ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • მაისი-ივნისი

ინფლაცია საქართველოსა და მსოფლიოში • მაისი-ივნისი

ინფლაციის პრობლემა მსოფლიოში უფრო და უფრო მწვავე ხდება. ქვეყნები ვერ ახერხებენ, რომ ფასების ზრდას თავი დააღწიონ. ბევრ ქვეყანაში ათწლეულების რეკორდული ინფლაცია უკვე დაფიქსირდა. ამასთან, უკრაინაში მიმდინარე ომი კიდევ უფრო ზრდის ფასებზე ზეწოლას მატების მიმართულებით. Forbes Georgia ყოველთვიურად მიმოიხილავს ინფლაციის ტენდენციებს როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში, რადგან საქართველოში საქონლისა და მომსახურების ფასებზე გავლენა აქვს იმასაც, თუ როგორ იცვლება ფასები იმ საქონელსა და მომსახურებაზე, რაც საქართველოს იმპორტით შემოაქვს. მიმდინარე სტატია მაისსა და ივნისში დაფიქსირებულ ინფლაციის მაჩვენებლებს შეეხება.

2021 წლის დეკემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციის დონემ (12 თვის ინფლაცია) 13.9% შეადგინა. ფასების ზრდა 2022 წელსაც გაგრძელდა და იანვარ-მაისში ინფლაციამ 7.6% შეადგინა,  წლიური ინფლაცია (2021 წლის მაისი 2022 წლის მაისთან) კი 13.3%-ია.

აპრილში წლიური ინფლაცია 12.8% იყო. მაისში ფასები (აპრილთან შედარებით) 1.1% გაიზარდა და წლიურმა (12 თვის) ინფლაციამ 13.3% შეადგინა.

წლიური ინფლაცია საქართველოში, მაისი/მაისთან

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – 22%-ით. ტრანსპორტი (მოიცავს საწვავის ფასსაც) 20%-ით გაძვირდა, ბინის ქირა და კომუნალური გადასახადები – 16%-ით, სასტუმროები და რესტორნები – 12.6%-ით.

თუ ჩაშლილად, ცალკეული საქონლისა და მომსახურების მიხედვით ვნახავთ, ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად, 297%-ით კომბოსტო გაძვირდა. შემდეგ კიტრი მოდის, რომელიც 110%-ით გაძვირდა, ყურძენი 72%-ით. ბენზინი 33%-ით გაძვირდა, დიზელის საწვავი 49%-ით.

საქსტატის ინფორმაციით ბოლო ერთ წელიწადში შარვალი (21%-ით) და კაბა (18%-ით) გაიაფდა. სურსათიდან მნიშვნელოვნად მხოლოდ ლიმონია გაიაფებული – 20%-ით.

საქონელი და მომსახურება, რომელიც ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

კომბოსტო

297%

კიტრი

110%

ყურძენი

72%

ქლიავი

70%

კარტოფილი

67%

მარგარინი

58%

სიმინდის ფქვილი

56%

ბადრიჯანი

53%

დიზელის საწვავი

49%

წიწაკა

48%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

ცალკე აღებულ მაისის თვეში (მაისის ფასები აპრილის ფასებს რომ შევადაროთ) ყველაზე მეტად მწვანე ლობიო გაძვირდა – 118%-ით. შემდეგ მოდის ყურძენი 37%-ით. ბინის დაქირავება 21%-ით გაძვირდა. სურსათი საშუალოდ 1%-ით გაძვირდა.

საქსტატის ინფორმაციით, მაისში ყველაზე მეტად – 38%-ით კიტრი გაიაფდა. 36%-ით გაიაფდა ბადრიჯანი, 16%-ით პომიდორი.

საქონელი და მომსახურება, რომელიც 2022 წლის მაისში (აპრილთან შედარებით) ყველაზე მეტად გაძვირდა

საქონელი და მომსახურება

გაძვირების %

მწვანე ლობიო

118%

 ყურძენი

37%

კომბოსტო

29%

ბინის დაქირავების ღირებულება

21%

ხახვი

18%

თვითმფრინავით მგზავრობა

15%

ქლიავი

13%

ატამი

13%

ვაშლი

12%

სიმინდის ფქვილი

11%

მონაცემთა წყარო: საქსტატი

11 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომა გამართა. სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად, 11%-ის დონეზე დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინფლაციის დონე ისევ მაღალია, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის ბოლოდროინდელი გამყარების და უკვე საკმაოდ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე, მეტად გამკაცრება საჭიროდ არ ჩათვალა. თუმცა ამის შემდეგ წლიური ინფლაციის კვლავ ზრდა დაფიქსირდა და არ არის გამორიცხული, 22 ივნისს გასამართ მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდოს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოლო ერთ წელიწადში ფასები გლობალურად გაიზარდა და საქართველო გამონაკლისი არ არის, თუმცა საქართველოში მეტად გაიზარდა, ვიდრე მსოფლიო ქვეყნების უმეტესობაში. ქვეყნების მიხედვით ინფლაციის მაჩვენებელზე ოპერატიულ ინფორმაციას ვებსაიტი tradingeconomics-ი აქვეყნებს. დღეისათვის 178 ქვეყნის წლიური ინფლაციის მონაცემები აქვს გამოქვეყნებული, საიდანაც უმეტესობაზე 2022 წლის მაისის ინფორმაციაა მოცემული, ხოლო დანარჩენზე – წინა თვეების მდგომარეობით. აღნიშნული სტატისტიკის მიხედვით, საქართველო მაისში დაფიქსირებული წლიური 13.3%-იანი ინფლაციის დონით მსოფლიოში მე-40 ადგილზეა. ბოლო ერთ წელიწადში ფასები საქართველოზე მეტად 39 ქვეყანაში გაიზარდა.

ინფლაციის დონით პირველ ადგილზე ვენესუელაა, სადაც ბოლო ერთ წელიწადში ფასები 222%-ით გაიზარდა. შემდეგ მოდის სუდანი 221%-ით და ლიბანი 206%-ით. ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ მეზობელ ქვეყანაში, თურქეთში, მაისის მონაცემებით 73.5%-იანი ინფლაციაა და ამ მაჩვენებლით თურქეთი მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. თურქეთში ინფლაციის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის – ლირის მნიშვნელოვანი გაუფასურება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვაა. ლირის კურსი დოლარის მიმართ 17-მდე გაიზარდა. რუსეთში წლიური ინფლაცია 17.1%-ია, რაც რუსეთისთვის დაწესებული სანქციებითაა გამოწვეული. სომხეთში წლიური ინფლაცია 9%-ია, აზერბაიჯანში 12.4%.

ინფლაციის დონით საქართველოსთან ყველაზე ახლოს პაკისტანი (13.8%), ეგვიპტე (13.5%) და ბოსნია და ჰერცეგოვინაა (13.2%).

ბოლო ერთ წელიწადში დეფლაცია, ანუ ფასების საშუალო დონის შემცირება, არც ერთ ქვეყანაში არ დაფიქსირებულა. ყველაზე დაბალი წლიური ინფლაცია ბოლივიაშია – 1.4%. ასევე დაბალი ინფლაციაა ჩინეთში – 2.1%.

განვითარებული ქვეყნებიდან ყველაზე მაღალი ინფლაცია ესტონეთშია – 20%. შემდეგ მოდის ლიეტუვა 19%-ით და ლატვია 17%-ით. აშშ-ში მაისში წლიური ინფლაცია 8.6%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 40 წლის რეკორდული მაჩვენებელია. ევროკავშირში წლიური ინფლაცია 8.1%-ია.

მსოფლიო დონეზე მაღალ ინფლაციას მნიშვნელოვანი საერთო საფუძველი აქვს – გაძვირდა პირველადი მოხმარების საქონელი. ბოლო ერთ წელიწადში ნავთობი 68%-ით გაძვირდა. ბარელი ნავთობის ფასი 120 აშშ დოლარს გადასცდა, რაც ბოლო 14 წლის რეკორდული მაჩვენებელია. რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების კლებას მოელიან, სხვა ექსპორტიორები კი მიწოდებას მნიშვნელოვნად არ ზრდიან და, შესაბამისად, ნავთობის ფასი იზრდება.

ბოლო ერთ წელიწადში ლითონები და მინერალები 20%-ით გაძვირდა. ბუნებრივი აირი 110%-ით არის გაძვირებული.

მნიშვნელოვნად არის გაძვირებული სურსათი. მათ შორის, ბოლო ერთ წელიწადში მსოფლიოში ყავა საშუალოდ 25%-ით გაძვირდა, ხორბალი – 45%-ით, ზეთი – 40%-ით, რძე – 38%-ით, შაქარი – 21%-ით.

ბარელი ნავთობის (Crude oil) საშუალო თვიური ფასი, აშშ დოლარი

მონაცემთა წყარო: U.S. Energy Information Administration (EIA)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე გლობალურად ფასების სწრაფად დასტაბილურება იყო მოსალოდნელი, რადგან მსოფლიო პანდემიის ეკონომიკაზე გავლენიდან გამოდიოდა. თუმცა ომმა და მისმა გავლენამ მსოფლიო ეკონომიკაზე ეს მოლოდინები უკვე შეცვალა, ფასებმა ისევ ზრდა დაიწყო. დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, ენერგორესურსები და მნიშვნელოვანი პროდუქცია ძვირად იყიდონ, ოღონდ რუსეთისგან არ შეიძინონ.

ინფლაციის შესაკავებლად აშშ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5% პუნქტით გაზარდა და ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე კიდევ ზრდაა მოსალოდნელი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი გაზარდა ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც – 0.25% პუნქტით, რომელიც ბოლო 11 წელი განაკვეთს 0%-ის დონეზე ინარჩუნებდა. მოსალოდნელია, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი კიდევ გაზრდის განაკვეთს. განაკვეთების ზრდა ეკონომიკური ზრდის ტემპს შეამცირებს, მაგრამ ფასების სტაბილურობას დაეხმარება. მთავარ გამოწვევად მაინც ნავთობის ფასი რჩება, რომლის შემცირების ერთადერთი გზა ნავთობით მდიდარი ქვეყნების მიერ მიწოდების ზრდაა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *