ილონ მასკი ჩინეთს ეწვია | ვიზიტის დეტალები

ილონ მასკი ჩინეთს ეწვია | ვიზიტის დეტალები

კვირას, დაუგეგმავი ვიზიტით, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი ჩინეთს ეწვია. გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერის ჩინეთში ვიზიტის მიზანი ავტომატური მართვის (FSD) პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა და საზღვარგარეთ მის გასაშვებად ნებართვის მიღება გახლდათ.

Reuters-ის ინფორმაციით, Tesla-მ რამდენიმე ძირითად მარეგულირებელ საკითხთან დაკავშირებით, რომლებიც ჩინეთში ავტომატური მართვის პროგრამული უზრუნველყოფის გაშვებას ხელს უშლიდა, შეთანხმებას მიაღწია. ეს კი მასკის ელექტრომობილების ფირმას მსოფლიოს უმსხვილეს საავტომობილო ბაზარზე ახალ შესაძლებლობასაც გაუხსნის.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩინეთში მოულოდნელ ვიზიტამდე ერთი კვირით ადრე მასკი ინდოეთში ჩასვლას გეგმავდა, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის უნდა შეხვედროდა. თუმცა მილიარდერმა მოგზაურობა გააუქმა, ამის მაგივრად ერთ კვირაში ჩინეთში ჩაფრინდა და პრემიერ ლი ციანგს შეხვდა.

რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით, ვიზიტისას Tesla-სა და ჩინურ Baidu-ს შორის შეთანხმებაც შედგა, რასაც მხარეებმა ჩინეთში FSD-ის დანერგვისთვის საკვანძო გადაწყვეტილება უწოდეს. შეთანხმების ფარგლებში ამერიკული ფირმა ჩინეთის საჯარო გზებზე მონაცემთა შესაგროვებლად Baidu-ს რუკების ლიცენზიას გამოიყენებს. ჩინეთის ავტოასოციაციის განცხადებით, გამოიცადა Tesla-ს Model 3 და Y მანქანები და დადგინდა მათი შესაბამისობაც ჩინეთის მონაცემთა უსაფრთხოების მოთხოვნებთან.

Tesla-მ ავტომატური პროგრამული უზრუნველყოფის ყველაზე დახვეწილი ვერსია – Autopilot-ი, ოთხი წლის წინ გაუშვა. თუმცა ჩინეთში მისი დანერგვა დღემდე არ მოხერხდა, მიზეზად კი სწორედ მონაცემთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკი და ქვეყნის რეგულაციებთან შეუსაბამობა სახელდებოდა. მიუხედავად ამისა, ჩინეთში საკმაოდ მაღალი რჩებოდა მოთხოვნა FSD-ის მიმართ, ეს ფაქტი კი Tesla-თვისაც მიმზიდველია, ვინაიდან ქვეყანა ამერიკული ავტომწარმოებლისთვის გლობალურად მეორე უმსხვილეს ბაზრად რჩება.

2021 წლიდან მოყოლებული, ჩინეთის მარეგულირებლები Tesla-სგან მოითხოვენ, ჩინური მანქანებიდან მიღებული ინფორმაცია შანხაიშივე შეგროვდეს, რათა არ მოხდეს მისი გატანა ქვეყნის ფარგლებს გარეთ. შედეგად, ელექტრომობილების მწარმოებელი აშშ-ში მის შტაბ-ბინაში ჩინეთიდან მონაცემების გადატანას ვერ ახერხებდა. თუმცა, როგორც რამდენიმე წყარო ამტკიცებს, მასკი კვლავ ცდილობს ნებართვის მოპოვებას მონაცემების საზღვარგარეთ გასატანად, რაც კომპანიას ავტომატური მართვის ტექნოლოგიის დახვეწაში დაეხმარება.

მილიარდერმა ჩინეთი უკვე დატოვა და, სავარაუდოდ, ალასკაში დაბრუნდა. Tesla-ს შეხვედრის დეტალების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. Wedbush-ის ანალიტიკოსებმა მოულოდნელ ვიზიტს Tesla-სთვის უმნიშვნელოვანესი მომენტი უწოდეს. Weibo-ზე ერთ-ერთმა ჩინელმა ჟურნალისტმა ისიც განაცხადა, რომ Tesla იყო ერთადერთი უცხოური დაფინანსების ავტომწარმოებელი, რომელიც ჩინეთის მარეგულირებელ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

პარალელურად კი ჩინური ავტომწარმოებლები და მიმწოდებლები, ქვეყნის ბაზარზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას ცდილობენ. მათ შორისაა XPeng-ი და Huawei Technologies-ი, რომლებიც ბაზრისთვის Tesla-ს მსგავსი ავტომატური მართვის პროგრამული უზრუნველყოფის შეთავაზებაზე მუშაობენ. ცნობისთვის, Tesla ჩინეთის ბაზარზე თითქმის 10 წლის წინ გამოჩნდა და მას შემდეგ 1.7 მილიონზე მეტი ავტომობილი გაყიდა. ავტომწარმოებლის უდიდესი ქარხანაც სწორედ ჩინეთში მდებარეობს.