ავიაკომპანია KLM-ისა და დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის (TU Delft) მიერ შექმნილი ენერგოეფექტური თვითმფრინავის პროტოტიპის – Flying-V-ის პირველი სატესტო ფრენა განხორციელდა. ახალი ტიპის ლაინერის შექმნის შესახებ KLM-მა განცხადება ერთი წლის წინ გააკეთა.
პირველი სატესტო რეისი გასულ თვეს ჩატარდა. ახალი ენერგოეფექტური ხომალდი ნიდერლანდებიდან გერმანიაში წარმატებით ჩაფრინდა.
“ძალიან გვაინტერესებდა, თუ როგორ გაართმევდა თავს პირველ რეისს ჩვენ მიერ შექმნილი თვითმფრინავი. ეს პროექტი ეკოლოგიურად სუფთა ავიაციის მომავლისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. როგორც მოგეხსენებათ, KLM-ი Dow Jones-ის მდგრადი განვითარების ინდექსში 3 ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა ავიაკომპანიას შორისაა. მოხარულები ვართ, რომ ეს პროექტი ასე მალე დავასრულეთ,” – აცხადებს KLM-ის აღმასრულებელი დირექტორი პიტერ ელბერსი.
Flying-V ყველაზე ენერგოეფექტური ხომალდია, რომელიც ხანგრძლივი რეისებისათვისაც არის გათვლილი. ახალი თვითმფრინავის დიზაინი ისეა მოწყობილი, რომ მგზავრების კაბინა, საბარგული და საწვავის ავზები ლაინერის ფრთებშია განლაგებული, რაც ხომალდს V-ს ფორმას სძენს. კომპიუტერულ გათვლებზე დაყრდნობით, Flying-V-ის სიმსუბუქე და გაუმჯობესებული აეროდინამიკური მოყვანილობა ჩვეულებრივ თვითმფრინავზე 20%-ით ნაკლებ საწვავს მოითხოვს.