„ინვესტირება ფასიან ქაღალდებში“ - ინტერვიუ Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელთან

„ინვესტირება ფასიან ქაღალდებში“ - ინტერვიუ Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების ხელმძღვანელთან

მთელ მსოფლიოში წლიდან წლამდე ინვესტირებისადმი ინტერესი იზრდება. ბაზარზე ჩნდებიან ახალი მოთამაშეები, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და ვითარდება საფონდო ბირჟები. საქართველოში ამ პროცესს თვალს ადევნებს და უძღვება Galt & Taggart, თითქმის 30-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია, რომელიც მომხმარებლებისთვის კომპლექსური საინვესტიციო ბაზრების გზამკვლევად იქცა. Galt & Taggart-ი კვლევებისა და საბროკერო მიმართულებით ქვეყანაში მოწინავეა, ამ ინტერვიუში კი მის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მიმართულებაზე, საბროკერო დეპარტამენტზე ვსაუბრობთ.

დავით ნიშნიანიძე, Galt & Taggart-ის საბროკერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გვიყვება, რა სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობს კომპანია ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს და როგორია ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის დინამიკა საქართველოში.

პირველ რიგში ვისაუბროთ საბროკერო მიმართულებაზე. რა სერვისებსა და პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Galt & Taggart საინტერესო გამოცდილების მქონე ქართული საინვესტიციო ბანკია. მას რამდენიმე საკვანძო მიმართულება აქვს და ერთ-ერთი საბროკეროა. საბროკერო მიმართულება უკვე 25 წელზე მეტია, რაც არსებობს და ყოველ წელს ვითარდება.

ჩვენ პირველები ვიყავით, რომლებმაც 2015 წელს ქართულ ბაზარს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader შევთავაზეთ, რომლის მეშვეობითაც მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეუძლია ვაჭრობა მსოფლიოს 45 საფონდო ბირჟაზე, 2021 წელს კი საქართველოს ბანკთან ერთად, მომხმარებლებს პირველებმა წარვუდგინეთ საქართველოს ბანკის ინვესტიციები, პირველი საინვესტიციო პლატფორმა ქართულ ენაზე.

საბროკერო საქმიანობა ნიშნავს, იყო შუამავალი მომხმარებელსა და ფინანსურ ბაზრებს შორის. მომხმარებლების ინტერესების დაცვა კი ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა. დღეს საბროკერო მიმართულებაში გვაქვს პროდუქტები და სერვისები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მოვემსახუროთ სხვადასხვა სეგმენტის, რისკის, შემოსავლების, მიზნების მქონე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ჩვენ წვდომა გვაქვს მსოფლიოს 45-მდე საფონდო ბირჟაზე, მათ შორის: ნიუ იორკის, ნასდაქის, ლონდონის, ფრანკფურტის, ჰონ-გკონგის და ა.შ. მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველა ძირითად ფინანსურ პროდუქტში ინვესტირებას, როგორებიცაა: კომპანიის აქციები, სავაჭრო ფონდები, ლოკალური და საერთაშორისო კორპორაციული ობლიგაციები, საქართველოს და სხვა ქვეყნების სახაზინო ობლიგაციები, ასევე მარჯინ პროდუქტები, როგორიცაა კონტრაქტით ფასთა შორის სხვაობის ინსტრუმენტები, ოპციონები, ფიუჩერსები, სავალუტო წყვილები და ა.შ.

შესაბამისად, გვაქვს კლასიკური საბროკერო მომსახურება, რაც მოიაზრებს მომხმარებლებთან ინტენსიურ კომუნიკაციას და დავალების მიღებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით და გვაქვს ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader, სადაც მომხმარებელი დამოუკიდებლად ვაჭრობს ზემოთ ჩამოთვლილი საინვესტიციო პროდუქტებით. მომხმარებლის მიზნებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე, გვაქვს პირადი ბროკერის მომსახურების სერვისიც.

რა გამოარჩევს Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულებას?

საბროკერო მიმართულების სიძლიერე მის ისტორიაში, რელევანტურობასა და გუნდშია. ჩვენი მრავალწლიანი არსებობა ადასტურებს დაგროვებულ ნდობას მომხმარებლების მხრიდან. ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი კი, რომელიც მომხმარებლებთან გვაკავშირებს, სწორედ საბროკეროს გუნდია. ჩვენს რიგებში არიან პროფესიონალები, რომლებმაც ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება დააგროვეს და კარგად იცნობენ როგორც გლობალური, ისე ქართული კაპიტალის ბაზრის ტენდენციებს. მათ დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ქართული ბაზრის განვითარებაშიც.

ჩვენთვის მთავარია პროცესის თითოეულ ეტაპზე მომხმარებლის სწორი და დროული ინფორმირება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ კანონმდებლობის დონეზე გვაქვს მომხმარებლისა და კომპანიის აქტივების განცალკევების ვალდებულება, რაც გულისხმობს იმას, რომ მომხმარებელი არ ატარებს კომპანიის რისკს, მათ მფლობელობაში არსებული საერთაშორისო ფასიანი ქაღალდები კი განთავსებულია გლობალურ დეპოზიტარებში და მომხმარებელი არ ატარებს ქვეყნის რისკს. ამისთვის ვთანამშრომლობთ გლობალურ საინვესტიციო ბანკებთან და საბროკეროებთან და წვდომა გვაქვს მათ გამოცდილებასთან. ჩვენი მოვალეობაა, მომხმარებლებს გავაცნოთ ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისა და დანაზოგის განთავსების ალტერნატიული შესაძლებლობები. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია, დანაზოგების დივერსიფიცირება გააკეთოს როგორც დეპოზიტებში, ასევე ობლიგაციებში, აქციებში, ფონდებში და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში. კაპიტალის ბაზრებში ინვესტირებისას გასათვალისწინებელია ფასიანი ქაღალდების ფასების რისკიანობა და მერყეობა, თუმცა თანმიმდევრულ ინვესტირებას, თუნდაც ხელფასიდან მცირე ნაწილის გადადებითაც კი, გრძელ ვადაში საკმაოდ კარგი შედეგებისა და საინტერესო დანაზოგის შექმნა შეუძლია. მომხმარებლებს ამ ყველაფრის შესაძლებლობას ჩვენი გუნდი აძლევს.

საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა და ინვესტირება სწრაფად ცვალებად პროცესებთან ასოცირდება – როგორ ახერხებს Galt & Taggart ამ დინამიკაზე მიყოლას – სთავაზობს თუ არა იგი მომხმარებლებისთვის ინოვაციებს, რომლებიც ამ დარგში გლობალურად ინერგება?

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ადგილობრივ მომხმარებლებს ჰქონდეთ იმავე პროდუქტებსა და სერვისებზე წვდომა და ის პრივილეგიები, რითაც შესაძლოა,  დასავლებში მყოფი მომხმარებლები სარგებლობდნენ იქაური, ადგილობრივი საბროკეროების მხრიდან. ეს მიზანი კარგად გვაქვს გააზრებული და ამის მისაღწევად გლობალურ ტენდენციებს ვადევნებთ თვალყურს. ამ ტენდენციების შესწავლის შედეგია ის რომ, მაგალითად, აშშ-ის საფონდო ბირჟებზე გახანგრძლივებული სავაჭრო საათების ფუნქციონალი დავნერგეთ.

ინოვაციების მიმართ მიდრეკილება ჩვენს იდენტობაშია და ჩვენ მომავალშიც მომხმარებლის ინტერესებსა და მიზნებზე მორგებულ კიდევ არაერთ სიახლეს დავნერგავთ.

ვისაუბროთ ახალ ფუნქციონალზე – რამდენად მნიშვნელოვანია იგი ერთი მხრივ Galt& Taggart-ისთვის, მეორე მხრივ კი ინვესტორებისთვის – რა შესაძლებლობებს უხსნის მათ გახანგრძლივებული ვაჭრობის საათები?

ჩვენ ყოველთვის ამოვდივართ მომხმარებლის ინტერესებიდან, ვუსმენთ მათ უკუკავშირს და ვცდილობთ, მათი დაკვეთა სწორად და დროულად შევასრულოთ. ამ კონკრეტული ფუნქციონალის მეშვეობით, აშშ-ის საფონდო ბირჟების სტანდარტულ სავაჭრო საათებს ემატება ჯამში 3.5 საათი: ბირჟის გახსნამდე 2.5 საათი, ხოლო ბირჟის დახურვის შემდეგ – 1 საათი. ხაზს გავუსვამ, რომ ამერიკის ფინანსური ბირჟები ჩვენი დროით, სტანდარტულად 17:30-დან 12:00-მდე მუშაობს. ამ შესაძლებლობით, მომხმარებელს შეუძლია ვაჭრობის დაწყება 15:00-დან, ბირჟის გახსნამდე და 01:00-მდე ბირჟის დახურვის შემდეგ. ეს დიდი უპირატესობაა, რომელიც ბაზარზე მყისიერი რეაგირების საშუალებას იძლევა.

კომპანიების შედეგები ხშირად სტანდარტული სავაჭრო საათების დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ ცხადდება. ინფორმაციიდან გამომდინარე, კომპანიის აქციის ფასი შესაძლოა, გაიზარდოს ან შემცირდეს. ამ ფუნქციონალის მეშვეობით, მომხმარებელს მიეცემა საშუალება, იყიდოს ან გაყიდოს კომპანიის აქციები მანამ, სანამ სტანდარტული სავაჭრო საათები დაიწყება და მასიურად, ყველა ინვესტორი შეძლებს ვაჭრობას. შესაბამისად, მომხმარებელს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს მანამდე, სანამ მომატებული მოთხოვნა ან მიწოდება დამატებით სტიმულს მიცემს კომპანიის აქციის ფასის ზრდას ან შემცირებას.

როგორ შეაფასებდით ინვესტირებისადმი ინტერესს ქართულ ბაზარზე? არის თუ არა მზარდი დინამიკა ამ კუთხით?

ცალსახად ვხედავთ დადებით დინამიკას და ჩვენი აზრით, ეს შეუქცევად მიმართულებად ყალიბდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა ადგილობრივი ინვესტორების ინტერესი კორპორატიული ობლიგაციების მიმართაც, რაც ხაზს უსვამს მათ ნდობას ადგილობრივ კომპანიების და ადგილობრივი ეკონომიკის მიმართ. ვხედავთ ფასიანი ქაღალდების მიმართ ინტერესს მედიისგანაც, სადაც ამ საკითხის დაფარვა დღითიდღე იზრდება.

თუ სრულ სურათს შევხედავთ, მომხმარებელს სჭირდება, ჰქონდეს ინვესტირების საშუალება, ანუ წვდომა ადგილობრივ და გლობალურ კაპიტალის ბაზრებზე, მას სჭირდება, იცოდეს, სად და რაში უნდა მოახდინოს ინვესტირება, ანუ – იცნობდეს ფინანსურ პროდუქტებს და როდის მოახდინოს ინვესტირება. ჩვენ ყველა ამ საკითხზე პასუხს ვაწვდით მომხმარებლებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ჩვენს მიზანს – მომხმარებლის ინფორმირებულობას – წარმატებით ვართმევთ თავს.

რა არის Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების სამომავლო მიზნები – არის თუ არა გეგმაში სხვა ფუნქციონალების, სერვისების ან პროდუქტების დამატება?

ჩვენი მიზანია განვითარება, ახალი სერვისებისა და პროდუქტების დანერგვა და ამ მიზნის მიღწევაში გუნდის ყველა წევრი აქტიურადაა ჩართული. რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ მუშაობას სხვა ახალი, საინტერესო პროდუქტების და საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნაზე, რომლითაც მომხმარებლებს უფრო მეტი პირდაპირი სარგებლის მიღებაც შეეძლებათ.

Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ვებგვერდს Galtandtaggart.com ან გაიარეთ კონსულტაცია პირად ბროკერთან ამ ბმულის მეშვეობით.

S