებაში.
რაც შეეხება რადიომაუწყებლებს, მათ მიერ 2023 წლის III კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი წლიურ ჭრილში 25%-ით გაიზარდა და 1.7 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან 90%-ზე მეტი პირდაპირმა რეკლამამ, 9%-ზე მეტი კი სპონსორობამ დაიკავა.