მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ილონ მასკმა, ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხარდამჭერ ჯგუფს მისი ქონებიდან გარკვეული თანხა უსახსოვრა. არჩევნებამდე მასკის მიერ გაკეთებული დონაციის შესახებ სტატიას Bloomberg-ი აქვეყნებს.
ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფის ფინანსურად დახმარება მასკის მხრიდან რესპუბლიკელთა სასიკეთოდ გადადგმული ყველაზე ღია ნაბიჯია. თუმცა განსაკუთრებით აქტიურად პოლიტიკური ვითარების შესახებ საკუთარი აზრის დაფიქსირება მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა გასული წლიდან მოყოლებული დაიწყო.
Bloomberg-ის ცნობით, მასკმა თანხა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერ პოლიტიკურ კომიტეტს შესწირა, რომელიც America PAC-ის სახელითაა ცნობილი. მილიარდერის მიერ გაღებული თანხის მოცულობა უცნობია, თუმცა გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით ვარაუდობს, რომ მასკის ფინანსური მხარდაჭერა ტრამპისადმი საკმაოდ სოლიდური უნდა ყოფილიყო.
ცნობისთვის, America PAC-ი მიმდინარე წლის დასაწყისში დაარსდა და მიღებული თანხის ნაწილი უკვე დახარჯა შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ კომიტეტთან (GOP) დაკავშირებული აგიტაციური ფირმების დასაფინანსებლად. დონორების შესახებ ანგარიშს America PAC-ი სავარაუდოდ ორშაბათს გამოაქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ივნისში, ტრამპის კამპანიამ $112 მილიონი მოიზიდა. ხოლო მოქმედი პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კამპანიამ – $127 მილიონი. ამ თანხებში არ შედის PAC-ებისთვის გაკეთებული შემოწირულებები.
უნდა ითქვას ისიც, რომ მასკმა, რომლის ქონებასაც Forbes-ი $249.8 მილიარდად აფასებს, ტრამპის მხარდამჭერი ჯგუფების დახმარების გადაწყვეტილება ყოფილ პრეზიდენტზე თავდასხმამდე მიიღო. შეგახსენებთ, რომ პენსილვანიის შტატში, საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას ტრამპს რამდენიმე ტყვია ესროლეს. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, გარდაიცვალა ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი მხარდამჭერი.