ინდოეთმა საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა

ინდოეთმა საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა შეიმუშავა

მსოფლიოში ვაქცინის უმსხვილესმა მწარმოებელმა, Serum Institute of India-მ (SII), საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო, ქვეყანაში პირველი საინიექციო პრეპარატი შეიმუშავა. კომპანიისა და მთავრობის ერთობლივი განცხადებით, ვაქცინა ბაზარზე უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში მეოთხე ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. გლობალურად, დაახლოებით 604,000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 2020 წელს კი, აღნიშნული ტიპის სიმსივნის შედეგად გარდაცვალების 342,000 ფაქტი აღირიცხა. იმავე წელს, მსოფლიოში ახალი შემთხვევებისა და სიკვდილიანობის დაახლოებით 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა.

ადამიანის პაპილომავირუსის ორი სახეობა, HPV 16 და HPV 18, საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების სულ მცირე 70%-ზეა პასუხისმგებელი. ინდოეთის ბიოტექნოლოგიური დეპარტამენტის განცხადებით, Serum Institute of India-ს ახალი ვაქცინა აღნიშნული სახეობების გარდა, HPV 6-სა და HPV 11-ზეც იმოქმედებს. აქვე გეტყვით, რომ HPV-ის ვაქცინების მთავარი მწარმოებლები Merck & Co და GSK Plc-ი არიან.

რაც შეეხება ინდოეთში შექმნილ ახალ ვაქცინას, ის გაყიდვაში რამდენიმე თვეში ჩაეშვება და საწყის ეტაპზე ადგილობრივ, შემდგომ კი გლობალურ ბაზარზეც გამოჩნდება. როგორც Reuters-ი წერს, ვაქცინის სავარაუდო ღირებულება $2.51-$5.03-ია. მომავალ ორ წელიწადში კომპანია მედიკამენტის დაახლოებით 200 მილიონი დოზის წარმოებას გეგმავს.

ინიექციის გზით ვაქცინის ორი დოზის მიღება 9-დან 14 წლამდე ასაკის პირებისთვის, ხოლო სამი დოზის – 15-დან 26 წლამდე ადამიანებისთვის იქნება ნებადართული.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *