ექსტრემისტული ორგანიზაციის მიერ ტელეგრამის საშუალებით გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ისლამური სახელმწიფოს ლიდერი აბუ ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-კურაიში მოკლეს. ლიდერის სიკვდილმა დაჯგუფებაში ხელმძღვანელის ცვლილება გამოიწვია.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მისი სადაზვერვო ძალების მიერ ექსტრემისტული ძალების ლიდერის მოკვლის შესახებ ჯერ კიდევ აპრილში განაცხადა. თუმცა, ისლამური სახელმწიფოს მტკიცებით, ალ-კურაიში სირიის ისლამისტური მეამბოხე ჯგუფის Hayat Tahrir al-Sham-ის წევრებმა იდლიბის პროვინციაში მოკლეს.
ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენლის ინფორმაციით, დაჯგუფების ახალი ლიდერი აბუ ჰაფს ალ-ჰაშემი ალ-კურაიში იქნება. ცნობისთვის, ალ-კურეიში ისლამური სახელმწიფოს ლიდერების დაბადების სახელი არაა და მას წევრები, წინასწარმეტყველ მუჰამედის ტომ, კურაიშის პატივსაცემად იღებენ.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ისლამურმა სახელმწიფომ სირიის მესამედი და ერაყის 40% დაიპყრო და ტერიტორია, მის „ხალიფატად“ გამოაცხადა. დაჯგუფება ერაყიდან 2017 წელს, ხოლო სირიიდან 2019 წელს გააძევეს, თუმცა შეფარული ჯგუფების საშუალებით მისი წევრები რეგიონზე თავდასხმებს კვლავ ახორციელებენ.
Al Jazeera-ს ცნობით, აბუ ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-კურაიში, 2014 წელს, ჯგუფის დაარსების შემდეგ, რიგით მეოთხე გარდაცვლილი ლიდერია. მისი წინამორბედი ნოემბერში, ხოლო მასზე ადრეული ლიდერი ამერიკელმა ძალებმა 2022 წლის თებერვალში მოკლეს. ჯგუფის დამფუძნებელი ალ-ბაღდადი აშშ-ის ძალებმა 2019 წლის ოქტომბერში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მოკლეს.