საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას კერძო სექტორთან პირდაპირი შეთანხმებების დადების შეზღუდვას სთხოვს. ფონდის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი ამბობს, რომ მსგავსი შეთანხმებები კონკურენტულ გარემოს ზღუდავს.
კითხვაზე უნდა ტარდებოდეს თუ არა აუქციონები საჯარო და კერძო პარტნიორობით განხორციელებულ პროექტებზე, ფრანსუა პეშო პირდაპირი პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ მთავრობამ ისეთი მექანიზმი უნდა გამოიყენოს, რომელიც სხვა კომპანიებს კონკურენციას არ შეუზღუდავს, მთავრობამ კი პირდაპირი ხელშეკრულებები მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში უნდა გამოიყენოს.
“ჩვენ ვეთანხმებით კერძო საჯარო პარტნიორობის შესახებ კანონს. ის საკმაოდ კარგ გათვლებს გვთავაზობს მსგავსი პროექტებიდან მომავალ ფისკალურ რისკებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მეორად რეგულირებას, ჩვენ გვსურს ვიხილოთ პირდაპირი შეთანხმებების შემცირება. პირდაპირი შეთანხმება დგება მთავრობასა და კერძო კომპანიას შორის, კონკურენტული გარემო კი უკან რჩება. საუბარია კონკრეტულ პროექტებზე, რომელიც კერძო და საჯარო თანამშრომლობით დგება. ჩვენ გვინდა უფრო კონკრეტული განმარტება მსგავსი პირდაპირი შეთანხმებების. ისინი უნდა არსებობდეს მხოლოდ უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში”, – ამბობს ფრანსუა პეშო.