Tesla მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და შემოსავლიანი ავტომწარმოებელია, თუმცა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, კომპანია გაკოტრებას გადაურჩა.
როგორც მისი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ილონ მასკი Twitter-ზე წერს, კომპანიას ერთი თვე აშორებდა გაკოტრების შესახებ განაცხადის გაკეთებისგან, და ეს იყო მაშინ, როდესაც ის ცდილობდა ბაზარზე ახლა უკვე “ბესთსელერი“ მოდელის – Model 3-ის გამოყვანას.
“ყველაზე ახლოს, ერთი თვე გვაშორებდა გაკოტრებას. Model 3-ის წარმოდგენა ბაზარზე იყო უდიდესი სტრესი და ტკივილი დიდი ხნის განმავლობაში – 2017 წლის შუა პერიოდიდან 2019 წლის შუა პერიოდამდე. წარმოება და ლოგისტიკა არის ჯოჯოხეთი“, – განაცხადა ილონ მასკმა.
Tesla სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს და დანაკარგებს განიცდიდა. ეს ცნობილი იყო, თუმცა, მასკს არასოდეს უთქვამს ამ დრომდე, რომ კომპანია გაკოტრების პირას იყო. თუმცა, 2018 წლის აპრილში “ტყუილების დღეს“ მან Twitter-ზე გაკოტრებასთან დაკავშირებით იხუმრა.
დღეს, Tesla უკვე ძლიერი კომპანიაა, მდგრადი შემოსავლებით. ეს ყველაფერი შესაბამისად საფონდო ბირჟებზეც აისახება. Tesla-ს აქციები მიმდინარე წელს 400%-ზე მეტით გაიზარდა.