ირლანდიამ WhatsApp-ი რეკორდული თანხით, 225 მილიონი ევროთი დააჯარიმა

ირლანდიამ WhatsApp-ი რეკორდული თანხით, 225 მილიონი ევროთი დააჯარიმა

მას შემდეგ, რაც ევროკავშირის კონფიდენციალობის სამეთვალყურეო ორგანომ ირლანდიას მოუწოდა, ჯარიმა დაეკისრებინა Facebook-ის WhatApp-ისათვის  კონფიდენციალობის საკითხების დარღვევის გამო, ირლანდიის მონაცემთა დაცვის მარეგულირებელმა კომპანია რეკორდული თანხით, 266 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა.

WhatsApp-ის განცხადებით, ჯარიმის თანხა სრულიად არაპროპორციულია და კომპანია მას აუცილებლად გაასაჩივრებს, თუმცა ირლანდიის მარეგულირებლის მიერ დაკისრებული ჯარიმა მნიშვნელოვნად ნაკლებია ივლისში ლუქსემბურგის კონფიდენციალობის სააგენტოს მიერ „ამაზონისათვის“ დაკისრებულ 886.6 მილიონ ევროზე.

ირლანდიის მონაცემთა კონფიდენციალობის კომისარმა, ევროკავშირის ფარგლებში Facebook-ის მონაცემთა კონფიდენციალობის წამყვანმა მარეგულირებელმა ორგანომ, განაცხადა, რომ WhatsApp-ის წინააღმდეგ მიმდინარე საქმე ევროკავშირის 2018 წლის მონაცემთა გამჭვირვალობის შესახებ წესებთან შესაბამისობას ეხება.

ევროკავშირის კონფიდენციალობის სამეთვალყურეო ორგანომ, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საბჭომ, განაცხადა, რომ მან ივლისში ირლანდიის მარეგულირებელ სააგენტოს რამდენიმე მითითება მისცა იმის შესახებ, რომ მათ საკმაოდ დიდი დრო სჭირდებოდათ ტექნოლოგიურ გიგანტებთან დაკავშირებულ საქმეებში გადაწყვეტილების მისაღებად. გარდა ამისა, ევროკავშირმა ირლანდიურ მარეგულირებელს მიუთითა, რომ ისინი ტექგიგანტებს საკმარისად არ აჯარიმებდნენ რაიმე დარღვევის აღმოჩენისას.

ირლანდიურმა მარეგულირებელმა WhatsApp-ს მოუწოდა, ეტაპობრივად აღმოფხვრას ყველა მითითებული პრობლემა და თანდათან დაუახლოვდეს 2018 წლის ევროკავშირის მონაცემთა გამჭვირვალობის შესახებ წესებს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *