იტალიის სანაპიროებიდან ქვიშის წაღების გამო ტურისტი 1000 ევროთი დააჯარიმეს. ამის შესახებ CNN წერს. გამოცემის ცნობით, ფრანგი ტურისტი სარდინიიდან მიფრინავდა, როდესაც მას ბარგში ბოთლში ჩაყრილი ქვიშა აღმოუჩინეს.
ცნობისთვის, იტალიის კუნძულ სარდინიაზე თეთრი ქვიშა დაცულია და ნებისმიერ ადამიანს, ვინც მის წაღებას შეეცდება, ჯარიმა ელის. აღნიშნული რეგულაცია 2017 წლიდან არსებობს. ჯარიმა 500-დან 3000 ევრომდე მერყეობს.
“ქვიშით სავსე ბოთლის კონფისკაცია განხორციელდა. წლის ბოლოს, როგორც წესი, ჩვენ ქვიშით სავსე ბევრი მსგავსი ბოთლი გვიგროვდება“, – აღნიშნა კუნძულის რეინჯერის სამსახურის პრესსპიკერმა. მისივე თქმით, ხშირია ქვიშის წაღების მცდელობის ფაქტი, ვინაიდან ტურისტებს მოსწონთ ფერადი ქვიშა.
“გასულ წელს ჩვენ ერთ-ერთ ვებგვერდზეც კი აღმოვაჩინეთ ქვიშა, რომელიც როგორც სუვენირი, იყიდებოდა“, – დასძინა მან.