Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ელექტრომობილების გიგანტი ინდოეთში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. განცხადება მილიარდერმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ილონ მასკი და ნარენდრა მოდი ერთმანეთს შეერთებულ შტატებში, ინდოეთის ლიდერის სახელმწიფო ვიზიტის დროს შეხვდნენ. შეხვედრამდე, Reuters-თან ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, რომ მასკი პრემიერს ინდოეთში საწარმოო ბაზის შექმნის გეგმებს გააცნობდა. მილიარდერის განცხადებით, ინდოეთს მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის ძლიერი პოტენციალი აქვს, რომელიც მოიცავს როგორც მზის ენერგიის წარმოებას, ასევე სტაციონარული ბატარეებისა და ელექტრომობილების განვითარებას.
„მოდი ნამდვილად ზრუნავს ინდოეთზე და ჩვენ გვიბიძგებს, ინდოეთში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განვახორციელოთ – Tesla კი უახლოეს მომავალში ამას ნამდვილად გეგმავს“, – განუცხადა ელექტრომობილების გიგანტის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟურნალისტებს შეხვედრის შემდგომ. საინტერესოა, რომ ინდოეთში მასკის გეგმები მხოლოდ Tesla-თი არ შემოიფარგლება და მილიარდერი ქვეყანაში SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტსერვისის გაშვებასაც იმედოვნებს.
მოგვიანებით, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა Twitter-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც პრემიერმა ილონ მასკი „ინდოეთში ელექტრომობილების მიმართულებით ინვესტიციების შესაძლებლობებისა და სწრაფად მზარდი კომერციული კოსმოსური სექტორის შესახებ“ სასაუბროდ მიიწვია. ცნობისთვის, თავად Tesla-ს აღმასრულებლები ინდოეთს გასულ თვეში ეწვივნენ და ქვეყნის მაღალჩინოსნებთან და მინისტრებთან ინდოეთში მანქანებისა და ბატარეების საწარმოო ბაზის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს.