მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი ოსტინში, ტეხასის შტატში, უნივერსიტეტის გახსნას გეგმავს. Bloomberg-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის $100 მილიონი გამოყო.
ორგანიზაცია STEM-ზე (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, მათემატიკა) ორიენტირებულ დაწყებით და საშუალო სკოლას შექმნის. თუმცა შიდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილი განაცხადის თანახმად, საბოლოო მიზანი – ოპერაციების გაფართოების შედეგად უნივერსიტეტის ჩამოყალიბებაა, რომელიც სტუდენტებს უმაღლესი დონის განათლებას შესთავაზებს. დაწესებულება აკრედიტაციის მიღებას ჯორჯიის „კოლეჯების სამხრეთ ასოციაციისგან“ შეეცდება. საწყისი კლასი 50 სტუდენტს გააერთიანებს.
სკოლის შესახებ ამ ეტაპზე მხოლოდ მცირედი ინფორმაციაა ცნობილი. განცხადების თანახმად, დაწესებულება გამოცდილ პერსონალს დაასაქმებს, სტუდენტებს კი ტრადიციულ სასწავლო პროგრამას შესთავაზებს – მათ შორის პრაქტიკულ სწავლებებს, როგორიცაა სიმულაციები, ლაბორატორიები და ა.შ. აღსანიშნავია, რომ განაცხადი 2022 წლის ოქტომბერში იქნა წარდგენილი და მარტში დამტკიცდა.
უნივერსიტეტი შემოწირულებების საშუალებით დაფინანსდება, სავარაუდოდ, მასკის საქველმოქმედო ფონდიდან, რომელსაც მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გასულ წელს Tesla-ს $2.2-მილიარდის ღირებულების აქციები უსახსოვრა.
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. Forbes-ის შეფასებით, მასკის ქონების წმინდა ღირებულება $244.7 მილიარდს უტოლდება. 52 წლის ბიზნესმენს, სიცოცხლის განმავლობაში, ქველმოქმედებისთვის $410 მილიონი აქვს გაღებული.