ისრაელი და „ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელი და „ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ისრაელის მთავრობა და „ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ Reuters-ს ოფიციალურმა პირმა განუცხადა, რომლის ვინაობა უცნობია.

მხარეებმა 15-თვიანი ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით მიაღწიეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეთანხმების მიხედვით, რომელიც ჯერ ოფიციალურად არ არის გამოცხადებული, „ჰამასი“ და მისი მოკავშირე ჯგუფები, სავარაუდოდ, 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმების დროს ისრაელიდან გატაცებულ 33 მძევალს გაათავისუფლებენ. სანაცვლოდ, ისრაელი მათ ასობით პალესტინელ პატიმარს გადასცემს.

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის დროს დაახლოებით 1,200 ადამიანი დაიღუპა, ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა, დაახლოებით 250 ადამიანი კი დაატყვევეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ომს 46,000 პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 109,000-ზე მეტი კი დაიჭრა.