ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლით ირლანდიამ ევროზონის საშუალო მაჩვენებელს მიმდინარე წლის მეორე კვარტალშიც გადაუსწრო, – ამის შესახებ CNBC წერს. ირლანდიის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ქვეყნის ეკონომიკა 1.8%-ით გაიზარდა, მაშინ როცა ევროზონის მშპ-მ საშუალოდ მხოლოდ 0.8%-ით იმატა.
ირლანდიის ეკონომიკური ზრდა, რომელიც საგრძნობლად ჩამორჩება პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 6.3%-იან მაჩვენებელს, მომხმარებლებისა და ბიზნესების მიერ გაზრდილმა დანახარჯებმა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 2.1%-ით გაიზარდა ირლანდიის მთლიანი ეროვნული პროდუქტის მაჩვენებელიც.
ანალიტიკოსების შეფასებით, ევროზონაში ბიზნესის აქტივობის მაჩვენებლის შემცირება ბლოკის წევრი სახელმწიფოების რეცესიაში შესვლაზე მიუთითებს, თანაც იმაზე ადრე, ვიდრე ეს ნავარაუდევია. მსგავსი მდგომარეობაა გაერთიანებულ სამეფოშიც, რომლის ეკონომიკა მიმდინარე წლის პირველ და მეორე კვარტლებს შორის 0.1%-ით შემცირდა.
თუმცა, ეკონომიკის ზრდის მიუხედავად, ირლანდიაში მნიშვნელოვანი პრობლემებიც შეინიშნება, განსაკუთრებით ცხოვრების ხარჯების მატებისა და ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით. ამასთანავე, ირლანდიაში 8.9%-იანი ინფლაციაა, რომელიც მცირედით ჩამორჩება ზოგადად ევროზონაში დაფიქსირებულ 9.1%-იან მაჩვენებელს.
ამ ყველაფრის ფონზე, ანალიტიკოსები ირლანდიაში ცხოვრების გართულებას პროგნოზირებენ, რაც დიდწილად ქვეყანაში ელექტროენერგიისა და გაზის გადასახადების ზრდითაა განპირობებული. ცნობისთვის გეტყვით, რომ პირველი ოქტომბრიდან, ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასი 26.7%-ით, ხოლო ბუნებრივი აირისა – 36.5%-ით გაიზრდება. ამასთანავე, ირლანდიაში ევროპული ენერგოკრიზისისა და პოტენციურად ცივი ზამთრის ნიშნებიც შეინიშნება, მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიის გაზის იმპორტის 75% გაერთიანებულ სამეფოზე მოდის.