ელექტრონული მოწყობილობების ამერიკულმა მწარმოებელმა, Apple-მა 2024 წლის ბოლო კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასული წლის ბოლო სამი თვის განმავლობაში Apple-ის შემოსავალმა ერთ აქციაზე $2.41 შეადგინა, ანალიტიკოსები კი $2.35-ს პროგნოზირებდნენ. კომპანიის შემოსავალმა 2024 წლის ბოლო კვარტალში პროგნოზირებულ $124.26 მილიარდზე მცირედით მეტი, $124.3 მილიარდი შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2021 წლის მეოთხე კვარტალის რეკორდულ მაჩვენებელსაც აღემატება.
მიუხედავად რეკორდული შემოსავლისა, კომპანიამ iPhone-ის გაყიდვებში პროგნოზირებული მოლოდინი ვერ გაამართლა. iPhone-ის გაყიდვებით მიღებულმა შემოსავალმა ნავარაუდევი $70.7 მილიარდის ნაცვლად $69.1 მილიარდი შეადგინა. სმარტფონების გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა ჩინეთში. Apple-მა ყველაზე დიდ ბაზარზე iPhone-ის გაყიდვებით წინა წელთან შედარებით 11%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო ($18.5 მილიარდი).
მთლიანობაში კომპანიის გაყიდვების 4%-ით, ხოლო წმინდა მოგების 10%-ით ზრდა ძირითადად Apple-ის მაღალი მარჟის მქონე პროდუქციით არის განპირობებული, რომელიც ციფრულ სერვისებსა და პროდუქტებს: App Store-ს, AppleCare-სა და Apple Music-ს აერთიანებს. აღნიშნულმა სერვისებმა 2024 წლის ბოლო კვარტალში კომპანიას რეკოდული, $26.3 მილიარდის შემოსავალი მოუტანა, რაც წინა წელთან შედარებით 14%-იან ზრდას წარმოადგენს.