ISET წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 7.1%–იან ზრდას პროგნოზირებს

ISET წლის მესამე კვარტალში ეკონომიკის 7.1%–იან ზრდას პროგნოზირებს

ISET–მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს გადახედა. კვლევითი ინსტიტუტის მონაცემემით, წლის მესამე კვარტალში მშპ–ს 7.1%–იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც 0.4%–ით ჩამოუვარდება წინა პროგნოზს.

რაც შეეხება წლის მეოთხე კვარტალს, ISET-ის წინასწარი პროგნოზით წლის ბოლო სამ თვეში ქვეყნის მშპ–ს ზრდის ტემპი 5.5% იქნება.

ჯამში, 2019 წელს ISET ელის, რომ საქართველოს ეკონომიკა 5.5%–ით გაიზრდება.

კვლევის მიხედვით, წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეგიონის ქვეყნებში ეკონომიკური გამოცოცხლება შეინიშნებოდა. ასე მაგალითად მშპ–ს ზრდის ტემპი 6.6% იყო სომხეთში, რუსეთში 1.4%, ხოლო ყაზახეთში კი 3.4%. აზერბაიჯანის ეკონომიკა წლის პირველ ნახევარში 2.4%–ით გაიზარდა.

2019 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 11 026.3 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 4.5 პროცენტით განისაზღვრა.

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი (17.9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (16.9 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (14.1 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება (11.5 პროცენტი), კავშირგაბმულობა (10.8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (9.3 პროცენტი), ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (7.4 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (5.2 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (4.3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (3.0 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა-მეთევზეობა (2.1 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა განათლებაში (-7.9 პროცენტი), სამთომოპოვებით მრეწველობაში (-7.7 პროცენტი), მშენებლობაში (-4.6 პროცენტი), დამამუშავებელ მრეწველობაში (-4.5 პროცენტი).