იპოვე შენი "ქრონოგრაფი" - დრომწერი

იპოვე შენი "ქრონოგრაფი" - დრომწერი

მაღაზიის ვიტრინის წინ ვდგავარ და თვალწინ მიდგება პირველი კადრი ბლეიკ ედვარდსის მშვენიერი ფილმიდან “საუზმე ტიფანისთან”. დაჯერებამდე წარმოსახვითი კომპოზიცია “moon river”-ი ფონს მიქმნის და შუშისიქითა სამყაროში ვიკარგები. მერე თვალისმომჭელი ბრწყინვალება ერთ ადგილას მაჩერებს. უცბად ვფხიზლდები და ვხედავ, რომ Jaquet Droz- ის თეთრი ოქროს საათის ემალის ციფერბლატზე ზუსტად ის შენობაა გამოსახული, რომლის წინაც ვდგავარ. შუშისაქეთა სამყაროში ყველაფერი იცვლება, ხელში აღარც წარმოსახვითი კრუასანი მიჭირავს, აღაც ჭიქა ყავა, მით უმეტეს არც ოდრი ჰეპბერნი ვარ და არც ადგილია 60-იანი წლების ნიუ- იორკი. ეს თბილისია, თავისუფლების მოედანი, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი, ისტორიული შენობის პირველი სართული, შოპარის კუთხით და წარწერით – “ქრონოგრაფი”.

ამ პრემიუმ-სამყაროს გენერალური მენეჯერი მარი დაშნიანია, რომელიც უკვე მეცხრე წელია, LUXURY BRANDS MAN­AGER–ის რანგში მოღვაწეობს, თუმცა მისი საკუთარი დრომწერი ოთხი წლის წინ ჩაირთო, როცა კარიერულმა გზამ “ქრონოგრაფამდე” მიიყვანა.

დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს პროფესიით არასდროს უმუშავია. კარიერის დასაწყისი თავიდანვე გაყიდვებს დაუკავშირა. ძალები ბანკშიც მოსინჯა, სადაზღვევო სფეროშიც და სატრანსპორტო კომპანიაშიც. სამკაულების სამყარო “სვაროვსკით” დაიწყო. იყო “ტრუსარდისა” და “ვილეროი და ბოხის” ბრენდმენეჯერიც, ერთ ადგილას დიდხანს არ გაჩერებულა, მანამ სანამ თავისი ცხოვრება “ქრონოგრაფს” არ დაუკავშირა.

პროფესიულ არჩევანს შეცდომად არ მიიჩნევს, პირიქით, ამბობს, რომ დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები გაყიდვებში ყველაზე კარგად გამოადგა. ბავშვობიდან მიზანდასახულსა და აზარტულს ეს საქმე “გამოუვიდა”. “გაყიდვები იმდენად ჩემი აღმოჩნდა, რომ ყოველთვის ყველაფერი გამომდიოდა, ამიტომ, როცა გამოგდის და რაც გამოგდის, ის უნდა აკეთო და წარმატებაც გარდაუვალია”, – ამბობს მარი დაშნიანი და გაყიდვებში ცხრაწლიანი მოღვაწეობის ბოლო – მეოთხე წარმატებულ წელს “ქრონოგრაფში” ითვლის.

“სვაროვსკიში” მუშაობით ისედაც კმაყოფილმა, “ქრონოგრაფის” პირველ შეთავაზებაზე უარი თქვა. მხოლოდ ის, რომ საათებისა და სამკაულების მაღაზია იხსნებოდა, მარი დაშნიანისთვის დიდი ვერაფერი წინადადება იყო. გადამწყვეტი ახალბედა მაღაზიის მდებარეობა და მისი ბრენდ-პორტფოლიო აღმოჩნდა: “ერთი მხრივ, პრემიუმ-კლასის ბრენდებით და მეორე მხრივ იმით, რომ საკრებულოს ისტორიული შენობის პირველ სართულზე რამე იხსნებოდა, მივხვდი, თუ რასთან და რამდენად სერიოზულ კომპანიასთან მქონდა საქმე. რაღა თქმა უნდა, მივედი გასაუბრებაზე, გავიარე ბევრი ეტაპი და გავხდი “ქრონოგრაფის” გენერალური მენეჯერი და ახლა თავს ფანტასტიკურად ვგრძნობ. არსად წასვლაზე აღარ ვფიქრობ”.

არ მალავს, რომ თბილისში ლაქშერი ბრენდების გაყიდვების მართვა რთული საქმეა, თუმცა მთავარი სირთულე უკან ჩამოიტოვა. მარი დაშნიანისთვის ახლა მხოლოდ მოგონებაა ის, რაც “ქრონოგრაფში” მისვლის პირველ წელს საკუთარ თავზე გადაიტანა. ბრძოლა თვითდამკვიდრებისთვის, მომხმარებელთა უნდობლობა, გავრცელებული ხმები “ქრონოგრაფის” მიუწვდომლობაზე, არასტანდარტულ ფასებზე… იყო დრო, როცა მათი ბრენდების ორიგინალობასაც ეჭვქვეშ აყენებდნენ, მომხმარებლები მხოლოდ ტურისტები იყვნენ, თუმცა მარი დაშნიანის ძალისხმევამ ნდობა მოიტანა: “ერთი წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ მომხმარებელს ერწმუნა, რომ ჩვენი ფასი რეკომენდებული ევროპული ფასი იყო”.

ქრონოგრაფი – საათის მექანიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც დროის ათვლაში გვეხმარება. როცა სამუშაოდ მივიდა, მაშინ არც ამ სიტყვის მნიშვნელობა იცოდა და დიდად ვერც საათებთან მეგობრობდა. საათის ფასებზე მეუღლესთან მუდმივი კამათი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდა, რაც “ქრონოგრაფში” დაიწყო მუშაობა, საათი შეისწავლა და შეიყვარა: “გაირკვა, რომ საათების სფერო იმდენად საინტერესოა, თუ შეხვედი, ვეღარ გამოხვალ, არც ბოლო აქვს და არც დასასრული. ეს იმდენად აზარტულია, რომ სულ ცოტათი მაინც თუ გაქვს აზარტი, გამორიცხულია, არ შეგიყვარდეს”.

მხოლოდ შეყვარება საკმარისი რომ არ იქნებოდა, ეს მარი დაშნიანმაც იცოდა და “ქრონოგრაფმაც”. სიყვარული სწავლის გარეშე დროს ვერ გაუძლებდა. შვეიცარიაში WOSTEP SCHOOL-ში, პროფესიონალი მესათეებისთვის ორკვირიანი ტრენინგი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მარი დაშნიანს ახლა ნებისმიერი საათის დაშლა და გეომეტრიული სიზუსტით აწყობა შეძლებოდა. ისწავლა პრემიუმ-კლასის ბრენდების ექსკლუზიურობის საიდუმლოც და საფირონის ქვის მრავალი ფერიც, რომელიც მანამდე მხოლოდ ცისფერი ეგონა: “ქრონოგრაფმა” მომცა იმის საშუალება, რომ ეს ყველაფერი მესწავლა, მე დღემდე ვიზრდები სხვადასხვა კუთხით, დღემდე ვსწავლობ, ყველაფერში ვვითარდები. მე ვარ ერთი ჩვეულებრივი გენერალური მენეჯერი, რომელიც აბსოლუტურად ყველაფერში ერკვევა უკვე”.

მომხმარებლის კომფორტზე “ქრონოგრაფის” თვრამეტკაციანი გუნდი ზრუნავს. მათგან ოთხი – გაყიდვების კონსულტანტი – პირდაპირ კონტაქტზეა. შედიხარ “ქრონოგრაფში” და პირველი, რაც თვალში გხვდება, დახვეწილი ინტერიერი, მოღიმარი სახეები და საერთაშორისო ლაქშერი ბრენდების ბრწყინვალებაა. აქ ყველაფერმა იცის საკუთარი თავის ფასი, ყველამ ზუსტად იცის, რას ყიდის და, შესაბამისად, ყველა მომხმარებელმა ზუსტად იცის, რას ყიდულობს. “ქრონოგრაფი” სტერეოტიპებს ანგრევს. აქ სურვილების ასრულება 100 ლარიდან იწყება და ნახევარ მილიონს აჭარბებს. აქ მთავარი ერთია – ფასი ყოველთვის არ განსაზღვრავს ხარისხს – აქ განსხვავებული ღირებულების ნივთები ერთნაირად ხარისხიანი, გარანტირებული და ექსკლუზიურია: “ახლა ჩვენმა მომხმარებელმა ზუსტად იცის, რომ ჩვენი ნივთები უნიკალურია, ხარისხი კი გარანტირებული. წარმოდგენილი ნივთები აკმაყოფილებს ყველანაირ გემოვნებას, სტილს, ასაკსა და სტატუსს. “ქრონოგრაფში” აუცილებლად იპოვი იმას, რასაც ეძებ და რაც შენ გსურს”.

“ქრონოგრაფის” ბრენდ-პორტფოლიო სტაბილურად მზარდია. ახლა აქ 23 საერთაშორისო პრემიუმ-კლასის ისეთი ბრენდია წარმოდგენილი, როგორიცაა: Chopard, Breguet, Bovet, Zenit, Breitling, Jaquet Droz, Girar Perregaux, Buben&Zorweg, Erwin Sattler, Schoelffel, Marco Bicego, Rebecca, Kidou, Giovanni Ferraris. ზოგი მათგანი ტოპ-ხუთეულშია შესული. აქ, თბილისში, თავისუფლების მოედანზე, შეიძლება მსოფლიოში ერთადერთი და უნიკალური ნივთი იპოვო. აქ შეგიძლია 150 ლარად იყიდო ვერცხლის ძაფებით ნაქსოვი ულამაზესი სამკაული, 553 ათას ლარად კი Bovet-ს საათი. აქ ძვირფასთა შორის ძვირფასი სწორედ Bovet-ს საათია. თავიდან ბოლომდე ხელნაკეთი, კერეტონიზირებული, ტურბიონის მექანიზმით, ორი ციფერბლატით, კონვერტირებადი და მრავალფუნქციური… ამ საათს მომხმარებელი სურვილისამებრ, ხან მაჯაზე ირგეს, ხან ჯიბეში მალავს, ხანაც მაგიდაზე ათავსებს. მის სიზუსტეზე გავლენას დედამიწის გრავიტაციაც კი ვერ ახდენს. აქვეა რომან ჟერომის საათიც, რომლის კორპუსი ჩაძირული “ტიტანიკიდან” ანათალი მეტალითაა გაკეთებული. “ეს იმდენად სფეშელ-ნივთებია, რომ არ შეიძლება იყოს ყველასთვის, თუ შევხედავ ადამიანს და დავინახავ, რა საათი უკეთია, ჩემთვის მისი სტატუსი უკვე ნათელია, იმის მიუხედავად, რომ ჩვენი მომხმარებელი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულია, მე თავისუფლად შემიძლია ამოვიცნო მისი ხასიათიც და სტატუსიც”, – ამბობს მარი დაშნიანი.

პირველი რთული წლის შემდეგ კიდევ ერთი სერიოზული სირთულე ვალუტის კურსის ცვლილება აღმოჩნდა – “ქრონოგრაფის” გენერალური მენეჯერი გადაწყვეტილებას იღებს და ფასებს არ ცვლის. კომპანიისთვის არამოგებიანი გადაწყვეტილებით მოგებული მომხმარებელი დარჩა, “ქრონოგრაფმა” კი დამატებითი ნდობა მოიპოვა: “როდესაც ჩვენთან მომხმარებელი ნამყოფია, ნანახი აქვს კონკრეტული ნივთი და იცის მისი ღირებულება, თუნდაც მყარი არგუმენტით, მისი ფასი არ უნდა გაზარდო. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო მომხმარებელი დარჩენილიყო კმაყოფილი, ვიდრე მე მეტი მოგება დამრჩენოდა”.

მარი დაშნიანის გეგმები, საკუთართან ერთად, კომპანიის მუდმივ განვითარებას უკავშირდება. ბოლომდე ყველაფერს არ გვიმხელს, თუმცა გვპირდება, რომ “ქრონოგრაფი” მალე გაფართოვდება და შესაძლოა თბილისის ფარგლებსაც გასცდეს. პრემიუმ-კლასის ბრენდების მატება “ქრონოგრაფისთვის” დიდი ხანია, შეუქცევადი პროცესია და გენერალური მენეჯერი მომხმარებელს ამ მხრივ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება. და რაც მთავარია, “ქრონოგრაფს” რამდენიმე თვეში საკუთარი, ყველა ბრენდში სერტიფიცირებული, ადგილობრივი მესაათე ეყოლება, რასაც მარი დაშნიანი სერვისის გაუმჯობესებაში ჩადებულ უდიდეს ინვესტიციად აფასებს.

კომპანიის ფინანსური მომხიბლაობა კონფიდენციალური რჩება. მარი დაშნიანს კონკურენცია არ აშინებს, პირიქით, როგორც თავად ამბობს, აძლიერებს. დღეს მისთვის მთავარი კონკურენტი თბილისში სულ ორია. მაღაზია “ვენდომი” რუსთაველზე და ისტორიული “ალბატროსი”. ეს ორი მარი დაშნიანს მოდუნების საშუალებას არ აძლევს. “ჩვენ ჩვენი მხრიდან ვიბრძვით, რომ ვიყოთ პირველები. შეიძლება ხმამაღალი განაცხადია, მაგრამ ყოველთვის მექნება ამბიცია – ვიყო ბაზარზე პირველი”.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *