ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა

ინტერნეტის სისწრაფით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ინტერნეტის სისწრაფეს ბრიტანული პორტალი Cable ყოველწლიურად ითვლის. წინა წელთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუარესდა, – გასულ წელს ქვეყანა მსოფლიოში 70-ე ადგილს იკავებდა.  

ინტერნეტის სისწრაფის გამოსათვლელად პორტალმა 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდი აიღო და 160 მილიონზე მეტი ფართოზოლოვანი კავშირის მომხმარებლის ინფორმაცია შეადარა ერთმანეთს. კვლევის მიხედვით, საქართველოში 5 GB-იანი HD ხარისხის ფილმის ჩამოწერას საშუალოდ 1 საათი და 49 წუთი სჭირდება. ამასთან, საქართველოში ჩამოტვირთვის საშუალო სიჩქარე 6.25 მეგაბიტია წამში (Mbps).  

მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ინტერნეტი სინგაპურშია, – საშუალო სიჩქარე 60 მეგაბიტი წამში, 5 GB-იანი ფილმის ჩამოტვირთვის საშუალო დრო კი 11 წუთი და 18 წამი. კვლევაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სწრაფ ინტერნეტს ხელს უწყობს, როგორც განვითარებული ციფრული ინფრასტრუქტურა, ასევე მისი მცირე ზომის გეოგრაფია.  

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება პირდაპირ არ აისახება ინტერნეტის სისწრაფეზე კონკრეტულ ქვეყანაში. მეორე და მესამე ადგილბს შვედეთი და დანია იკავებენ. ათეულში ვერ მოხვდა ვერც გერმანია და ვერც ამერიკის შეერთებული შტატები. პირველი მათგანი სიაში 25-ე ადგილზეა, მეორე კი 20-ზე.  

მსოფლიოში ყველაზე ნელი ინტერნეტი თურქმენეთში, სომალისა და იემენშია.  

ყველაზე სწრაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნების ათეული კი შემდეგია:  

  • სინგაპური – საშუალო სიჩქარე 60,3 მეგაბიტი წამში 
  • შვედეთი – საშუალო სიჩქარე 46 მეგაბიტი წამში 
  • დანია – საშუალო სიჩქარე 43,9 მეგაბიტი წამში 
  • ნორვეგია – საშუალო სიჩქარე 40,12 მეგაბიტი წამში 
  • რუმინეთი – საშუალო სიჩქარე 38.6 მეგაბიტი წამში 
  • ბელგია – საშუალო სიჩქარე 36.7 მეგაბიტი წამში 
  • ნიდერლანდების სამეფო – საშუალო სიჩქარე 35.9 მეგაბიტი წამში 
  • ლუქსემბურგი – საშუალო სიჩქარე 35.1 მეგაბიტი წამში 
  • უნგრეთი – საშუალო სიჩქარე 34 მეგაბიტი წამში 
  • ჯერსის კუნძული – საშუალო სიჩქარე 30.90 მეგაბიტი წამში 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *